ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგი ტური გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2-ის მორიგი ტური გაიმართა
17.04.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020-21 წლების სეზონის VIII ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს ილიაუნი 2 და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი" ფრედ 2-2 დასრულდა.


დაძაბული მატჩის პირველი ნახევარი თსუ-ს მინიმალური უპირატესობით წარიმართა. სანდრო შეყლაშვილმა გუნდი ოცდამერვე წუთზე დააწინაურა. ილიაუნიმ თამაშში ანგარიში საბა მაჩიტის გოლებით ორჯერ გაათანაბრა. ერთი ბურთია ვახტანგ მღებრიშვილის ანგარიშზეც.


საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2: „სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. თსუ კარგი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ძლიერი მწვრთნელიც ჰყავთ და თამაშიც შესაბამისად დაძაბულად წარიმართა. ორჯერ გავათანაბრეთ ანგარიში. ორივე ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და ეს გამოჩნდა. პირველი ტურის შეხვედრაში შედარებით იოლად ვიმარჯვეთ, მაინც გაცნობითი სახის დაპირისპირება იყო და მგონია, მაშინ თსუ არ ელოდა ძლიერ მეტოქეს. ანგარიში ორივე მატჩში გამოხატავდა თამაშის ხასიათს".


საბა გოგოლაძე, თსუ 2: „ცოტა მძიმე კალენდარი გვაქვს, ზოგი ფეხბურთელი უმაღლეს ლიგაშიც ვთამაშობთ და დაღლა დაგვეტყო. ორჯერ ვიყავით წინ. ბოლოს მეტოქეს შეეძლო სამი ქულაც აეღო. ილიაუნი ახალგაზრდა გუნდია. თამაშზეც ეტყობათ, რომ მოტივირებულები არიან. პირველ ტაიმში მათ გაუმართლათ, მეორე ტაიმში ჩვენ. საბოლოო ჯამში, ლოგიკური ანგარიში დაფიქსირდა. მეხუთე თამაშია მარცხი არ გვაქვს. მეორე წრე ახლა დავიწყეთ და ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, პლეიოფში გასვლაა, შემდეგ კი ჩემპიონობაზეც გვაქვს ამბიციები".


***




ფუტსალის ლიგა 2-ის VIII ტური, სატურნირო ცხრილის ლიდერების, ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ევროპის უნივერსიტეტის, დაპირისპირებით გაგრძელდა. დრამატული მატჩი ფრედ 5-5 დასრულდა და ბურთების სხვაობის გათვალისწინებით ცხრილში ევროპის უნივერსიტეტი გალიდერდა.


„მეზღვაურები" ოცდამეთხუთმეტე წუთისთვის ორბურთიანი ჩამორჩენით 4-2 მარცხდებოდნენ. ბსსა-მ დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ ბოლო წუთზე აველო კიკვაძემ წონასწორობა აღადგინა და EU-ს ქულა შეუნარჩუნა. ბათუმის აკადემიის რიგებიდან მალხაზ შამილაძემ ჰეთრიკი გაიფორმა, ორი გოლია გოგიტა აბულაძის სახელზე. „სტუდენტების" მხრიდან დუბლი ბადრი კალანდაძემ შეასრულა.


აველო კიკვაძე, EU: „მნიშვნელოვანი თამაში იყო, სატურნირო ცხრილში თანაბრად ვართ და EU ჩვენი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტია. ველოდით, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა. ორჯერ გავედით წინ და ორივეჯერ ჩვენი შეცდომების გამო დავკრაგეთ უპირატესობა, რამაც შეხვედრაზე გარდამტეხი გავლენა იქონია. მოხარულები ვართ, რომ ბოლო წუთზე გავათანაბრეთ ანგარიში და ერთი ქულა მაინც ავიღეთ, მაგრამ შეგვეძლო გამარჯვებაც".


ჯონი უბილივა, ბსსა: „ნამდვილად სანახაობრივი და კარგი თამაში იყო. ხან ერთ გუნდს ჰქონდა უპირატესობა, ხან მეორეს, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო. ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ჯერ ვაგებდით ორი ბურთის სხვაობით, შემდეგ ვიგებდით 5-4-ს და ბოლოს აღარ გაგვიმართლა. რამდენიმე თამაშია კაცნაკლულები ვართ ტრავმიანობის გამო, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გუნდზე. ცოტანი ვართ და ვერ ვახერხებთ თამაშის განმავლობაში ხშირი შეცვლების ხარჯზე დასვნებას. ბოლო გოლიც დაღლილობის გამო გავუშვით".


***




კიდევ ერთ მატჩში, გორი, საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და კომფორტული ანგარიშით 6-3 იმარჯვა.


გორელების უპირატესობა მატჩის პირველივე ტაიმში ოთხბურთიანი იყო. გიორგი ანიაშვილი გუნდს გამარჯვებაში ორი ბურთით დაეხმარა. თითო ბურთია ილია ლუკაშვილის, რამაზ ბუჯიაშვილის, ბექა მამაგულაშვილისა და დავით ტლაშაძის ანგარიშზე. საქართველოს უნივერსიტეტის რიგებიდან დუბლი ბექა ქებაძემ გაიფორმა.


გიორგი ანიაშვილი, გორი: „ბევრი მუშაობისა და ვარჯიშის ხარჯზე ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. პირველ ნახევარში უფრო სუსტად გამოიყურებოდა ჩვენი მეტოქე, მეორე ტაიმში შედარებით გამოასწორეს თამაში. შეტევაში უფრო ორგანიზებულები ვიყავით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ."


VIII ტურის დასკვნით მატჩში ქუთაისის მართვე არმიას ეთამაშება.


***




ფუტსალის ლიგა 2-ის VIII ტურის დასკვნით შეხვედრაში არმია ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა, კარი მშრალად შეინახა და მეტოქეს 5-0 სძლია. ამ მოგებით არმიას სატურნირო ცხრილში 15 ქულა დაუგროვდა და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.


„ძალოვნებმა" შეხვედრაში ანგარიში მეხუთზე წუთზე გახსნეს. პირველ ტაიმში მინიმალური უპირატესობით იმარჯვეს, მეორე ნახევარში კი მოწინააღმდეგეს კიდევ ოთხი გოლი გაუტანეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი ირაკლი ლატარიამ გაიფორმა. თითო ბურთია ლაშა ფოფხაძისა და დავით კოხრეიძის ანგარიშზე.


ფუტსალის ლიგა 2-ის IX ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 24 აპრილს გაიმართება. ილიაუნი 2 ქუთაისის მართვეს შეხვდება, თსუ 2 ბათუმის აკადემიას გაეჯიბრება, ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება, გორი კი არმიას ეთამაშება.