
ქართველმა მთამსვლელმა არჩილ ბადრიაშვილმა, 29 აპრილს, მწვერვალ მაკალუს (8,485 მეტრი ზღვის დონიდან) საბაზო ბანაკიდან მორიგი შეტყობინება გადმოსცა. მსოფლიოში სიმაღლით მეხუთე, რთული და ცივილიზაციიდან მოწყვეტილი მთის, მაკალუს საბაზო ბანაკი 5700 მეტრზე მდებარეობს.
„დავბრუნდით მესამე, მძიმე როტაციიდან. გიორგიმ და მე, ამჯერადაც დამოუკიდებლად დავამუშავეთ ტექნიკურად რთული გზის - მეორე და მესამე ბანაკისკენ 7000 მეტრს ზევით, კლდოვანი სარტყელის დახრილი ნაწილი. რესურსი ამოვწურეთ და ტექნიკურად რთული მონაკვეთები სრულად ავითვისეთ. გზა საბაზო ბანაკიდან 7000 მეტრამდე გაკვალული, მარკირებული და დამუშავებულია - ალპინისტური თვალსაზრისით", - იტყობინება ბადრიაშვილი.
აღნიშნული შეტყობინების გადმოცემისას ის და მისი მეწყვილე, გიორგი ტეფნაძე, საბაზო ბანაკში იმყოფებიან, „ხან ქარბუქში, ხანაც მზეში, ვკითხულობთ და ვისვენებთ" -ო. მათივე ინფორმაციით, ბანაკში 15-ზე მეტი შერპი, 10 ნეპალელი ჯარისკაცი, 10 „დასავლეთ მიწების" ბინადარი და ბანაკის „სტაფი", დაახლოებით 8 ადამიანი იმყოფება.
„ვფიქრობთ, მოვიდა დრო და მწვერვალისკენ გზის გაკვლევის საქმეში სხვა, ჩვენზე გამოცდილი შერპებიც და ადგილობრივებიც უნდა ჩაერთონ. გასავლელი და დასამუშავებელი რჩება 300 მეტრი, მესამე ბანაკამდე და გზა, ბოლო ბანაკიდან მწვერვალამდე. ამისთვის ჩვენმა ამხანაგებმა (ნურუ ჩები და სონამმა), უკვე შეაგდეს ჟანგბადის ბალონები მეორე ბანაკში, მათ სხვებიც დაეხმარებიან. თუმცა, მათი როტაციის დრო ჩვენთვის უცნობია, რაც ნიშნავს რომ, ჩვენს გარდა, არავინ ცდილობს გამოიყენოს ეს დიდი, კარგი ამინდის „ფანჯარა", რათა დასრულდეს სასიმაღლო ბანაკამდე მთის მომზადება. მოკლედ, რომ ვთქვათ, არავინ ჩქარობს ჩვენს გარდა.
წარმატებები ყველა პასუხისმგებლიან გზისმკვალავს და ყინულ-მჭრელს. გულთბილი მოკითხვა საქართველოს და მეგობრებს ჩვენგან", - წერს ბადრიაშილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მთამსვლელები, არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე, ჰიმალაიში, ერთი თვის წინ, 31 მარტს გაემგზავრნენ (იხილეთ სტატია). მათი სამიზნე, „შავი გოლიათია", მთა, რომელიც, ერთ-ერთი რთულად დასალაშქრი მთაა და შესაბამისად ექსპედიციაც, ჩვენი მთამსვლელებისთვის საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.

აქვე გთავაზობთ ასვლის ქრონოლოგია:
06.04.2021
მთაზე ასვლის პირველი პერმიტი გაიცა!
გიორგი და მე ,,ტრადიციულად" (ნანგა პარბატი შემოდგომა 2018 და ზაფხული 2019) მთისკენ პირველები დავიძარით. სიტუაცია ასეთია, „შავ გოლიათზე" საკუთარ ძალებს მოსინჯავს
ორი ინტერნაციონალური ექსპედიცია, 18 მთამსვლელი და მოსიმაღლე ტურისტი; ამსვლელთა უმეტესობას კამპანიას გაუწევს პირადი შერპი. ეს ხალხი გადამწყვეტ როლს თამაშობს კომერციული ასვლების წარმატებაში. მთაზე აგრეთვე იმუშავებს ნეპალური გუნდი, ბანაკების დასუფთავების მიზნით.
როგორც პირველი ინტერნაციონალური ექსპედიციის ოფიციალური ლიდერი შემოგთავაზებთ ჩემს მოსაზრებას:
განთქმულ მწვერვალზე ასვლის მსურველთა მცირე რიცხვი წელს გარემოს და პირობებს უფრო ბუნებრივს გახდის, ასე გამოწვევაც მეტი იქნება; ეს კი განსაკუთრებით მათთვის, ვინც საბაზო ბანაკიდან მწვერვალის გზის დამუშავებაზე იზრუნებს და მათთვის ვინც დამხმარე ჟანგბადის გამოყენების გარეშე აპირებს ასვლას.
გვახსოვხართ და გვეგულებით!
ამ მომენტში გიორგი და მე 6-დღიანი კარანტინის და გადადებული ფრენის შემდეგ, ჯიპით შევუდექით 24-საათიან გადასვლას კატმანდუდან ტრეკის დასაწყისამდე.
07.04.2021
ახლა კი ვტოვებთ ცივილიზაციას და ნელ-ნელა პირველყოფილი ბუნების ხელში გადავდივართ, ორი თვით.
Ruska, ჩვენი გამოცდილი ზურგი, მეტეოროლოგი, მენეჯერი და ჯადოქარი ვიმედოვნებთ რომ შეითავსებს ჩვენი სიგნალების თარჯიმნობას და მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას ასვლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებიდან.
მიდი რუსკა!
ნახვამდის ხალხნო!
ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით.
ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!
18.04.2021
რვა დღის სიარულის შემდეგ, ბიჭები: გიორგი ტეფნაძე და არჩილ ბადრიაშვილი 15 აპრილს ავიდნენ საბაზო ბანაკში.
17 აპრილს სატელიტური ტელეფონის მეშვეობით მოვიდა არჩილის შეტყობინება: ,,15 აპრილს გიორგი და მე ამოვედით და გავშალეთ მაკალუს საბაზო ბანაკი და ცხადში ვნახეთ მაკალუს გრანდიოზული კედლები და ქედები.
დროს არ ვკარგავთ და დღეს, 17 აპრილს, 6300 მეტრზე ავედით, გავამაგრეთ ძველი თოკები და ჩვენი ბანაკის თავზე, ყინულის დაფაზე დავკიდეთ 150 მ თოკი. მთამსვლელებს რაც შეეხება, ჯერჯერობით საბაზო ბანაკში არავინ ამოსულა.
წარმატებები!"
25.04.2021
არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე 20 აპრილს საბაზო ბანაკიდან მეორე ბანაკში, დაახლოებით 6600 მეტრზე ავიდნენ და იქ, ღამისთევით გაჩერდნენ.
მომდევნო დღეს, 21 აპრილს მათ „აიწიეს" 6800 მეტრამდე და შემდეგ, საბაზო ბანაკში დაბრუნდნენ.
ქართველო მთამსვლელები, წელს პირველები არიან, ვინც მთაზე სააკლიმატიზაციო ასვლები დაიწყო.
დღეს, 25 აპრილს, საბაზო ბანაკში ჩატარდა პუჯას (Puja) რიტუალი - ეს არის აუცილებელი ცერემონია, რომელიც საბაზო ბანაკში ტრადიციულად ტარდება მთის, ღვთაებების პატივსაცემად. ამ დროს, შინ მშვიდობით დაბრუნებისათვის საგანგებო ლოცვები აღევლინება. დღესვე, დღის მეორე ნახევარში ბიჭები ავიდნენ კვლავ მეორე ბანაკში. თავს კარგად გრძნობენ და ხვალ შეეცდებიან სააკლიმატიზაციოდ მესამე ბანაკში, 7400 მეტრზე „აიწიონ".
მოკითხვას უთვლიან ყველა გულშემატკივარს და თქვენგანაც გადავეცით კეთილი სურვილები.
სარედაქციო მინიშნება - ტექსტის ავტორი რუსუდან ბადრიაშვილი არის, არჩილის უმცროსი და, რომელიც არჩილის მონაწილეობით, ყველა ექპედიციის ვირტუალური მონაწილეა და მთაზე მომუშავე ჯგუფთან მუდმივ კავშირზე არის.
ექსპედიციის ფოტოები





ჩვენ








