თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალში ლიგა 2-ის ტურს უმასპინძლა
თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალში ლიგა 2-ის ტურს უმასპინძლა
03.04.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020-21 წლების სეზონის VI ტურის შეხვედრები გაიმართა. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ევროპის უნივერსიტეტი და თსუ-2 დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი" თსუ-ს გამარჯვებით 3-1 დასრულდა, გუნდები კი, სატურნირო ცხრილში ერთმანეთს გაუთანაბრდნენ.


შეხვედრაში ანგარიში ბექა მურღულმა მე-15 წუთზე გახსნა. ტაიმის დასრულებამდე შალვა ცხადაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი საბა გოგოლაძის ანგარიშზეა. EU-ს მხრიდან ერთადერთი ბურთი, კარლო წვერავამ გაქვითა.


ბექა მურღული, თსუ 2: „მეტოქემ დღეს თავი კარგად წარმოაჩინა. სეზონის სტარტთან შედარებით, თამაშის ხარისხი ბევრად გავაუმჯობესეთ. ვარჯიშების წყალობით, შეხვედრის განმავლობაში ჩვენი მომენტების რეალიზებას უფრო მეტად ვახერხებთ, რის შედეგადაც ზედიზედ მესამე თამაშია ვიგებთ. დაცვაში კარგად ვიდექით, მაგრამ ის ერთი გოლი უპირატესობით შეტევისას გაგვიტანეს. ამ კომპონენტზე ჯერაც სამუშაო გვაქვს. პლეიოფში შესასვლელად დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ".


დღის სხვა შეხვედრებში, არმია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, ქუთაისის მართვე კი, საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა.


***

არმია და სატურნირო ცხრილის ლიდერ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა. დაძაბულ შეხვედრაში, მეორე ტაიმის სტარტამდე უპირატესობა გარდამავალი იყო, მაგრამ „ძალოვნებმა" წინ გასვლა და მატჩის მოგება შეძლეს, ანგარიშით 8-3. ამ შედეგით, ბათუმის აკადემიამ პირველი მარცხი იწვნია.


შეხვედრაში ანგარიში ნიკა მოისწრაფიშვილმა გახსნა და ბსსა დააწინაურა. მეთვრამეტე წუთზე არმიამ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში „მეზღვაურები" კვლავ წინ გავიდნენ, მაგრამ „ძალოვნებმა" ანგარიში გაათანაბრეს და სხვაობაც სოლიდურად გაზარდეს. მათი რიგებიდან ორ-ორი ბურთი ბაკურ ნანეიშვილის, შმაგი ჭოხონელიძისა და ლაშა ფოფხაძის ანგარიშზეა. ბათუმის აკადემიის მხრიდან ორი ბურთი რეზო მალაყმაძემ გაქვითა.


ლაშა ფოფხაძე, არმია: „ძალიან სანახაობრივი და კარგი შეხვედრა იყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. თავდაპირველად ცოტა დაძაბულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ უფრო თავისუფლად დავიწყეთ თამაში. ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე მოვიგეთ. ძალიან გვჭირდებოდა ეს გამარჯვება. ბათუმის აკადემია სატურნირო ცხრილის ლიდერია და ესეც მათზე ბევრს მეტყველებს. ბევრი მომენტი ჰქონდათ, რომელიც ვერ გამოიყენეს, რაშიც ჩვენმა მეკარემ დიდი როლი ითამაშა".


***


VI ტურის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისის მართვე საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება. „ქუთათურებმა" შემადგენლობაში დანაკლისის მიუხედავად მეტოქის დამარცხება შეძლეს და UG-სთან 6-4 იმარჯვეს.


„სტუდენტებმა" მატჩში ანგარიში სამჯერ გაათანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხეს. მართვეს რიგებიდან ირაკლი გვეტაძის ანგარიშზე 4 გოლია. დუბლი გაიფორმა კობა კუბლაშვილმა. ნიკა გაბეხაძემ ორი ბურთის გაქვითვა შეძლო.


საქართველოს უნივერსიტეტს მიმდინარე სეზონში კვლავ ერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციაზეა. რაც შეეხებათ „ქუთათურებს" მათ 9 ქულა აქვთ და ოთხეულში არმიას გაუთანაბრდნენ.


ფუტსალის ლიგა 2-ის VII ტურის მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 აპრილს გაიმართება. თსუ 2 ქუთაისის მართვეს გაეჯიბრება, ილიაუნი 2 ევროპის უნივერსიტეტს ეთამაშება, ბსსა გორს დაუპირისპირდება, საქართველოს უნივერსიტეტი კი არმიას შეხვდება.



Sbm.ge  ფოტო