
მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირი, პირველი აღმოჩნდა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, რომელის ფინალიც ქართველმა სეტის წაუგებლად მოიგო. კარიერაში კი, გერმანული ტურნირი, ბასილაშვილისთვის ATP-ს რიგით მეხუთე მოგებული ტურნირია.
ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა, 86 წუთში ორი სეტი, თითქმის უშეცდომოდ ითამაშა და გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი 6-4, 7-6 დაამარცხა.
„ეს არ იყო იოლი და განსაკუთრებით ბოლოში, ძალიან დაძაბული იყო. რთული იყო. იანთან, არასდროს არის მარტივი, რადგან მებრძოლია და კარგად თამაშობს. მგონია, რომ გერმანული პირობები მომწონს. ეს არის ჩემი მეხუთე (ATP) ტიტული და თავდაჯერებულობას შემმატებს მომავალი ტურნირების წინ. ძალიან მონდომებული ვიყავი, ეს ტურნირი კარგად მეთამაშა", - აღნიშნა ბასილაშვილმა ტურნირის დასრულების შემდეგ.
ამავე ინტერვიუში, რომელიც დღეს, atptour.com-მა გამოაქვეყნა, ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ახალ მწვრთნელს არ ეძებს და ტურნირებზე ის, ფიტნეს მწვრთნელთან და ფიტოთერაპევტთან ერთად მოგზაურობს, რაც ჯერ-ჯერობით, აკმაყოფილებს.
მომდევნო ტურნირი, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს „მადრიდის მასტერსია". აღნიშნულმა ტურნირმა, სწორედ დღეს აიღო სტარტი. ქართველი კი, სასტარტო მატჩს, ფრანგ ბენუა პერის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 35-ე ნომერია.
მიუნხენში ტურნირის მოგებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბასილაშვილი ახალ რეიტინგში, ოთხი საფეხურით დაწინაურდება და სავარაუდოდ, ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში, ის, 31-ე ნომერად იქნება შეყვანილი. ახალი პოზიცია, მომავალ მნიშვნელოვან სტარტებზე, განთესილთა შორის მოხვედრის შანსს აძლევს, ერთ-ერთი ასეთი კი, როლან გაროსია.
ფოტო: atptour.com





ჩვენ








