მე-7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში სტატუს-კვო შენარჩუნდა
მე-7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში სტატუს-კვო შენარჩუნდა
08.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისია". თბილისელებმა, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურა" 0-2 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა, მატჩის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. უკვე მესამე თამაშია, თბილისელები უამრავ საგოლე მომენტებს ანიავებენ. ალბათ, უახლოესი შეხვედრებისთვის გიორგი ნემსაძე სწორედ ამ ელემენტზე გააკეთებს აქცენტებს დიღმის ბაზაზე ვარჯიშების დროს, ვინაიდან, დინამოელთა მთავარ მწვრთნელს, ზესტაფონში, მეოთხე მსაჯის მითითებით, შეხვედრის არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. ეს ნემსაძისთვის ამ სეზონში მეორე გაძევებაა და შესაბამისად, უახლოესი მატჩები, „დინამო თბილისს" კვლავ მის გარეშე მოუწევს თამაში.


რაც შეეხევა „შუქურასა" და „დინამო თბილისის" ზესტაფონურ შეხვედრას, მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად სტუმართა უპირატესობით წარიმართა. თუმცა, იყო ერთი მომენტი, როგორც მატჩის შემდეგ იტყვის დინამოელთა მეკარე როინ კვასხვაძე, მისთვის სრულიად მოულოდნელი ტრაექტორიით წასული, შეცვლაზე შესული გიორგი ჩელებაძის დარტყმული ბურთი, რომელიც დინამოელმა ზედ ხარიხასთან, კუთხურზე მოიგერია.


სხვათა შორის, აჭარული კლუბის ხელმძღვანელობა, პირველი ტაიმის შემდეგ, მსაჯებთან „საქმის გარკვევას" შეეცადნენ, „დინამოს კარში" ვითომდა არდანიშნული 11-მეტრიაის გამო (თუმცა, ბუნებრივია, რომ მე-7 ტურში მათ არ ახსოვდათ, ამავე მსაჯის მიერ, მე-4 ტურში, მათ კარში „ლოკომოტივის" მიერ გატანილი 2 გოლი, რომელიც ჩვენი აზრით, ჩასათვლელი იყო). ბუნებრივია, „შუქურას" ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, უხეშად და უხამსი სიტყვებით (რიგ მომენტებში მუქარითა და შანტაჟით) ცდილობდნენ მსაჯთა ბრიგადის „აზროვნება" შეეცვალათ, თუმცა, მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანი მაინც დაინიშნა. უბრალოდ, სატირული კურიოზივით კი მოხდა, თავდაპირველად, დინამოელთა ახლაგაზრდა ფეხბურთელის ლუკა გაგნიძის დარტყმული ხელზე ხვდება „შუქურას" მცველს გიორგი რეხვიაშვილს (თუმცა, მსაჯი თვლის, რომ ეს მომეტი არ ღირს 11-მეტრიანის დანიშვნის საბაბად), მომენტი კი სრულდება გიორგი გაბედავას მოცელვით საჯარიმოში (აი, აქ კი, მსაჯები უკვე იძულებულნი იყვნენ პენალტი დაედოთ). „გადაზღვეული" პენალტი, გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა, ანგარიში, 65-ე წუთზე გაიხსნა. 84-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე ახვლედიანმა, ასევე შეცვლაზე შემოსული გიორგი კუციას გადაცემის შემდეგ, ანგარიში, ორამდე გზარდა.


***


ამ დღეს, „დინამო არენაზე" თბილისის „ლოკომოტივი"  წყალტუბოს „სამგურალთან" დამარცხდა. ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში, გოლები მხოლოდ პირველ ტაიმში გავიდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრმა სერგო კუხიანიძე, ანგარიში გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ, თბილისური კლუბისთვის მოულოდნელად მე-9 წუთზე გახსნა.  კიდევ 6 წუთში, წყალტუბოელები, უკვე 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ამჯერად კუხიანიძის გადაცემით გოლი შალვა ბურჯანაძემ გაიტანა. „ლოკომოტივმა", იმერული „შხაპის" შემდეგ, 5 წუთში გონზე მოსვლა მოახერხა. იმრანის ჩაწოდებული სტანდარტული, გურამ კაშიამ თავით გადააგზავნა მაქსიმე ქვილითაიას კარში. ალბათ, აქ, უფრო გამოცდილ „ლოკოს" თამაშში საბოლოოდ დაბრუნება უნდა მოეხერხებინა, თუმცა, სტუმრებმა, 7 წუთში, კვლავ აღადგინეს 2-ბურთიანი უპირატესობა. პაპუნა ფონიავას გოლის შემდეგ, ტაბლოზე სრულიად მოულოდნელი შედეგი 1-3 იყო მინიშნებული. ამ შეხვედრაში ბოლო, მე-5 გოლი, პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. თორნიკე კირკიტაძემ, „სამგურალს" მეორე გოლი გაუტანა და მეორე ტაიმის მოლოდინში, „ლოკოს" მატჩის გადარჩენის შანსი დაუტოვა, თუმცა, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ამ დღეს, 3 ქულა გაანიავა. მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა. „სამგურალმა" მიმდინარე ჩეპიონატში პირველი თამაში მოიგო, 2-3.


***


11 ყვითელი ბარათი, რომელთაგან ერთი ავტომატურად გაწითლდა და მხოლოდ 3 გოლი. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის „დილამ", ელიგაში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. გორელებმა, შეხვედრა კაცნაკლულებმა დაასრულეს. ამას გოგა კიკაჩეიშვილის მიერ მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანი დაემატა, რომელიც 85-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გაიტანა და „საბურთალოს" გამარჯვება მოუტანა, 1-2. თუმცა, მანამდე, გუნდებმა პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში, გოლები გაცვალეს. ანგარიში შოთა ნონიკაშვილის გადაცემის შემდეგ, იური ტაბატაძემ გახსნა, 41-ე წუთზე და „საბურთალო" დააწინაურა. 53-ე წუთზე კი, თორნიკე კაპანაძის გადაცემის შემდეგ, ირაკლი ბიძინაშვილმა გათანაბრება მოახერხა.


***


ანგარიშით 1-2 დასრულდა შეხვედრა თელავშიც. მიუხედავად იმისა, რომ „თელავისა" და ბათუმის „დინამოს" დაპირისპირებაში ანგარიში აჭარული გუნდის სასარგებლოდ დაფიქსირა, მატჩის ტექნიკური ოქმის მიხედვით, ბურთის ფლობის უპირატესობა 53%/47%-თან იყო კახელების სასარგებლოდ. ერთია, რომ „დინამომ" ბევრჯერ დაურტყა და გიორგი ჩოჩიშვილსაც, ბევრჯერ მოუხდა, საკუთარი კარის ხსნა. თუმცა, 2 მომენტში, 58-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის და ამ მომენტიდან,  ორ წუთში, სანდრო ალთუნაშვილის დარტყმულებს ვერაფერი მოუხერხა. თელაველებმა ზედიზედ გაშვებული ორი გოლის შემდეგ, მოახერხეს ერთის გაქვითვა (რატი არდაზიშვილმა) თუმცა, თუ არ ჩავთვლით მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წამებზე ლაზარე კუპატაძის კართან ჩაქროლებულ ბურთს, მეტი საინტერესო „ბათუმელთა" საჯარიმოში არაფერი აღარ მომხდარა.


***


მე-7 ტური კი, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე დაიწყო. მთავარი იმერული დერბი, „სამტრედიასა" და ქუთაისის „ტორპედოს" შორის ფრედ, 0-0 დასრულდა. როგორც ჩანს, გია ცეცაძემ, რომლის გუნდმაც, ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშებისთვის ყველაზე ბოლომ დაიწყო მზადება, ნელ-ნელა „დალაგება" მოახერხა და ბოლო 2 ტურში 4 ქულაც აიღო. მიუხედავად ამისა, „სამტრედია" 7 ტურის შემდეგ, 4 ქულით ბოლო ადგილზეა და მე-8 ტურში, თბილისში, „დინამო არენაზე", „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება.



მე-8 ტურის კალენდარი

სატურნირო ცხრილი