
გუდაურში, 4 აპრილს White Rabbit Parks-ში თავისუფალი სტილით სრიალის ერთ-ერთი სახეობის, ბიგ ეარის შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობაში 13-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის სათხილამურო შეჯიბრში 6-მა, სნოუბორდში კი 7-მა მონაწილემ ისპარეზა.
ბიგ ეარის ჩემპიონატში მონაწილეები ილეთის შესრულების სიზუსტითა და ნახტომის სიმაღლით შეფასდნენ. თითოეულ სპორტსმენს სამი ცდა ჰქონდა. გამარჯვებულები, ორი მცდელობისას მიღებული ქულების დაჯამებით გამოვლინდნენ.
სათხილამურო შეჯიბრში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის ნაკრების წევრმა, ლუკა მახვილაძემ, საუკეთესო ცდების ქულების ჯამური შედეგით (40 ქულით) პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ბექა ბურდული (34.5 ქულით), მესამეზე კი ნაკრების კიდევ ერთი წევრი რეზი ბურდული (31.5 ქულით) გავიდა.
სნოუბორდის შეჯიბრში ფრისტაილის ნაკრების სპორტსმენმა, ჯაბა სხვედიანმა (48.5 ქულით) პირველი ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე სპორტსმენი გუგა დვალი (40 ქულით), მესამე ადგილზე კი ბაქარ მუშკუდიანი (25 ქულით) გავიდა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფოტო





ჩვენ








