
საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატიდან ნახევარ ნაბიჯშია. ჩვენი ნაკრების იღბალი ახლა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა ტურის დარჩენილ თამაშებზე და ბოლო სათამაშო დღეზეა დამოკიდებული, რომელშიც ჩვენი ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნაკრები რუსეთთან გამარჯვებას მოახერხებს, ის როგორც საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გუნდი, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის ლიდერი იქნება და ავტომატურად გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალში. რუსეთთან ფრეს შემთხვევაში კი, ჩვენებს საუკეთესო მეორე ადგილოსან გუნდებს შორის ექვსეულში მოხვედრა დასჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, მე-7 და მე-8 შედეგის მეორეადგილოსანთა ბოლო საგზურის მოპოვება დამატებით ფლეი-ოფში მოუწევთ.
იმ მომენტში, როდესაც თბილისში, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი დასრულდა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფებში, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა შეხვედრები და მეორეადგილოსნებს, შემდეგი პოზიციები ეკავათ:
1 ჯგუფი: უკრაინა - 9 ქულა
2 ჯგუფი: საქართველო - 10 ქულა
3 ჯგუფი: სლოვაკეთი / მოლდოვა - 8 ქულა
4 ჯგუფი: სერბეთი - 6 ქულა (თამაში ახალი დაწყებული იყო და სერბეთს შეეძლო ჩვენს გეგმებში ჩარევა)
5 ჯგუფი: უნგრეთი - 6 ქულა
6 ჯგუფი: სლოვენია - 9 ქულა
7 ჯგუფი: ბელგია - 7 ქულა
8 ჯგუფი: ჩეხეთი / პოლონეთი - 7 ქულა (ამ ჯგუფში გუნდებს ერთმანეთში 2-2 შეხვედრა დარჩათ გასამართი)
თბილისში კი, მატჩი ჩვენთვის მოულოდნელად ფრანგების აქტიურობით დაიწყო და პირველი გოლიც საკმაოდ მალე მატჩის დაწყებიდან 2''33'' წუთზე გაგვიტანეს. თუმცა, კიდევ ორ წუთში, 5''14'' წუთზე თალესმა საჯარიმოდან, ფრანგებს ანგარიში გაუთანაბრა. ზუსტად 15 წამში კი, რონინიომ ჩვენი ნაკრები წინ გაიყვანა. ამ შეხვედრაში, ფრანგებმა, კიდევ ერთხელ მოახერხეს გოლის გატანა და 12''25'' ანგარიში გაგვითანაბრეს. თუმცა, ტაიმი ავთანდილ ასათიანის გუნდის აქტიურობით დასრულდა. მატჩის ამ მონაკვეთის დასრულებამდე 6 წამით ადრე, თალესმა დუბლი გაიფორმა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3-2 მოიგო. ამ შედეგით დასრულდა საბოლოოდ მატჩიც. მეორე ტაიმში, ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობაც.
ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, პოდმოსკოვიეში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ, ევრო 2022-ის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას გამართავს.
სპორტის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








