თბილისი საჭადრაკო მსოფლიო თასისთვის ემზადება
თბილისი საჭადრაკო მსოფლიო თასისთვის ემზადება
27.07.2017
ავტორი:

დღეს სასტუმრო ბილტმორში ჭადრაკის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, "სოკარის" პრეზიდენტი მაჰირ მამედოვი და 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდიამ განაცხადა, რომ თბილისი საჭადრაკო ტურნირს ამ მაშტაბით პირველად უმასპინძლებს.
"თბილისი საჭადრაკო ტურნირში ყველაზე მსხვილმაშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ეს არის მსოფლიო თასის გათამაშება და მე მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ყველა მონაწილეს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ. Chek in Georgia  სპორტის ფარგლებში, რომელიც 2017 წელს პირველად დაიგეგმა. ეს არის ერთ-ერთი მეგა ღონისძიება. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ათ მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირს და შესაბამისად ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიოს მაშტაბით. საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტის რუკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებაც იქნება ერთ-ერთი გამორჩეული", - განაცხადა ლოდიამ.
კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, რომელმაც ქართველო მოჭადრაკეები წარადგინა.
"საქართველო არის საჭადრაკო ქვეყანა და ეს ჩვენ ქართველებმა ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ ჭადრაკის ცხოვრების ცენტრად. წელს გაიმართება მსოფლიო თასი, მომავალ წელს გაიმართება მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა. მინდა ფედერაციის სახელით ვთქვა, რომ ყველა სადაო საკითხი არის მოგვარებული და ჩვენ მზად ვართ რომ ვუმასპონძლოთ ამ ღონისძიებას მაღალ დონეზე.
რაც შეეხება ჩვენს მოჭადრაკეებს, ესენი არიან მამაკაცთა ჭადრაკის უპირობო ვარსკვლავი ბაადურ ჯობავა, რომელიც ძალიან ხშირად გვახარებს თავისი მაღალი შედეგებით. ასევე ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი. ამ ბიჭებსაც არაერთხელ უბრძოლიათ საქართველოს სახელით. და ევროპის ქართველ ჩემპიონს, ნანა ძაგნიძეს, რომელმაც ისტორიული შედეგი დადო წელს და ჩვენ არ შეგვეძლო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ქალს არ დაგვეპირისპირებინა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქალი. იმედი მაქვს რომ მათი ყურება ყველასათვის სასიამოვნო იქნება", - თქვა გიორგაძემ
ჭადრაკის რიგით IX მსოფლიო თასის გათამაშებას 2-დან 28 სექტემბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს. ასპარეზობაში მონაწილეობას კი 48 ქვეყნის 128 მონაწილე მიიღებს.
საქართველოს სახელით მსოფლიო თასის გათამაშებაზე 4 ქართველი იასპარეზებს: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე.