„ნიკემ“ და „ლანჩხუთმა“ პირველი თამაშები მოიგეს
„ნიკემ“ და „ლანჩხუთმა“ პირველი თამაშები მოიგეს
17.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც 2021 წლიდან განახლებული ფორმატით ტარდება დღეს აიღო სტარტი. ქალთა ჩემპიონატში, რომელში მონაწილეობის სურვილიც წელს 16 გუნდმა გამოთქვა, გადაწყდა, რომ ამიერიდან, ორ ლიგად ჩატარდება. მთავარ ლიგაში, რომლის გამარჯვებულიც, ქალთა ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს 8 გუნდი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ გუნდები მთავარ და ქალთა ლიგა 2-ში, გასულ სეზონში შედეგების მიხედვით გადანაწილდნენ.


გათამაშების პირველი ტური, ორ დღეზე გადანაწილდა. დღეს, სამი შეხვედრა გაიმართა.

 


პირველი შეხვედრა ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა „ლანჩხუთმა", „ნორჩ დინამოს" უმასპინძლა. ამ მატჩში, პირველი და ქალთა ლიგის სეზონის პირველი გოლი, მე-12 წუთზე, გასული სეზონის ბომბარდირმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა. შეხვედრის 31-ე წუთზე, 11-მეტრიანი დარტყმით, თეონა თოდაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. სეზონის სასტარტო შეხვედრა „ლანჩხუთმა" 2-0 მოიგო.


პირველი 3 ქულა ჩაიწერა სატურნირო ცხრილში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „ნიკემ", რომელმაც „გორი იუნაიტედი" 4-0 დაამარცხა. შეხვედრაში, რომელიც სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა, ანგარიში 25-ე წუთზე ტატიანა მატვეევამ გახსნა, თუმცა, „გორი იუნაიტედი" საბოლოოდ, მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე მას შემდეგ რაც 9-წუთიან შუალედში, 63-ე, 66-ე და 72-ე წუთებზე, „ნიკეს" გამოცდილმა ფეხბურთელებმა ანა პოღოსიანმა, ლელა ჭიჭინაძემ და ნათია სხირტლაძემ გაიტანეს გოლები, დანებდა ძლიერ მოწინააღმდეგეს.


ამ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, რომელშიც „მართვე" და  „ბათუმი" გატანილი გოლების გარეშე დაზავდნენ, 0-0.


ქალთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ გაიმართება. თბილისის „კვარტალი", ხობის „კოლხეთს" დაუპირისპირდება.


გათამაშების ცხრილის და კალენდარი