ქართული საკალათბურთო ელიტა შიოს გარშემო ერთიანდება
ქართული საკალათბურთო ელიტა შიოს გარშემო ერთიანდება
10.12.2017
ავტორი:

გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, ზაზა ფაჩულია - ეს იმ კალათბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე საქართველოსა და ქართული კალათბურთს სახელის გასატანად, არც თუ ცოტა გააკეთეს. ბუნებრივია, მოქმედი სპორტსმენი, ნებისმიერ სახეობაში, ფედერაციაში მიმდინარე ბატალიებიდან შორსაა, რადგან მისი საქმე, ცხოვრების ამ მონაკვეთზე თამაშია. თუმცა, როგორც სჩანს, კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლი, ვითარება იმ კონდიციამდე დაიძაბა, რომ რამდენიმე დღეად და მთელი  9 დეკემბერს მანძილზე, ეროვნული ნაკრების  მოქმედი კალათბურთელები ოფიციალურად და ღიად, აფიქსირებენ საკუთარ პოზიციასა და არჩევანს.

ქართული კალათბურთისთვის მძიმე, თაობათა ცვლის პერიოდში, თაობა, რომელიც მიდის, თუმცა ჯერ ისევ „პარკეტზეა" და თაობა, რომელიც იღებს ესტაფეტას, მათი უდიდესი და წონადი ნაწილი საკალათბურთო ოჯახში სიახლეების მომხრეა. „როგორც ჩანს, ახალი გუნდი აპირებს კალათბურთის სათავეში მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემ ბატონ პაატა გურასპაულს, მიმაჩნია, რომ შიო ხეცურიანს განვითარების უკეთესი პროგრამა აქვს და იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს, მჯერა, რომ შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას. თუმცა, ადვილი არ იქნება" - განაცხადა მანუჩარ მარკოიშვილმა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა „სპორტალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


საქართველოს ნაკრებისა და მალაგას "უნიკახას" ცენტრმა გიორგი შერმადინმა კი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით! მჯერა, რომ შიო ხეცურიანი თავისი გუნდით, მრავალწლიანი გეგმით და სწორი ხედვით შეძლებს ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას. მინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა შიოსადმი!!! ერთად განვავითაროთ ქართული კალათბურთი!!!"

„ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით. მე მჯერა, რომ Shio Khetsuriani, თავის პროგრამასთან და გუნდთან ერთად, არის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატი. მე მეჯრა, რომ ის შეძლებს მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემების აღმოფხვრას და ქართული კალათბურთის სწორად განვითარებას. ჩემი ხმა შიოს", - წერს საკუთარ გვერდზე გიორგი ცინცაძე.

 


„მოგესალმებით, დიდი იმედი მქონდა რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის კალათბურთის მიმართ და წლების მანძილზე დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი გამეკეთებინა ეს განცხადება!

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. იმის შემდეგ რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღეს დღეობით არის წარდგენილი 2 კანდიდატი...

მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო ხეცურიანს. ვთვლი რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში.

 


დიდი იმედი მაქვს რომ, ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენ საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება!" - წერს თორნიკე შენგელია.

„მე პირადად ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობ მსოფლიო ბავშვთა კალთბურთის განვითარების პროგრამაში. მე ვარ ერთადერთი კვალიფიცირებული ქართველი მწვრთნელი საერთაშორისო ასპარეზე. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გავმხდარიყავი უამრავი ახალგაზრდა კალთბურთელის ცხოვრების ნაწილი, მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება შემესწავლა თუ როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდა კალთბურთელი . ზუსტად ვხედავ რა პრობლემის წინაშე დგას დღეს ქართული კალთბურთი.

დღეს ქართული კალათბურთი არის უმძიმეს მდგომარეობაში! ნორჩ კალთბურთელებს დღეს არ ყავს პატრონი, ქარათულ კალთბურთს სჭირდება შველა. წლების მანძილზე უაზროდ იკარგება უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა, ქვეყანაში არ არსებობს ბავშვთა კალათბურთის განვითარების პროგრამა, საქართველოში ვერ ვითარდებიან კალათბურთელები, საქართველოში ვერ ვითარდებიან მწვრთნელები, საქართველოს ჩემპიონატი დღეს არის ერთერთი ყველაზე დაბალი დონე ევროპაში.

 


მე მხარს ვუჭერ ქართველი ნიჭიერი კალათბურთელების განვითარებას. ჩემი ხმა Shio Khetsuriani-ს. ნუ იქნები ჩუმად გვერდში დაუდექი ქართულ კალთბურთს" - წერს, ლაშა ფარღალავა.

კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ვერც გულშემატკივრები. მიუხედავად ამისა, ქართულ საკალათბურთო რეალობაში, ერთადერთი ფან-კლუბი, არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

„ჩვენი ფან-კლუბი გუნდთან ერთად აგერ უკვე წლებია არსებობს და არასდროს ჩარეულა ფედერაციის საქმიანობებში, მაგრამ ის რაც დღეს ქართულ კალათბურთში ხდება, როგორც მინიმუმ, მარაზმია და ხმის ამოუღებლობა დიდ დანაშაულად მიგვაჩნია.

დაცარიელებული დარბაზები, ბასკონიაში გაბნეული მილიონობით ევროები, მოუწესრიგებელი ცხრილ-კალენდრები, დახურული ვებ-გვერდები, გაუშუქებელი თამაშები, გადაუმზადებელი მსაჯები, უმიზეზოდ განთავისუფლებული მწვრთნელები... ეს 4 წლის ,,მუშაობის'' შედეგებია!!!

შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი გასარჩევია, რომ ნებისმისერ სხვა სპორტის სახეობათან შედარებით, კალათბურთის ფედერაცია უკონკურენტოდ უსუსური და უუნაროა. ეროვნული ნაკრების შედეგებზე ამოფარებულები, დღეს უკვე სხვადასხვა გაიძვერული მეთოდებით ცდილობენ ხმების მოპარვას და მართველობაში დარჩენას, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ იმ საქმეში, სადაც საქმეს სიყვარულით არ აკეთებ და ,,მოლევაზე'' ხარ, შენი საათები დათვლილია.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ არჩევნებში ღირსეული გაიმარჯვებს და ქართულ კალათბურთს ამ წუმპიდან ამოიყვანს. ჩვენის მხრივ კი, შიო ხეცურიანს და მის გუნდს წარმატებებს ვუსურვებთ", - იტყობინება „ქუთაისის" ფან-კლუბის, Green Boys-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა, ორშაბათს,  2017 წლის 11 დეკემბერს, 13 საათზე,  „ქორთიარდ მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.