
ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების პირველი წრის ბოლო ტურამდე ცნობილი ხდება, რომ ორი კლუბი, თბილისის „საბურთალო" და წყალტუბოს „სამგურალი" მთავარმა მწვრთნელებმა დატოვეს. თუკი, ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, თბილისში, მიხელ მესხზე, „საბურთალოსა" და ქობულეთის „შუქურას" შორის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ლევან კორღალიძე, გუნდს დაემშვიდობა და „საბურთალოდან" წასვლის შესახებ ამცნო, წყალტუბოს „სამგურალის" მოთამაშეებისთვის სრულიად მოულოდნელი გამოდგა, გუნდიდან უჩა სოსიაშვილის წასვლა. მითუმეტეს, რომ ძლიერთა შორის დაბრუნებული წყალტუბოელები, პირველ წრეში არც თუ ურიგოდ ასპარეზობდნენ.
„გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია, კარგა ხნის ნაფიქრი მქონდა. არ იყო იოლი ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ... „საბურთალო" ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ჩვენ კი, რვა მატჩში 5 ფრე გვქონდა ნათამაშები. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ასე ჯობდა", - ლევან კორღალიძის ამ განცხადებას, კლუბი ავრცელებს. კორღალიძესთან ერთად, კლუბი დატოვა მისმა ასისტენტმა, ნიკოლოზ გუშარაშვილმაც.
„საბურთალოს" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ მათი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი, 46 წლის ხვიჩა შუბითიძე, საქართველოში ხვალ, 15 აპრილს ჩამოვა. შუბითიძესთანაც, ოფიციალურად, კონტრაქტი, სწორედ ამის შემდეგ გაფორმდება.
„საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელი, კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, „26 წელია გერმანიაში წარმატებით მოღვაწეობს - ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან უკვე მწვრთნელის ამპლუაში გადაინაცვლა". ამავე გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, თბილისური კლუბის მომავალ მწვრთნელთან ხაზგასმულია, რომ შუბითიძეს, ამ ეტაპზე PRO ლიცენცია არ აქვს და ის, ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის სავალდებულო ლიცენზიის მისაღებად, სწავლის პროცესშია.
ბუნებრივია, რომ ხვიჩა შუბითიძე, ელიგის მე-9 ტურის შეხვედრას, რომელსაც „საბურთალო", „სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს, ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე კი, თბილისურ კლუბს, ლაშა ნოზაძე უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება წყალტუბოს „სამგურალს", ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ სოსიაშვილს კლუბიდან წასვლის შესახებ თავად არ მიუღია გადაწყვეტილება. კლუბის, სოციალური ქსელი, ცვლილებების შესახებ, მოკლე ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დღეს, უჩა სოსიაშვილი ფეხბურთელებს დაემშვიდობა. ამ მომენტში, „სამგურალი" არც იმის შესახებ წერს, თუ ვინ შეცვლის სოსიაშვილს, თუმცა, ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ წყალტუბოს „სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მალე გამოცდილ სამსონ ფრუიძეს ვიხილავთ, რომელიც თითქმის ერთი წელია, არც ერთ გუნდში აღარ გამოჩენილა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშების პირველი წრის, ბოლო, მე-9 ტური 15-16-17 აპრილს გაიმართება.
გათამაშების კალენდარი
გათამაშების ცხრილი





ჩვენ








