თასისთვის ბრძოლას ელიგის 7, ლიგა 2-ის 6, ლიგა 3-ის 2 და ერთიც მეოთხე ლიგის გუნდი აგრძელებს
თასისთვის ბრძოლას ელიგის 7, ლიგა 2-ის 6, ლიგა 3-ის 2 და ერთიც მეოთხე ლიგის გუნდი აგრძელებს
21.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 2021 წლის გათამაშების 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. გათამაშებას, ერთბაშად ეროვნული ლიგის სამი გუნდი გამოეთიშა - „ტორპედო", „სამტრედია" და რაც ყველაზე მოულოდნელი იყო „დინამო თბილისი".


თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, კორონა ვირუსის გამო, უკვე მეორე კვირაა, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები აკლია, გუშინ კი, უშუალოდ თამაშამდე გაკეთებულმა ტესტებმა (სხვათა შორის შევეცადე გამერკვია, „დინამო თბილისის" გარდა, სხვა რომელიმე კლუბი თუ იტარებს კორონა ვირუსზე სისტემატურ ტესტირებას და აღმოვაჩინე, რომ სამწუხაროდ, კლუბები, ამ კუთხით თავის დაზღვევას, ბოლო დროს, ნაკლებად მიმართავენ და ისიც მხოლოდ ელიგის სატურნირო ცხრილის, ზედა ეშელონის გუნდები), ძირითად შემადგენლობას კიდევ ერთი ფეხბურთელი მოაკლო, ეს წარუმატებლობა, მოსალოდნელიც იყო. მითუმეტეს, რომ „დინამო თბილისს" მთელი ამ ხნის მანძილზე საკმაოდ მჭიდრო გრაფიკში, აკადემიის აღსაზრდელებით უწევს თამაში. თუმცა, როდესაც გქვია „დინამო თბილისი", მსგავსი არგუმენტები აუნდა გჭირდებოდეს თავის გასამართლებლად. ალბათ, ისევე, როგორც ის ჭეშმარიტება, რომ ქვეყნის ჩემპიონმა, თამაშები თუ საჭიროა, მსაჯებიანად უნდა მოიგო.


ასეა თუ ისე, დღეს საკმაოდ აქტიური პირველი ტაიმის შემდგე და საერთო ჯამში რამდენჯერმე ხარიხასა და ძელზე გარტყმული ბურთის, შესაბამისად გაცუდებული საგოლე მომენტების შემდეგ, „შუქურამ" თავისი მომენტით, ტრადიციულად დინამოელთა დაცვით თამაშში ხარვეზით ისარგებლა და შალვა ექვთიმიშვილმა გოლი გაიტანა. რამდენიმე წუთში, „შუქურას" ანგარიშს გაზრდის საშუალება ჰქონდა, როდესაც დინამოელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, მაგრამ შეხვედრის არბიტრმა 11-მეტრიანის დარტყმის მომენტში, ქობულეთელი ფეხბურთელის გიორგი ჩელებაძის შეცდომა დააფიქსირა და თამაშიც „დინამო თბილისმა" განაახლა. თუმცა, მატჩს დამატებით დროში გადაყვანა ვერ მოახერხა. „შუქურამ", 1-0 მოიგო. „დინამო თბილისი" კი, მესამე სეზონია, თასის გათამაშებას საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.


 ***


პენალტების სერიაში დასთმო შეხვედრა ქუთაისის „ტორპედომ" მარტვილის „მერანთან", მატჩს ძირითადი და დამატებითი დრო კი, ფრედ, 0-0 დასრულდა.


***


დამატებით დროში წააგო შეხვედრა გია ცეცაძის „სამტრედიამაც", ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ანგარიშით 4-2.


***


გორის „დილა" კი, თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ერთადერთი გუნდია, რომელმაც თამაშის მოგება „ვიტ ჯორჯია 2"-თან პენალტების სერიაში მოახერხა.


***


21 აპრილი

   გაგრა - დინამო ზუგდიდი 5 - 2

    მერანი მარტვილი -  ტორპედო 0 - 0 P

    რუსთავი - დინამო ბათუმი 0 - 2

    სამგურალი 2 - თელავი 1 - 3

    სიონი - სამტრედია 4 - 2 ET

    მერანი თბილისი - ლოკომოტივი 2 - 5

    საბურთალო 2 - გარეჯი 2 - 5

    ვიტ ჯორჯია 2 -  დილა 0 - 0 P

    შუქურა - დინამო თბილისი 1 - 0


20 აპრილი

   დინამო 2 თბ - ვიტ ჯორჯია 2 - 1

    დიდუბე - გორი 1 - 2

    მაღაროელი - სამგურალი 0 - 3

    სპაერი - საბურთალო 0 - 1

    გურია -  ჩიხურა  1 - 2

    ლეგიონი - შევარდენი 1906 0 -5


18 აპრილი

    ზესტაფონი -  არაგვი 1 - 2


ამრიგად, საქართველოს თასის მოდევნო ეტაპზე ეროვნული ლიგის 7, ლიგა ორის 6, ლიგა სამის 2  და ერთიც ლიგა ოთხში მოასპარეზე გუნი გავიდა. საქართველოს თასის 1/8 ფინალის წილისყრა მოგვიანებით, სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.