
იყრის კენჭს თუ არა, მოხსნის საკუთარ კანდიდატურას თუ არა, გაიმარჯვებს თუ არა, საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ორშაბათს, 2017 წლის 11 დეკემბერს გაიმართება, ლეგიტიმური იქნება, - მიაჩნია შიო ხეცურიანს, რომელიც ამ არჩევნებში ორიდან ერთ-ერთი კანდიდატია.
„წინასაარჩევნოდ ატმოსფერო დაძაბული და უსამართლოა. ამის შესახებ, არაერთხელ მისაუბრია და ამაში, წვლილი ფედერაციის არსებულ ხელმძღვანელობას მიუძღვის. ისინი მზად არიან, გამოიყენონ ყველა საშუალება, რათა მათ მიერ, არაოფიციალურად წარმოდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ამ მიზნით, ბოლო რამდენიმე თვეა, ფედერაცია რეგიონებში მემორანდუმებს აფორმებს. ფედერაცია, ამას, თავისი მმართველობის 3 წლისა და 10 თვის შემდეგ აკეთებს. ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ, მსგავსი მემორანდუმის გაფორმება, ფაქტობრივად, ამომრჩევლების, იმ დელეგატების მოსყიდვაა, რომლებმაც არჩევნებზე ხმა უნდა მისცენ", - ამბობს შიო ხეცურიანი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩევნებამდე 3 დღით ადრე მედიასთან მორიგი შეხვედრაზე, „პრაიმ- ტაიმის" მედია სივრცეში.
ერთ-ერთი ასეთი მემორანდუმი კალათბურთის ფედერაციამ 2017 წლის 1 ნოემბერს გააფორმა შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრთან. ამ დოკუმენტის მიხედვით, კალათბურთის ფედერაცია 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად რეგიონს 20000-20000 ლარს ჩაურიცხავს, რაც მემორანდუმის პირობების მიხედვით, ბავშვთა კალათბურთის განვითარებას უნდა მოხმარდეს. თუმცა, ამ თანხიდან 30% ადმინისტრაციული ხარჯისთვისაცაა გათვლილი.
„ცოტა ხნის წინ, ფედერაციამ, მისმა პრეზიდენტმა, გააჟღერა, რომ შიდა ქართლში საკალათბურთო ტურნირი ჩატარდა. ტურნირი ჩატარდა, მაგრამ მისი გამარჯვებულებისთვის არ მოიძებნა 120 ლარიც კი, რომ მოზარდებისთვის, სიმბოლურად მედლები და დიპლომები გადაეცათ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ყველა, ვინც შიდა ქართლში კალათბურთში იყო დასაქმებული, იტყვის, რომ ფედერაციასთან არ იყო არანაირი კომუნიკაცია. მიუმართავთ დახმარებისთვის, მაგრამ არ იყო გვერდში დგომა", - ამბობს ზვიად ბაბიაშვილი, შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ახლადარჩეული ხელმძღვანელი.
„ჩვენდა საბედნიეროდ, შიდა ქართლში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და ზვიად ბაბიაშავილი, რომელიც დღეს ჩემთან ერთად არის ამ ბრიფინგზე, აღნიშნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად აირჩა. მას ეს მემორანდუმი წინა ხელმძღვანელობამ გადასცა. ეს არის ნათელი დასტური, თუ რა ხერხებით იბრძვიან მომავალი არჩევნების მოსაგებად. რამდენად ზნეობრივია, როდესაც ამდენი წელი ფედერაციის სათავეში იმყოფები და მსგავსი მემორანდუმების გაფორმებას 3 წლისა და 10 თვის შემდეგ იწყებ? სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მემორანდუმებში, როგორც წესი არ იწერება თანხა (რადგან არაა ხელშეკრულება). მემორანდუმი, ურთიერთობის პრინციპებზეა აგებული. თუ ფედერაცია, აქამდეც თანამშრომლობდა რეგიონებთან, აქამდე, რა სახით ახერხებდა ამას? რატომ დასჭირდათ, მმართველობის მე-4 წელს, მსგავსი დოკუმენტის გაფორმება? არჩევნების წინ კი ფედერაციის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის პირდაპირი მოსყიდვა", - ამბობს შიო ხეცურიანი.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, შიო ხეცურიანმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყველა ღონეს ხმარობს არჩევნების გასაყალბებლად. ამის თქმის საფუძვლად კი პრეზიდენტობის კანდიდატმა შემდეგი გარემოებები დაასახელა:
- „კალათბურთის ფედერაცია ცდილობს არჩევნები გააყალბოს. ისინი თითქმის ყველაფერს დარღვევით აკეთებენ. ჩვენმა იურისტებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, რომ ფედერაციას გაესაჯაროებინა ხარჯები, მაგრამ ამაოდ - პასუხი ვერ მივიღეთ;
- „წელს შეიქმნა საქართველოს კალათბურთელთა გაერთიანება, რომელშიც 64 მოთამაშეა. გაერთიანებას სურდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ფედერაციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. ეს ნიშნავს, რომ კალათბურთელებს ჩამოართვეს გამოხატვის უფლება";
- „კოტე ტუღუში დაითხოვეს ნაკრებიდან და ეს არაა სამართლიანი. "ქუთაისმა" კი თასის ფინალში გასვლისთვის კუთვნილი 50 ათასი ლარი ვერ მიიღო იმიტომ, რომ არჩევნებში მხარს ჩვენ გვიჭერს";
- „ექნება თუ არა მომავალ არჩევნებზე გავლენა ამ გაფორმებული მემორანდუმებს? მე იმედი მაქვს რომ არანაირი, მაგრამ როდესაც დელეგატთან მიდიხარ ასეთი მემორანდუმით, არის იურიდიულად გამართლებული მოსყიდვა. ეს არის არსებული ხელმძღვანელობის მანკიერება, რომელიც უნდა გამოჩენილიყო", - ამბობს შიო ხეცურიანი.
ამას გარდა, ხეცურიანმა ეჭვქვეშ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნებში სრულუფლებიანი-ხმის მიცემის უფლების მქონე სუბიექტების ვინაობისა და უფლებამოსულების, ასევე %-ული თანაფარდობის საკითხი. 34 დელეგატიდან, ვისაც ხმის მიცემის უფლება მიეცემა, დახურული საარჩევნო პროცესის მიუხედავად, მარტივი გასაშიფრი იქნება, ამდენად, ხეცურიანს მიაჩნია, რომ ამ სისტემის მიხედვით, ახლადარჩეული ფედერაცია, „არაკეთილმოსურნეებსაც" ადვილად გამოარჩევს, რაც სამომავლოდ, შესაძლოა ამ სუბიექტების კეთილდღეობაზეც აისახოს. ამიტომ, საფრთხეში თავს არავინ ჩაიგდებს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, 2017 წლის 11 დეკემბერს, 13 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატი ორია, შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული.





ჩვენ








