ქართული ფინალი, ბიჭების პირველი და საერთო გუნდური მეოთხე ადგილი
ქართული ფინალი, ბიჭების პირველი და საერთო გუნდური მეოთხე ადგილი
18.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოთხი სხვადსხვა ყალიბის მედალი ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, საერთო ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 16-18 აპრილს, პორტუგალიაში გაიმართა.


ტურნირის ბოლო დღეს, ლისაბონში, ტატამზე 7 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. მათგან ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი, ასპარეზობას საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა. ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას +100კგ-ში ლევან მატიაშვილიც. აი, დანარჩენმა 5 ძიუდოისტმა კი, მედლებისთვის გააგრძელა ასპარეზობა.


+100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მეორე ქართველი გურამ თუშიშვილი, ამჯერად, მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში, მსოფლიოს ჩემპიონმა ნიდერლანდელ როი მეიერი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯერზე მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ქართული რეკორდი მაინც დაამყარა. ვარლამ ლიპარტელიანი, ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი, ვინც ევროპის ჩემპიონატებზე, პირად პირველობაში,  სხვადასხვა სინჯის 10 მედლის მოპოვება მოახერხა. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ფინალს,


-100 კგ-ში, ევროპის ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული, ფინალში, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში „ლიპო"  ანზორ კიკნაძის შემდეგ,  მეორე ქართველი ძიუდოისტი გახდებოდა, ვინც ევროპის ჩემპიონის  ტიტულს მეოთხედ დაეუფლებოდა. სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედისთვის ბრძოლაში დამარცხდა ილია სულამანიძე.


დღევანდელი ლისაბონური დღის მშვენება კი, ქართული გუნდისთვის -90 კგ წონითი კატეგორია და იქ მოასპარეზე ორი ქართველი  ლაშა ბექაური და გამოცდილი ბექა ღვინიაშვილი იყვნენ. ქართული ფინალის შემხედვარე, ვერც ერთ სპორტსმენს მარცხისთვის ვერ გაიმეტებდი, თუმცა, დღეს, ბექაურმა თანაგუნდელს იპონით აჯობა და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.


ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) მოუტანა. საერთო ჯამში კი, პორტუგალიაში გამართულ ევროპის პირველობაზე მონაწილეობა 14 ქართველმა სპორტსმენმა მიიღო, რომელთა შორის 5 ქალი იყო. საერთო გუნდურ ჩათვლაში (ქალთა და ვაჟთა შედეგების გათვლით), ჩვენი ნაკრები ევროპის 45 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა.

 

 

ფოტო: eju.net