ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შემდეგ ლიდერი არ შეცვლილა
ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შემდეგ ლიდერი არ შეცვლილა
24.04.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020-21 წლების სეზონის  IX ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს უშუალო მეტოქეები, ბათუმის აკადემია და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. „მეზღვაურებმა" სანახაობრივ შეხვედრაში 2-1 იმარჯვეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.


ბსსა სწრაფი გოლით თამაშის მეორე წუთზევე მალხაზ შამილაძემ დააწინაურა. საბა გოგოლაძემ ტაიმის დასრულებამდე ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე გოგიტა აბულაძემ აკადემია კვლავ წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


საბა ეგრისელაშვილი, თსუ 2: „მინდა აღვნიშნო, რომ დაძაბული თამაში გამოდგა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობას დავაბრალებდი დღევანდელ მარცხს. ბევრი შეცდომა დავუშვით შეტევაში და ამის გამო დავისაჯეთ. მეორე ტაიმში გოლების გატანა გვმართებდა. უპირატესობით როცა ვუტევდით, მეკარემ ითამაშა კარგად. სატურნირო ცხრილში ძალიან დაძაბული ვითარებაა და ეს ქულები გვჭირდებოდა. შევეცდებით მომავალ თამაშებში მოვიპოვოთ გამარჯვება".


მალხაზ შამილაძე, ბსსა: „დავიწყებ იქიდან, რომ თსუ, ჩემი აზრით, ლიგაში ყველაზე დაბალანსებული გუნდია. დაცვაშიც და შეტევაშიც თანაბრად კარგად თამაშობენ, რაც ალბათ მათი გამოცდილი მწვრთნელის დამსახურებაა. მეტოქეს თამაშით ვაჯობეთ. პირველ ნახევარშიც შეგვეძლო დიდი უპირატესობა მოგვეპოვებინა და შემდეგ უფრო მარტივად გაგვეგრძელებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ორივე მხარეს გარკვეული უიღბლობებიც იყო, თუმცა, ვფიქრობ, ძლიერმა გაიმარჯვა".


***




მომდევნო მატჩში, არმია და გორს დაუპირისპირდა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა გორს 5-3 მოუგო და მიმდინარე გათამაშებაში პირველობა შეინარჩუნა.


„ძალოვნებმა" ორბურთიანი უპირატესობა მატჩის პირველ ნახევარში მოიპოვეს. ოცდამეხუთე წუთამდე კი ანგარიში ხუთამდე გაზარდეს. ილია ლუკაშვილის დუბლითა და დავით ადუაშვილის ერთი გოლით გორმა სამი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში წონაწორობის აღდგენა ვერ მოახერხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ირაკლი ლატარიასა და ბაკურ ნანეიშვილის სახელზე ორ-ორი გოლია.



ირაკლი ლატარია, არმია: „იქიდან გამომდინარე, რომ გორს ოთხეულში შესვლა უნდა, ველოდით დაძაბულ შეხვედრას. ჩვენი მიზანი სატურნირო ცხრილში პირველობის შენარჩუნება იყო და ბოლომდე ვიბრძოლეთ ამისთვის. ბევრი შეცდომა გვქონდა, მომენტები ვერ გამოვიყენეთ, აქედან გამომდინარე, მეორე ტაიმში თამაში უფრო დაიძაბა. გარკვეული ჩავარდნა გვქონდა, დაღლილობამ იჩინა თავი და მეტოქემ სხვაობის შემცირება შეძლო".


***



თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის IX ტურის შეხვედრები ილიაუნი 2-ისა და ქუთაისის მართვეს დაპირისპირებით დასრულდა. „სტუდენტებმა" მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 5-1 დაამარცხეს.


გურამ ნადარეიშვილმა ილიაუნი თამაშის დაწყებიდან ოც წამში დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ლაშა კურტანიძემ, საბა მაჩიტიძემ და გიორგი ახლანძემ უპირატესობა ოთხამდე გაზარდეს. ოცდამეშვიდე წუთზე აქტივში ერთი გოლი ირაკლი გაბისკირიამაც ჩაიწერა. „ქუთათურების" რიგებიდან პრესტიჟის გოლი გიორგი გურეშიძის სახელზეა.


ილიაუნის ამ გამარჯვებით ევროპის უნივერსიტეტისა და  თსუ 2-ის მსგავსად 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი სხვაობით მესამე პოზიციას იკავებს.


ფუტსალის ლიგა 2-ის X ტური 8 მაისს გაიმართება. მართვე გორს დაუპირისპირდება, არმია ევროპის უნივერსიტეტს შეხვდება, საქართველოს უნივერსიტეტი თსუ 2-ს გაეჯიბრება, ბათუმის აკადემია კი ილიაუნი 2-ს ეთამაშება.



sbm.ge-ს ფოტოები / ზურაბ გენგიური