ქართული დერბი „დინამო თბილისმა“ მოიგო, აჭარული - ბათუმის „დინამომ“
ქართული დერბი „დინამო თბილისმა“ მოიგო, აჭარული - ბათუმის „დინამომ“
29.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„სააღდგომო არდადეგებზე" ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, მე-11 ტურის შემდეგაც არაფერი შეცვლილა. გათამაშებას კვლავინდებურად, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო თბილისი" ლიდერობს, რომელიც ბათუმის „დინამოს" კვლავ 3 ქულით უსწრებს და მე-12 ტურშიც, სწორედ მათ, ბათუმის ახალ სტადიონზე დაუპირისპირდება. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის, მატჩის ჩატარების ადგილად, სწორედ, ქვეყნის ყველაზე ახალი და თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული სტადიონი სახელდება.


***


მე-11 ტური კი, თელავში, „კავკასიონი არენაზე", ადგილობრივი „თელავისა" და თბილისის „ლოკომოტივის" დაპირისპირებით დაწყო. თბილისური გუნდი თელავში, მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის გარეშე ჩავიდა, რომლისთვისაც ჯერ სადისციპლინოს ვერდიქტი არ გამოუტანია. სტუმრებს, მთავარი მწვრთნელის გარეშე დაუხვდა „თელავიც". თამაშამდე, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდს, რევაზ გოცირიძის ნაცვლად, რომელმაც გუნდი დატოვა, დროებით მისი თანაშემწე, ბესიკ აბულაძე გაწვრთნიდა. აბულაძეს კი, მატჩის დასაწყისშივე, იმრანის გოლის შემდეგ სანერვიულო მიეცა, თუმცა, სტუმართა მიერ, მე-6 წუთზე გატანილ გოლს, მიხეილ ბაშელეიშვილმა მე-15 წუთზე გოლითვე უპასუხა. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის პირველი ტაიმი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ანგარიშის მიხედვით კი, თელაველთა სასარგებლო დასრულდა. 32-ე წუთზე გიორგი ჯანელიძის გადაცემის შემდეგ, ილია ბერიაშვილმა, მასპინძლები კვლავ დაწინაურდა, 2-1. განსხვავებული გამოდგა შეხვედრის მეორე ტაიმი. გიორგი დეკანოსიძის ხელმძღვანელობით, მატჩის ეს მონაკვეთი, თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. სხვათა შორის, ლოკომოტიველთა შორის, გურამ კაშიას გამოვყოფდით, თუმცა, არა მისთვის ჩვეულ პოზიციაზე თამაშის გამო. ქართული ფეხბურთის მოქმედი ლეგენდა, ამ შეხვედრაში, მოწინააღმდეგის კართან, შემტევებზე მეტად აქტიურობდა. 72- წუთზე კვლავ იმრანის სახელთან არის დაკავშირებული თელაველთა კარში გასული მეორე გოლიც. იმრანის ჩამოწოდებული კუთხური ნიკა სანდოხაძემ გადაგზავნა თავით, კახელთა კარში და „ლოკომოტივს" ქულა გადაურჩინა, 2-2.


 ***


ტურის მეორე შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილასა" და „სამტრედიას" შორის, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ტრადიციულად, გორელთა შორის თორნიკე კაპანაძე აქტიურობდა. სწორედ, მან დაიწყო შეტევა, რომელიც ირაკლი ბიძინაშვილმა გააგრძელა და გოლით, 36-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ დაასრულა. მეორე ტაიმის სტარტზევე, გია ცეცაძის შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. გივი იოსელიანის ჩაწოდებულ საჯარიმო დარტყმას, ზურაბ ერაძემ შეუცვალა მიმართულება და ბურთი, კარში გადაგზავნა, 1-1. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში, ორივე გუნდი ეცადა გოლის გატანას, ამ დღეს, გორში, მეტი გოლი აღარ გასულა. თუმცა, ამაში ალბათ, უფრო მეტად, ორივე გუნდის მეკარეების დამსახურებაა.


***


ერთი ქულით გადაასწრო „დილას" და ამ ტურის შემდგე, სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზეა თბილისის „საბურთალო", რომელმაც მიხელ მესხზე „სამგურალის" დამარცხება მოახერხა, 2-0. თბილისელებმა, ორივე გოლი, გოირგი ლაცაბიძის გადაცემების შემდეგ გაიტანეს. თავდაპირველად, მე-16 წუთზე, მაქსიმე ქვილითაიას კარი დმიტრი მანდრიჩენკომ აიღო, 51-ე წუთზე კი, ანგარიში ორამდე იური ტაბატაძემ გაზარდა.  


***

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, აჭარის მთავარი ქალაქის გუნდმა „დინამომ", რანგით მეორე ქალაქის გუნდს, „შუქურას" გადაურა. უფრო, მეტიც, ამ შეხვედრაში ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, მოსამზადებელი ციკლისას, სპარინგის დროს, რომ გახსენდება კაცს. ანგარიში, გიორგი შაშიაშვილის ფეხბურთელებმა მე-14 წუთზე გახსნეს ლევან ინგოროყვას გოლით, თუმცა, შემდეგ რაც მოხდა, ქობულეთელებს, ალბათ, კარგა ხანს ემახსოვრებათ. ბათუმელთაგან ამ დღეს დუბლი, ერთბაშად, სამმა ფეხბურთელმა ჩაიწერა, ლუკას გროზურეკმა, გიორგი ფანცულაიამ და ჯაბა ჯიღაურმა. თუმცა, დუბლების ამ კასკადამდე, ანგარიში მე-20 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაათანაბრა. ბათუმის „დინამოს" მაისურით, სადებიუტო გოლი გაიტანა, გორგი ზარიამაც. ბათუმის „დინამომ" კი, გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის მშობლიურ სტადიონზე, ზესტაფონში, 1-8 მოიგო და მეორე წრის ცენტრალური მატჩის წინ, შეიძლება ითქვას, კარგად ივარჯიშა.


***


ტურის ბოლო მატჩი კი, თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართა. რიგით 79-ე ქართულ დერბიში, გამარჯვება „დინამო თბილისს" დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში თავიდანვე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, ამ მატჩში, ერთად-ერთ გოლი გავიდა და ისიც, შეხვედრის 65-ე წუთზე. დინო ჰამზიჩის, რომელიც ამ მატჩიც კარგად ართმევდა თავს დინამოელთა შეტევებს, კარში გოლი მინდორზე 2 წუთის შემოსულმა თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა. ეს, 19 წლის ფეხბურთელისთვის, ეროვნულ ლიგაში გატანილი სადებიუტო გოლია. „დინამო თბილისმა", „ტორპედო" 1-0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. სხვათა შორის, შეხვედრას „ტორპედოს" ყოფილი და 99%-ით (გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ხელშეკრულება არ გაფორმებულა) მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანიც ესწრებოდა, რომელიც მატჩს, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. რაც შეეხება, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „დინამო თბილისმა" მატჩს დაწყებამდე 2 საათით ადრე დააანონსა, საქართველოს ნაკრების შემტევთან, ჯანო ანანიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზეც.

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე უკვე თევზე მეტია მედიკა მეთვალყურეობის ქვეშ ემზადებოდა, ბოლო დღეები კი, გუნდთან ერთად, ინტენსიურად ვარჯიშობს. ანანიძემ,  „დინამო თბილისთან" 1+1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კლუბში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.


სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი