
ხვალ, 21 აპრილს გაირკვევა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის გათამაშების ბოლო 9 გუნდის ვინაობა. ამ მომენტისთვის კი, უკვე ჩატარდა შვიდი 1/16 ფინალი და შესაბამისად გარკვეულია პირველი შვიდი 1/8 ფინალისტის ვინაობა. შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპიდან, საქართველოს თასის მოსაპოვებლად ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის მონაწილე გუნდებიც იბრძვიან. შესაბამისად, დღეს გამართული მატჩებიდან, წარმატება 6 წყვილში სწორედ, ამ ლიგების წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
„სპაერი" - „საბურთალო" 0-1
„დიდუბე" - „გორი" 1-2
„მაღაროელი" - „სამგურალი" 0 - 3
„გურია" - „ჩიხურა" 1-2
„ლეგიონი" - „შევარდენი 1906" 0-5
„ზესტაფონი" - „არაგვი" 1-2
ერთადერთი მატჩი, რომელშიც, რანგით დაბალი ლიგის გუნდმა გაიმარჯვა, თბილისში, დინამო თბილისის აკადემიის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა. „დინამო თბილისის 2"-მა, რომელმაც 2021 წლის სეზონზე, ლიგა 4-ში ასპარეზობს, 1/16 ფინალამდე, ორი ეტაპი წარმატებით გაიარა, ამჯერად, ეროვნული ლიგა 2-ის საკმაოდ გამოცდილ ბინადარს, „ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა დინამოელებს რამდენიმე ძირითადი მოთამაშე აკლდა (ისინი „დინამო თბილისის" მთავარ გუნდში არიან გამოძახებულნი) თბილისელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, რასაც მე-14 წუთზე „ვიტ ჯორჯიას" კარში დანიშნული 11-მეტრიანი მოჰყვა. დარტყმა ზუსტად შეასრულა თორნიკე მორჩილაძემ და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამ ტაიმში ანგარიში ავტოგოლით გათანაბრდა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, მორჩილაძემ, მეტოქის შეცდომით ისარგებლა და შანსი ხელიდან არ გაუშვა, 2-1. ამ მომენტის შემდეგ თბილისელებს ჰქონდათ ანგარიშის გაზრდის რამდენიმე შანსი. გამომდინარე იქიდან, რომ მატჩში საკმაოდ იყო „შეჩერებები", არბიტრმა 7 წუთიც კი დაამატა, თუმცა, მატჩში მეტი არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში მონაწილე „დინამო თბილისი 2", მომდევნო ეტაპზეა.





ჩვენ








