„თავკომბალა“ თბილისიდან, მთავარ დონორებამდე
„თავკომბალა“ თბილისიდან, მთავარ დონორებამდე
10.12.2017
ავტორი:

დაპირებების, ისევე არ სჯერა არავის, როგორც „მოსკოვს" ცრემლების. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში, სპორტული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ეს, თუ ქვეყნის, ან ადგილობრივი თვითმმართველობის, დაპირებებს, ყველა იძლევა. აი, არჩევის შემთხვევაში, ვინ როგორ გამოჩნდება საქმეში, ეს კიდევ, სხვა თემაა. თუმცა, გამონაკლისები ხდება და თბილისი, მგონი ასეთი გამონაკლისების ეპოქაში იწყებს ცხოვრებას. აი, რა იქნება ერთი, რიგითი სპორტული ფედერაციის ახალი საპრეზიდენტო გუნდის სიტყვასა და საქმეს შორის, ამას, 11 დეკემბერი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებზე გაკეთებული არჩევანი დაგვანახებს.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე, კი პრეზიდენტობის მსურველი ორიდან, ერთ-ერთმა კანდიდატმა პაატა გურასპაულმა საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია, დღეს, „დიდუბე პლაზას" დარბაზში გამართა. საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციას ძირითადად, ვეტერანი კალათბურთელები, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობა და ფედერაციის თითქმის მთელი შემადგენლობა (მათ გარდა, ვინც სუპერლიგის თამაშებს დღეს ემსახურებოდა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში), სპორტის რამდენიმე სხვა სახეობის წარმომადგენელი, პოლიტიკოსები და რამდენიმე მედია-საშუალების (მედია ჰოლდინგი „პალიტრა", საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელე იმედი, რუსთავი 2, სილქტვ და tsff.ge) ჟურნალისტები ვესწრებოდით.



პაატა გურასპაული, იმ თაობის კალათბურთელია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოური პერიოდის თბილისის „დინამოში" მოხვედრას მოესწრო. ამდენად, ვის, თუ არა მას, კარგად ახსოვს, გადაჭედილი დარბაზების წინ გამართული თამაშები და ისევე, როგორც იმ თაობის წარმომადგენლებს და უფრო ასაკიანებსაც, აქვთ კარგი გუნდისა და სავსე ტრიბუნის ნოსტალგია. სწორედ ამიტომ, გურასპაულმა თავისი პროგრამის პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდის დონორი, ყოველთვის რეგიონი იყო. „ამიტომ, „თავკომბალა" თბილისიდან (კარგი გაგებითო დაამატა), კალათბურთი, რეგიონებში უნდა გავიდეს. ფედერაციას, ექნება ყოველდღიური ურთერთობა რეგიონებთან. კალათბურთის განვითარების მიმართულებაზე თუ ვლაპარაკობთ, მიმაჩნია, რომ ეს რეგიონებიდან უნდა მოხდეს. სწორედ რეგიონებში ვხედავ დიდ რესურსს, რომელიც ჯერაც არ არის სათანადოდ ათვისებული" ,- აღნიშნა პაატა გურასპაულმა.

ü  ძლიერი ნაკრები;

ü  ძლიერი კლუბები;

ü  ძლიერი რეგიონები

ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რაზეც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პაატა გურასპაული და მისი გუნდი იმუშავებს. გურასპაულის ფედერაციაში, გამგეობის ქმედითუნარიანობის გაზრდასთან ერთდ, გამგეობის წევრების რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. „პრეზიდენტი, არ უნდა იყოს გამგეობის თავმჯდომარეო", - ამასთან ერთად დასძენს გურასპაული.


დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში, პაატა გურასპაული, ის პიროვნება იყო, რომელსაც გარკვეული პერიოდი ფედერაციის მმართველ სტუქტურაში მოუწია მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისთვის უცხო თემა არ უნდა იყოს ე.წ. „შეღავათები". ლაპარაკია, შეღავათებზე, ბიზნესექტორის იმ წარმომადგენელთათვის, რომლებიც სპორტს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ. „თემა „სპორტის კანონზე", ბევრს ტაბუდადებული ჰგონია. თუმცა, ასე არაა. მე, პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ სხვა ფედერაციებთან ერთდ, ეს საკითხი დავძრა, მხოლოდ, ეს უნდა იყოს, კარგად შეფუთული და მისადაგებული ქართულ რეალობასთან. მჯერა, რომ გამოგვივა", - ამბობს გურასპაული.

კიდევ ერთი თემის შესრულების ვალდებულებას იღებს პაატა გურასპაული. ეს არის, მონიტორინგი. მარტივად, რომ ავხსნათ, მონიტორინგი გულისხმობს სრული და დეტალური საინფორმაციო ბაზის შექმანს, თუ რამდენი ადამიანი და რა მიმართულებით არის დაკავებული კალათბურთში. სამწუხაროა, რომ მონაცემთა მსგავსი ბაზა დღემდე, დამოუკიდებელ ქართულ საკალათბურთო წრეებში არავის შეუქმნია. თუმცა, ამისთვის დრო საკმაოდ იყო.

„ფედერაციამ, არსებულმაც და წინა ფედერაციებმაც, ის სტრატეგია აიღეს, სწორი სტრატეგია. მარტო, იგორ კოკოშკოვის დასახელება იკმარებს იმისთვის, რომ ყველაფერი სწორად იყო დაგეგმილი. სწრაფი წარმატება, რომელსაც იგორ კოკოშკოვმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ნაკრებთან ერთად. თუმცა, არც ზუროსის ღვაწლი მინდა დავკარგო. ეს კაცი, ოჯახთან ერთად აპირებს საქართველოში გადმოსვლას. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებმა თამასა, რომელიც საკმაოდ მაღლა ასწია, არათუ შეინარჩუნოს, არამედ ახალ სიმაღლემდე ავიდეს. ნაკრების წარმატებისთვის აუცილებელია ძლიერი კლუბები. ჩვენი დევიზია, რაც შეიძლება, მეტი გუნდი ევროსარბიელზე. კალათბურთის ფედერაციამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი, პირდაპირ დაეხმაროს გუნდებს გაძლიერებასა და ევროსარბიელზე გასვლაში", - ამბობს გურასპაული, რომელსაც ასევე კარაგდ ესმის, რომ ქართულ კალათბურთში, თაობა ცვლის ურთულესი პერიოდი დადგა. ეს ყოველივე კი, ფიბასა და ევროლიგის „ომის" ფონზე მიმდინარეობს.



პრეზენტაციის მსვლელობისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც ოფიციალურად, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა წარადგინა, გაწეული საქმიანობისთვის არაერთხელ გადაუხადა მადლობა, მოქმედ ფედერაციას, მის ხელმძღვანელობასა და კიდევ უფრო წინა ხელმძღვანელობებს. „რამდენიმე თვის წინ, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვართ მზად განვავითაროდ სპორტის ის სახეობა, რა სახელითაც დღეს კალათბურთი სარგებლობს საქართველოში და არა, მარტო საქართველოში, ევროპაში და ახალი სისხლი, ახალი იდეები, ახალი პროექტები მოვიტანოთ. სწორედ ამიტომ მივიღე მე გადაწყვეტილება ვიყარო კენჭი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის" - ამბობს გურასპაული.

პროგრამა, რომელიც პაატა გურასპაულმა „უშუალოდ გააცნო" და „გულით მიიტანა" „დიდუბე პლაზაში" შეკრებილ საზოგადოებამდე, წინა საკალათბურთო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების პროგრამებიდან, დიდად არ განსხვავდებოდა. ისევე, როგორც სხვა დანარჩენში, აქაც მოხვდა ჩამონათვალში, კალათბურთში დასაქმებულთა სოციალური უზრუნველყოფა, მსაჯთა და მწვრთნელთა განათლებაზე და ქალთა კალათბურთზე ზრუნვა.

ერთად-ერთი, ალბათ, რამაც, წინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მოსული გუნდის პროგრამიდან, პაატა გურასპაულის პროგრამაში, განსხვავებულად გაიჟღრა, 3 დეკემბერს, თბილისის „ივენთ ჰოლში", „წლის წიგნის" პრეზენტაციისას, სპორტის მინისტრის მოადგილის მიერ გაჟღერებული დაპირებაა, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზის ფედერაციისთვის გადაცემის თაობაზე. უბრალოდ, თუ გურასპაული 11 დეკემბერს, 34 დელეგატიანმა ყრილობამ კალათბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩია და ტრადიციული საკალათბურთო დარბაზიც ფედერაციას დაუბრუნდა, გადახალისებული ფედერაციის ხელში კარგი კოზირი მოხვდება.  

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, ორშაბათს,  2017 წლის 11 დეკემბერს, 13 საათზე,  „ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

გიო მაჭავარიანის ფოტოები