
თსუ-ის შემდეგ კიდევ ორმა გუნდმა დაასრულა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ბოლო ტურის მატჩში ერთმანეთს "მგზავრები" და "ვერა" შეხვდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ამ მატჩს უმოტივაციოდ და ლეგიონერების გარეშე შეხვდა. 2 ტურის წინ გაირკვა, რომ მგზავრები სუპერლიგაში ადგილს ვერ შეინარჩუნებდნენ, რის შემდეგაც გუნდი ლეგიონერებმა დატოვეს და დარჩენილ მატჩებში ისედაც ბოლო ადგილზე მყოფი გუნდი სულ მთლად განწირული იყო.
"ვერასაც" აკლდა ძირითადი შემადგენლობის 3 მოთამაშე - 2 ამერიკელი და ლუკა მაზიაშვილი, თუმცა უიმედოდ დარჩენილი მგზავრების დამარცხება მაინც არ გასჭირვებია. დავით გასიტაშვილის გუნდმა 109:83 (სტატისტიკა) იმარჯვა და სუპერლიგის რეგულარულში მე-4 ადგილზე გადავიდა. თუმცა მეტოქეებს - "ოლიმპს" და "კაკტუსს" თამაშები დარჩენილი აქვთ და მათი ჩატარების შემდეგ გაირკვევა, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება მგზავრებს, ეს მისი ბოლო მატჩი იყო სუპერლიგაში. მომავალ სეზონში გუნდი "ა" ლიგაში იასპარეზებს.
რაც შეეხება ზემოთნახსენებ შეხვედრას, ვერელებს 33 ქულით დანიელ უესთბრუქმა ულიდერა. 22 ქულა აარონ პარკსმა, ხოლო 18 ქულა და 10 მოხსნა ნოდარ თენიეშვილმა მიითვალეს. მგზავრებში 15 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე. 15 ქულა დააგროვა ახალგაზრდა გიორგი ბიგანაშვილმა.

***
ბოლო ტურში დიდი ბრძოლა გაიმართა "ოლიმპსა" და "ბათუმს" შორის. თბილისურ გუნდს პლეი ოფში თამაში განაღდებული ჰქონდა, თუმცა მოგება სჭირდებოდა, რათა ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაეკავებინა და ამით პირველივე წრეში ლიდერებთან შეხვედრა თავიდან აეცილებინა.
აჭარული გუნდის ვითარება უფრო რთულად იყო, რადგან წაგების შემთხვევაში, ბათუმი ფაქტობრივად პლეი ოფს მიღმა რჩებოდა. ზღვისპირელებს რჩებოდათ პლეი ოფში გასვლის შანსი, მაგრამ - ნაკლებად რეალური. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ძირითად დროში ვერ გადაწყდა - 80:80. დამატებით 5-წუთეულში ოლიმპელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლეს. საბოლოო ანგარიშია 92:88 (სტატისტიკა).
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც ძირითადი დროის ბოლო წუთებზე და ზოგადად უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო. მის ანგარიშზე 32 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. 21 ქულა და 10 მოხსნა დევანტე ფოსტერმა, ხოლო 15 ქულა და 9 მოხსნა დონოვან სმიტმა მიითვალეს. ბათუმელთაგან 31 ქულით ტომას უაილდერი გამოირჩა, 11 ქულა და 11 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა.

***
დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც "დინამომ" "კაკტუსი" 94:63 (სტატისტიკა) დაამარცხა და ამ მატჩმა ბევრი რამ გაარკვია. მივყვეთ დეტალურად, თუ რა ვითარებაა სუპერლიგის ცხრილში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
დავიწყოთ იმით, რომ დინამოელებმა კაკტუსთან მატჩის წინ შესანიშნავი ამბავი გაიგეს: "ბათუმი" "ოლიმპთან" დამარცხდა, რითაც დინამო პლეი ოფში გავიდა. ანუ დინამოელებს კაკტუსთან რომც წაეგოთ, პლეი ოფში, ანუ საუკეთესო 8 გუნდში მაინც ხვდებოდნენ. ამის მიუხედავად, დინამოელებმა 31 ქულის სხვაობით სძლიეს კაკტუსს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კაკტუსელთათვის ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ეს გუნდი მე-4 ადგილზე გადიოდა, რადგან მესამეზე მყოფ "ცხუმ-აფხაზეთს" ვერაფრით ეწეოდა.
დინამომ იმარჯვა და გარანტირებულად დაიკავა მე-7 ადგილი. ამ პოზიციაზე დაბლა მუჰამედ ტაჩის გუნდი ვეღარ ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ სერიაში დინამოელები მეორე ადგილზე გასულ "ქუთაისს" შეხვდებიან.
მთელი ბრძოლა ახლა პლეი ოფში გამსვლელი მე-8 ადგილისთვისაა. პრინციპში, არსებობს 2 ვარიანტი. რეგულარულის ბოლო მატჩში ერთმანეთს ქუთაისი და ტიტები ხვდებიან. თამაში ქუთაისშია და თუკი მასპინძლები მოიგებენ, ტიტები მე-9 ადგილზე დაასრულებს რეგულარულს და შესაბამისად სეზონს, ხოლო თუკი მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი ტიტები იმარჯვებს, პლეი ოფის ბოლო, მე-8 სააგზურს მოიპოვებს. ტიტების ქუთაისში დამარცხების შემთხვევაში პლეი ოფის ბოლო საგზური თსუ-ს ერგება და აი, რატომ:

ასეთ შემთხვევაში 3 გუნდი: ბათუმი, ტიტები და თსუ აგროვებენ თანაბარ მოგებ-წაგებებს (8-12) და მათ შორის საუკეთესო ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ვლინდება. ამ საზომით კი თსუ საუკეთესოა და სუპერლიგის ცხრილში დაიკავებს მე-8 ადგილს. შემდეგ მოდიან ტიტები (მე-9 პოზიცია) და ბათუმი (მე-10). დებულების თანახმად, მე-10 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად "ა" ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან თამაშობს საკვალიფიკაციო სერიას 3 მოგებამდე. იმასაც შეგახსენებთ, რომ სუპელიგიდან გავარდა ცხრილში მე-11 ადგილზე გასული "მგზავრები", რომლის ადგილსაც მომავალი სეზონისთვის "ა" ლიგის გამარჯვებული დაიკავებს.
ქუთაისი - დინამოს მეოთხედფინალურ წყვილთან ერთად კიდევ ცნობილია 2 წყვილი:
ცხუმ-აფხაზეთი (მე-3) VS ოლიმპი (მე-6)
კაკტუსი (მე-4) VS ვერა (მე-5)
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი ქუთაისში, 18 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება: ქუთაისი - ტიტების წინააღმდეგ.





ჩვენ








