
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის ორ ცენტრალურ შეხვედრას, რომ თურქი არბიტრები განსჯიდნენ, ეს ეროვნული ლიგის მოთამაშე გუნდების ნაწილმა და თამაშებზე მომსახურე სამსაჯო ბრიგადებმა უშუალოდ ტურის დაწყებამდე გაიგეს. 16 აპრილს „ლოკომოტივი" - „დინამო თბილისის" და 17 აპრილს, „დილა"- ბათუმის „დინამოს" შეხვედრები, სწორედ, თურქებმა იმსაჯეს. სხვთა შორის, თბილისში, „დინამო არენაზე" ცარიელი ტრიბუნების შემხედვარე თურქები, თვალებს არ უჯერებდნენ, რომ დერბიზე, მხოლოდ რამდენიმე ასეული გულშემატკივარი იყო.
„დინამო არენაზე", სადაც ამ ტურში მასპინძლის სტატუსით „ლოკომოტივი" იყო „დინამო თბილისის" წინააღმდეგ, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მთელი მატჩის მანძილზე, გარკვეული სათამაშო წუთები ხან ერთი და ხანაც მეორე გუნდი დომინირებდა, აი, კარში დარტყმამდე კი, იშვიათად მიდიოდა საქმე. თუმცა, მეორე ტაიმში, ვითარება ოდნავ შეიცვალა და „დინამო თბილისმა" ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა. ეს, მომენტი, განსაკუთრებით დინამოელთა რიგებში გაკეთებული ცვლილებების შემდეგ გამოიკვეთა. სწორედ, შეცვლაზე შემოსული თორნიკე ახვლედიანის გადაცემა, ასევე შეცვლაზე შემოსული ანრი მექვაბიშვილის გოლი მოჰყვა 74-ე წუთზე, 0-1. აღსანიშნავია, რომ ეს 19 წლის დინამოელის სადებიუტო გოლია ეროვნული პირველობაზე. ამ მომენტიდან კიდევ 6 წუთში, 5-წუთიანი შუალედით, დინამოელთა სერბმა, ზორან მარუშიჩმა დუბლი გაიფორმა და 1 წრის შედეგ, ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. მატჩის მიწურულს, „ლოკომოტივმა" ერთი გოლი გაქვითა. დინამოელთა ახლგაზრდა მეკარემ, საჯარიმო დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ბურთი წინ დაუვარდა, იქ კი, არავის დაუთმო, გამოცდილმა გურამ კაშიამ და „ლოკომოტიველთაგან" ერთად-ერთი გოლი გაიტანა. „დინამო თბილისმა" პირველი წრის ბოლო ტურის მატჩი, 1-3 მოიგო და გრძელი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მეოთხედი, 22 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა.
მატჩის ფოტო-გალერეა
***
ბოლო ტური კი, 15 აპრილს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე დაიწყო. ამ დღეს, „სამტრედიამ" თბილისის „საბურთალოს" უმასპინძლა. ანგარიშიც სტუმრებმა გახსნეს. მე-9 წუთზე, დმიტრი მანდრიჩენკომ იური ტაბატაძის გადაცემის შემდეგ გახსნა ანგარიში. აქვე მოვლენებს დავასწრებთ და ვიტყვით, რომ მანვე, ამ დღეს კიდევ ორი გაიტანა და ჰეთ-თრიქთან ერთად, „საბურთალოს", რომელსაც ახალი მწვრთნელი ოფიციალურად უახლოეს დღეებში ჩაიბარებს, საჭირო 3 ქულა მოუტანა. თუმცა, „სამტრედიამაც" მოახერხა ამ დღეს, ორი გოლი გატანა, თითო ტაიმში. პირველი, მე-18 წუთზე, ირაკლი რუხაძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ნათან ჟუნიორმა გაიტანა. შესაბამისად, მეორე ტაიმის დასაწყისში, იმერლებს, თამაშში მინიმუმ ქულის აღების საშუალება მიეცათ, თუმცა, მათ ეს ვერ გამოიყენეს და მინიმალური სხვაობით, 2-3 დამარცხნენ.
***
შეხვედრის 77-ე წუთზე, კურიოზული გოლით გაიხსნა ანგარიში ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, სადაც ქობულეთის „შუქურამ", „თელავს" უმასპინძლა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ანგარიში მიშიკო სარდალიშვილის შორეული დარტყმით გაიხსნა. თუმცა, გოლამდე ბურთი ჯერ გიორგი ჩოჩიშვილმა მოიგერია და მხოლოდ ამის შემდეგ, ძელიდან ასხლეტით შეგორდა კარში. კიდევ 5 წუთში, „შუქურა" მადაზე მოვიდა და ჯეფერსონ ჯერალდოს გოლის შემდეგ, 82-ე წუთიდან უკვე ორგოლიანი სხვაობით დაწინაურდა. „შუქურას" დარჩენილ დროში, კიდევ ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება. თუმცა, გოლებამდე, თამაში საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა და ყველაფერი ყაიმისკენ მიდიოდა. ახლა, ეროვნული ლიგის პირველი წრის შემდეგ, „შუქურა" 12 ქულით მე-6 ადგილზეა, „თელავი" კი, 6 ქულით, ამ ეტაპზე ფლეი-ოფის ზონაშია.
***
როგორც ჩანს, მასწავლებელმა, შეგირდს „ხეზე ასვლა" მაინც ბოლომდე არ ასწავლა, ვინაიდან იმერულ დერბიში, მიხეილ აშვეთიას ქუთაისის „ტორპედომ" ვერ მოახერხა, წყალტუბოს „სამგურალის" დამარცხება, რომლის თავკაცის ამპლუაშიც დღეს, დებიუტი ჰქონდა გამოცდილ ქართველ მწვრთნელს სამსონ ფრუიძეს.
ამ შეხვედრის დაწყებამდე, „ტორპედოს" ყოფილ და ახლა „სამგურალის" ერთ-ერთ გამოცდილ მოთამაშეს, გრიგოლ დოლიძეს, საქართველოს ჩემპიონატებში ჩატარებული 400 მატჩის აღსანიშნავად, სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. მატჩი კი, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე, მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და პირველიც თავის გამოჩენა, ფრუიძის ერთ-ერთ ფავორიტს, როდესაც ის საჩხერის „ჩიხურას" ხელმძღვანელობდა, დინო ჰამზიჩს მოუხდა. თუმცა, პირველი გოლი, მაინც მასპინძელთა კარში გავიდა. მე-17 წუთზე, 11-მეტრიანი ოლეგ მამასახლისმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმე ქვილითაიამ კუთხე გამოიცნო, ბურთი ბოლო მომენტში, მაინც აღმოჩნდა „სამგურალის" კარში, 0-1. ანგარიშის გასათანაბრებლად, მასპინძლებს 20 წუთი დასჭირდათ. 37-ე წუთზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წვერმა, სერგო კუხიანიძემ, მიმდინარე გათამაშებაში მორიგი გოლი გაიტანა, 1-1. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, დუბლის შანსი გაუშვა ხელიდან. შეხვედრაში დაწინაურების შანსი ჰქონდა „ტორპედოს", თუმცა, ირაკლი ძარიას დარტყმული, მცირე მანძილით ასცდა კარს. ამ მომენტიდან მალევე, 76-ე წუთზე, უკვე „ტორპედომ" დაარღვია თამაშის წესები და მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დავით კირკიტაძემ გაიტანა, 2-1 და „სამგურალს", პირველი წრის დასასრულს საჭირო 3 ქულა მოუტანა.
***
თავგამოდებული თამაშისა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, გორის „დილას" მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა, რომელიც არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ პირველი წრის ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშე იყო, თურქი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე მაინც გაუშვა გოლი. თუმცა, მისმა გუნდმა, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბათუმის „დინამოსთან" წლის პირველი დაპირისპირება პირწმინდად მოიგო და პირველი წრე, სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე დაასრულა.
ამ შეხვედრაში, ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. ირაკლი ბუღრიძის გადაცემას, პაატა ღუდუშაურის ზუსტია დარტყმა მოჰყვა და თუკი, ამ გოლამდე, იმავე ღუდუშაურის დარტყმული ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, ბათუმის „დინამოს" კარის მცველმა, ამჯერად ეს ვეღარ გააკეთა. სხვათა შორის, კუპატაძე უძლური გამოდგა, აჭარული გუნდის კარში გასული მეორე გოლის დროსაც. სტანდარტულიდან ჩაწოდებული, 89-ე წუთზე კარში ნიკა გაგნიძემ გადააგზავნა. რაც შეეხება თამაშს, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და 90 წუთის მანძილზე, მხოლოდ რამდენჯერმე გადაიხარა ბათუმელთა სასარგებლოდ. თუმცა, კარის ჩარჩოში ბათუმელებმა უფრო მეტჯერ დაარტყეს და გუგეშაშვილსაც, ე.წ. მეტი „სეივი" მოუწია. ასეა თუ ისე, აჭარულმა გუნდმა 2021 წლის სეზონზე პირველი შეხვედრა წააგო, 2-1 და ლიდერთან, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან „დინამო თბილისთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე გაზარდა.
გათამაშების ცხრილი
***
ეროვნული ლიგის თამაშები 24 აპრილიდან განახლდება. მანამდე კი, ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდები საქართველოს დ. ყიფიანის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან, რომელი 20 და 21 აპრილს არის დაგეგმილი.





ჩვენ








