
საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩები დღეს იმართება. ერთი შეხვედრა, რომელშიც "თსუ" და "ოლიმპი" უნდა დაპირისპირებულიყვნენ, კოვიდ-რეგულარიცის გამო გადაიდო, დარჩენილი 3 შეხვედრა კი დღეს 3 ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება. დედაქალაქში დანიშნული მატჩი უკვე დასრულდა, რომელშიც "ცხუმ-აფხაზეთმა" 90:85 (სტატისტიკა) დაამარცხა "ტიტები" და ოთხთა ფინალში გავიდა.
ცხუმელებს მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა 10 ქულით ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ამაზე მეტით არ უნდა წაეგოთ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს, რომელმაც სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, არც ამჯერად გასჭირვებია ტიტების ძლევა. ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და თამაშის ბოლომდე ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ.
გამარჯვებულებს 24 ქულით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა. 15 ქულა ჯოშუა მაკფოლმა, ხოლო 12 - რაჰიმ ჯონსონმა მიითვალა. ტიტებში 29 ქულით საუკეთესო იყო ტაილან ბირტსი. 15 ქულა აკაკი ლომოურმა, ხოლო 14 - დავით ლომიძემ მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ წელს თასის გათამაშება განსხვავებული ფორმატით იმართება. პირველად, ოთხთა ფინალი წინა სეზონში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა და პირველად, ისტორიაში, თასის გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალში გამოავლენს საუკეთესოს.
***
საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალში გასულ "ცხუმ-აფხაზეთს" რეგიონის გუნდები - "რუსთავი" და "ქუთაისი" შეუერთდნენ. რაც შეეხება, მეოთხე მონაწილეს, მისი ვინაობა "ოლიმპისა" და თსუ-ს დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო ამ წყვილის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ჯერ არ ჩატარებულა.
რაც შეეხება რეგიონებში გამართულ სათასო მატჩებს, ქუთაისშიც და რუსთავშიც საკმაოდ საინტერესო ბრძოლები გაიმართა. "დინამოს" თბილისში სერიის პირველი მატჩი 4 ქულით ჰქონდა წაგებული და ქუთაისში, საპასუხო შეხვედრაში ამაზე მეტსაც იგებდა, თუმცა საბოლოოდ სასურველი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3 ქულით - 98:101 (სტატისტიკა) დამარცხდა.
ქუთაისი ოთხთა ფინალში გავიდა და ნახევარფინალში "ცხუმ-აფხაზეთს" შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ოთხთა ფინალის ეგიდით, ნახევარფინალები და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება.
რაც შეეხება რუსთაველებს, ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს სერიის პირველი შეხვედრა 8 ქულით ჰქონდა მოგებული და დღეს, საპასუხო მატჩშიც დამაჯერებლად იგებდა. მესამე პერიოდის მე-3 წუთზე ქვემოქართლელები 20 ქულით (58:38) ლიდერობდნენ, თუმცა მომდევნო 6-წუთიანი მონაკვეთი 0:23 წააგეს და 58:61 ჩამორჩნენ.
მასპინძელთა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ წუთშესვენება არ აიღო, მესამე პერიოდის დარჩენილი 1 წუთი ჩაამთავრა და ბოლო ათწუთეულიდან რუსთაველებმა ხელახალი ძალებით შეუტიეს და თამაშიც მანამდელ, სათავისო კალაპოტს დაუბრუნეს. საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 88:81 (სტატისტიკა) მოიგეს და თასის გათამაშების ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვეს.





ჩვენ








