
უეფა-ს აღმასკომის სხდომამდე, რომელზეც ევროტურნირების რეფორმის გეგმაზე უნდა ემსჯელათ და რომელიც ხვალ, 19 აპრილს არის ჩანიშნული, ევროპის საფეხბურთო სახლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კატეგორიულად დაგმო რამდენმე ევროპული კლუბის მიერ ინიცირებული იდეა, ე.წ. ახალი ელიტარული საფეხბურთო საკლუბო ტურნირის, სუპერლიგის დაარსების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თუკი ეს მოხდება, ჩვენ, უეფა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია (RFEF), იტალიის ფეხბურთს ფედერაცია (FIGC), ასევე, პრემიერ ლიგა, ლალიგა, სერია A და ფიფა-სა და უეფა-ს ყველა წევრი ასოციაცია, ერთად შევეცდებით, რომ ეს ცინიკური პროექტი, რომელიც რამდენიმე კლუბის სახეიროდ კეთდება, მაშინ როცა საფეხბურთო სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდება სოლიდარობა, შევაჩეროთ.
იურიდიული თუ სპორტული მიმართულებით, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ზომას განვიხილავთ, რათა ეს შევაჩეროთ. ფეხბურთი ემყარება გახსნილი სახის შეჯიბრს და სპორტულ პრინციპებს. სხვაგვარად არ შეიძლება.
როგორც ფიფა-სა და მასში შემავალი ექვსივე კონფედერაციის მიერ იყო ნათქვამი, ამ პროექტში მონაწილე ყველა კლუბი იქნება დისკვალიფიცირებული და ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვერც ერთ სხვა ტურნირზე, მათ შორის, ეროვნულ ჩემპიონატებსა და მსოფლიოს მასშტაბით. ამ კლუბების მოთამაშეებს კიდევ, შესაძლოა, ეროვნულ ნაკრებებში ასპარეზობის უფლებაც აღარ მიეცეთ.
ჩვენ, მადლობას ვუხდით, სხვა ქვეყნის კლუბებს, განსაკუთრებით კი ფრანგულ, გერმანულ კლუბებს, რომლებმაც ამ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მოვუწოდებთ, ფეხბურთის ყველა მოყვარულს, გულშემატკივარს და პოლიტიკოსებს შემოგვიერთდნენ, მსგავსი პროექტისგან თავის ასარიდებლად, თუკი ასეთი ჩატარების თაობაზე ოფიციალურად გამოცხადდება. დროა, ზოგიერთების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებს ბოლო მოეღოს. საზღვარი, ყველაფერს აქვს" , - ნათქვამია უეფა-ს მიმართვაში, რომელიც დღეს, გამოქვეყნდა.
ე.წ. ელიტარული და დახურული ტურნირის შექმნის თაობაზე, რომლის ინიციატორები მადრიდის „რეალი" და „მანჩესტერ იუნაიტედი" არიან, კარგა ხანია მიდის ლაპარაკი. ამ მომენტისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ვითომ გასაიდუმლოებულ პროექტზე, რომლის ყველა ნაბიჯზეც უეფა-ცა და ფიფა-ც დეტალურად ფლობდნენ ინფორმაციას და არაერთხელ მოუწოდეს, პროექტში მონაწილენი, გადაეფიქრათ „სუპერლიგის" პროექტი, მასში მონაწილეობის სურვილი ხელმოწერით დაადასტურეს „მანჩესტერ იუნაიტედმა" „ლივერპულმა", „არსენალმა", „ჩელსიმ" და „ტოტენჰემმა", ასევე ესპანეთის სამი კლუბმა - „რეალი", „ბარსელონა" და „ატლეტიკო".
ახლა, საინტერესოა, რა განცხადებები გაკეთდება უეფა-ში აღმასკომის ხვალინდელ სხდომაზე და იმ შემთხვევაში, თუკი, პროექტს ინიციატორები მაინც ჩაუშვებენ, რა ბედი ელით მონაწილე კლუბებს, ფეხბურთელებს და სამწვრთნელო სტაფს.





ჩვენ








