თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
23.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან თბილისში, ფეხბურთის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნა. ვაკის სტადიონი, რომელიც წლების მანძილზე სპორტის უნივერსიტეტს  ეკუთვნოდა, ფეხბურთის და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს ერთგულად ემსახურებოდა, შემდეგ კი, უფუნქციო გახდა, კვლავ სპორტის სამსახურშია.


2019 წლის დეკემბერში, სპორტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აღნიშნული ტერიტორია ფედერაციას, სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადასცეს. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა კი, 2020 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით.


ახალი საფეხბურთო ცენტრი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს Hat-Trick-ის პროგრამის დაფინანსებით აშენდა.


„ეს ინფრასტრუქტურა პირველ რიგში ეკუთვნის ფეხბურთს და იმ ადამიანებს ვინც ამ სპორტის სახეობითაა დაინტერესებული. თუმცა აღნიშნული ცენტრი მხოლოდ ფეხბურთს არ მოხმარდება, ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ სპორტის უნივერსიტეტს და მის სტუდენტებს. ​ძირითადად, საფეხბურთო ცენტრით ბავშვთა სკოლები, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო სკოლები ისარგებლებენ. ეს ინფრასტრუქტურა სწორედ მასობრივი ფეხბურთისთვის იქმნება და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა, სფფ-ს პრეზიდენტმა.


საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ადგილობრივ მოსახლეობას.


 

სფფ-ს ფოტო