
დღეს, თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის „კვარტალისა" და ხობის მატჩი, თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა. ორივე გუნდი, 2021 წლის სეზონს, მეტ-ნაკლები ცვლილებებით შეხვდა, მაგალითად ხობის „კოლხეთმა" გამოცდილი მარიამ კახიძე და „ლანჩხუთის" ერთ-ერთი გოლეადორი თამარ სალუქვაძე დაიმატეს. „კვარტალში" კი, რამდენიმე 14 წლის გოგონას გამოყოფა გვინდა, რომლებიც, We Play Strong-ის პროექტის ფარგლებში აღმოაჩინა გუნდმა, დღეს კი, სამს ახალი სეზონის სასტარტო შემადგენლობაში თამაშს უფლება მიეცა. აქვე, ალბათ, მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ სწორედ ამ სამიდან ერთ-ერთმა, ელენე ჩიქოვანმა, ამ მატჩში გასული, ბოლო გოლი გაიტანა.
თავად შეხვედრა კი, მეტ-ნაკლებად ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველში, ხობელებმა მოახერხეს და თანაბარი ბრძოლა გაუმართეს მოწინააღმდეგეს. თუმცა, გოლები, ამ ტაიმშიც მათ კარში გავიდა. ანგარიში, მე-13 წუთზე მეგი ეჯიბიამ გახსნა. ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე კი, ანასტასია ბოლქვაძემ, ანგარიში ორამდე გაზრდა. მანვე, მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა და პირველი ფეხბურთელი ქალი გახდა მიმდინარე სეზონში, ვინც ერთ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანად თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. ამ შეხვედრაში, ბოლო, მეოთხე გოლი, 88-ე წუთზე 14 წლის ფეხბურთელმა, ელენე ჩიქოვანმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პირველი ტურის შემდეგ, თბილისის „კვარტალმა" პირველი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ახლა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ნიკესთან" და ვიცე-ჩემპიონ „ლანჩხუთთან" ერთად, სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორისაა.
გათამაშების ცხრილი
მომდევნო ტური 24 აპრილს გაიმართება:
12:30 / „ბათუმი" - „კვარტალი"
12:30 / „კოლხეთი" ხობი - „ნიკე"
14:00 / „ნორჩი დინამო" - „გორი იუნაიტედი"
14:00 / „ლანჩხუთი" - „მართვე"
#ქალთალიგა #შენიდროა





ჩვენ








