ქართველი გულშემატკივრისთვის ყველა მატჩი საინტერესო იქნება
ქართველი გულშემატკივრისთვის ყველა მატჩი საინტერესო იქნება
29.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ბერლინში გამართული „ევრობასკეტ 2022"-ის წილისყრის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა, საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვედრილი მეტოქეები შეაფასა და მომავალ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები გეგმებზე, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.


ესპანეთი


„ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ის ბოლო ათწლეულის ევროპის საუკეთესო გუნდია. სასიამოვნოა, რომ ქართველ გულშემატკივარს საშუალება მიეცემა საკუთარი თვალით იხილოს ეს ლეგენდარული ნაკრები. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნაკრები ყველა მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი."


რუსეთი


„რუსეთის ნაკრები ბედისწერამ გვარგუნა. წინასწარ ვიცოდით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე იქნებოდა. საქართველო მასთანაც, რასაკვირველია, მოსაგებად იბრძოლებს."


თურქეთი


„ჩვენს მიერ არჩეული პარტნიორი, თურქეთის ნაკრები ძალიან სერიოზული გუნდია თავისი შეინ ლარკინით. ის ძალიან ძლიერი კონკურენტი იქნება ნებისმიერი გუნდისთვის. პირველი ადგილისთვის თურქეთიც იბრძოლებს."


ბელგია


„მეხუთე და მეექვსე კალათებიდან შეგვხვდა ბელგია და ბულგარეთი. ბელგიელებთან არაერთხელ გვითამაშია და ვიცით, რომ ბოლომდე იბრძვის, არასოდეს ნებდება. ამ ნაკრების რამდენიმე კალათბურთელი ევროპის ტოპ-გუნდებში თამაშობს. მათ შეუძლიათ მიზნად ჯგუფიდან გასვლა დაისახონ."


ბულგარეთი


„ბულგარეთის ნაკრები თითქოს ყველაზე სუსტია, თუმცა ბოლო შესარჩევ ეტაპზე მაღალ დონეზე ითამაშა. მან ფინალური ეტაპის მიღმა დატოვა ლატვიის ძლიერი ნაკრები. არა მგონია, ბულგარელები თბილისში სტატისტის როლით დაკმაყოფილდნენ."


„ევრობასკეტი 2022"-ის წილისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, რუსეთთან, თურქეთთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან.


„ევროპის ჩემპიონატის წილისყრის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დამეუფლა შეგრძნება, რომ ქართული კალათბურთი ევროპული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველა მატჩი საინტერესო იქნება და წინასწარ რთულია იმის თქმა, რომელი ოთხი გუნდი განაგრძობს თამაშს მერვედფინალში", - ამბობს, პაატა გურასპაული.


აქვე, შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები B ჯგუფიდან, რომელიმე გუნდს დაუპირისპირდება.


ასევე იხილეთ