
საკალათბურთო სუპერლიგა, 5 მაისიდან დასკვნით ფაზაში შედის. 5 და 6 მაისს, რეგულარული ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი, ერთმანეთს ფლეი-ოფებში შეხვდება. გათამაშების ამ ეტაპზე. გუნდები, ტრადიციულად, ჩემპიონატზე დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ.
„რუსთავი" (1) - „თსუ" (8)
„ქუთაისი" (2) - „დინამო" (7)
„ცხუმ-აფხაზეთი" (3) - „ოლიმპი" (6)
„კაკტუსი" (4) - „ვერა" (5)
ამ რაუნდის პირველი მატჩი, 5 მაისს ქუთაისში გაიმართება. მომდევნო დღიდან კი, შეხვედრები რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
გათამაშების დებულების მიხედვით, მოედნის უპირატესობა წყვილში პირველად მითითებულ გუნდებს აქვთ. ეს უფლება, მათ ცხრილში მეტოქეზე უკეთესი ადგილის დაკავებით მოიპოვეს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები ორ მოგებამდე გაგრძელდება. ფინალური სერია კი, სამ მოგებამდე ჩატარდება. თუმცა, იმ პერიოდისთვის არსებული კოვიდ-სიტუაციიდან გამომდინარე არაა გამორიცხული, ფინალური სერიაშიც გამარჯვებული, ორმა მოგებულმა მატჩმა გამოავლინოს.
***
4 მაისიდან აიღებს სტარტს სუპერლიგის საკვალიფიკაციო სერია, რომელშიც ერთმანეთს „ბათუმი" და „კავკასია" შეხვდებიან. ამ შემთხვევაში სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება და გამარჯვებული მომავალი სეზონის სუპერლიგაში ადგილს მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ „ბათუმმა" რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს. მისი მეტოქე „ა" ლიგის ფინალში დამარცხებული „კავკასიაა". სუპერლიგა დატოვა ბოლოადგილოსანმა „მგზავრებმა", რომლის ადგილსაც მომავალ სეზონში "ა" ლიგის ჩემპიონი "მეგა" დაიკავებს.
საკვალიფიკაციო სერიის საწყისი მატჩები 4 და 5 მაისს ბათუმში გაიმართება, ხოლო 8-ში გუნდები თბილისში ითამაშებენ. საჭიროების შემთხვევაში, სერიის მე-4 მატჩი 9 მაისს თბილისში, ხოლო მე-5 შეხვედრა ბათუმში, 11 მაისს ჩატარდება.





ჩვენ








