რა მოხდა არჩევნებზე და სადამდე მიგვიყვანს ეს გზა?!
რა მოხდა არჩევნებზე და სადამდე მიგვიყვანს ეს გზა?!
11.12.2017
ავტორი:

ვერ გეტყვით წინათგრძნობა იყო, თუ წლების მანძილზე ნაგროვები გამოცდილება, მაგრამ დაახლოებით ერთი კვირაა აკვიატებულ აზრად მექცა, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატიღა დარჩებოდა. ეს გრძნობა, განსაკუთრებით პარასკევს, „პრაიმტაიმში", პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, შიო ხეცურიანის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ გამიჩნდა.  „ვიყრი კენჭს თუ არა, მოვხსნი საკუთარ კანდიდატურას თუ არა, გავიმარჯვებ თუ არა, საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ორშაბათს, 2017 წლის 11 დეკემბერს გაიმართება, ლეგიტიმური იქნება" - ეს იყო შიო ხეცურიანის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელმაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე, პირდაპირი მინიშნებასავით გაიჟღერა. უკვე არჩევნების დასრულების შემდეგ, საზოგადოებაში ბევრ სხვა კითხვასთან ერთად, დაისვა კიდევ ერთი - თუ იცი, პაატა გურასაულმა (რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს) უკვე ხომ არ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებო.


ვინც ქართულ სპორტში, ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს კარგად იცნობს, არც ყველაზე აქტიური კანდიდატის არჩევნებამდე „ჩახსნა" აკვირვებს და არც უკვე არჩეული პრეზიდენტის გადადგომა, არჩევიდან ნახევარ საათში. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის (რომელმაც დაახლოებით 35-40 წუთი, ანუ „სუფთა" საკალათბურთ დრომ გასტანა. სხვათა შორის, „ქორთიარდ მერიოტში" მისულს, ძალოვანები დაგვხდნენ სახელდახელოდ მობილიზებულები. როგორც ჩანს, კალათბურთის ფედერაციამ, სპორტის სხვა სახეობებში ჩატარებული არჩევნების გამოცდილება გაითვალისწინა. თუმცა, კალათბურთი, რა დაპირისპირებაც არ უნდა ყოფილიყო, ის „ოჯახი" იყო, სადაც ყველა ამბავი იქვე „იხარშებოდა") დასრულების შემდეგ, წარსულში რეიტინგული კალათბურთელი და საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს" მფლობელი იტყვის, რომ ფედერაციამ, ფიბასთან ჰარმონიაში მყოფი დებულებით იხელმძღვანელა. „რამოდენიმე წელია, ამ პრობლემაზე ვლაპარაკობთ. თუმცა, ეს პრობლემა გამოსწორებული იქნა. ამ ფედერაციის მიერ წესდება სრულყოფილად არის მოყვანილი ფიბასთან მიმართებაში და ეს არის, ჩვენი კონსტიტუცია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. და გზა, ფედერაციის პრეზიდენტობისკენ, გადის სუბიექტებზე, რომლებიც წარმოდგენილი ვიყავით დღეს და საერთოდ კალათბურთში ვოპერირებთ და არანაირად მოთამაშეებზე. ვთვლი, რომ გამგეობის გაფართოებული შემადგენლობა, ამ თემაზეც ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ", - ამბობს ვატო ნაცვლიშვილი, საკაათბურთო კლუბი თბილისის „დინამოს" პრეზიდენტი.


ბუნებრივია, მოთამაშეთა მთავარი მოვალეობა თამაშია ნაკრების მოთამაშეებისთვის, თამაში ქყვეყნისთვის. თუმცა, აზრის გამოთქმისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების კონსტიტუციური უფლება აქვს ყველას, მათ შორის მოთამაშეს და ვიმედოვნებ, რომ არჩევნებამდე, შიო ხეცურიანის მხარდასაჭერად გაერთიანებული საკალათბურთო ელიტა (და ამ სიტყვის ხმარებას არ მოვერიდები, რადგან თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი ცინცაძე და ზაზა ფაჩულია არის თანამედროვე, მოქმედი კალათბურთის ელიტა და ეს, არავისთვის საწყენი და დამამცირებელი, მითუმეტეს საქილიკო თემა არაა, მითუმეტეს მათთვის, ვისაც არც კალათბურთისთვის და ჯერ, არც სხვა საქმიანობისთვის 2 აგურიც კი არ აქვს ერთმანეთზე დადებული) „რეპრესიების მსხვერპლი" არ გახდება.

„ვფიქრობ, მოთამაშეებს, საკუთარი პოზიცია არ უნდა დაეფიქსირებინათ, მაგრამ ამას ვერავის აუკრძალავ. არანაირი პრობლემა არავისთან არ იარსებებს, ისინი არიან წარმატებული სპორტსმენები, წარმატებული კალათბურთელები და მათი მისია და ვალი არის ნაკრებში თამაში. ისევე, როგორც კლუბებში. არანაირი პრეტენზია იმის გამო, რომ მათ დააფიქსირეს შიო ხეცურიანის მიმართ თავიანთი პოზიცია და სიმპათია არ იქნება. უბრალოდ, ამის პირობას, მე ვიძლევი" - ამბობს პაატა გურასპაული.


„ვთვლი, რომ მოთამაშე არ უნდა ერეოდეს ისეთ საკითხებში, როგორიც ფედერაციის არჩევნებია. თუმცა, ამ თემაზე ყველას თავის შეხედულება აქვს. ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა პაატა გაიმარჯვებდა დღეს, თუ შიო. ახლა, უნდა გავვერთიანდეთ და მივხვედოთ საქმეს, კალათბურთის წინსვლისთვის"- ამბობს ნიკა ცქიტიშვილი.

გაერთიანდება თუ არა ქართული საკალათბურთო სამყარო, ამას უახლოესი დღეები გვაჩვენებს. თითქმის მთელი საღამოა, ვცდილობ, საქართველოს ეროვნული ნაკრების იმ მოთამაშეთა ნაწილთან დაკავშირებას, რომლებმაც ხეცურიანის სასარგებლოდ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. თუმცა, ამ ეტაპზე სპორტსმენები დუმილს ამჯობინებენ. არჩევნებადე, ერთი საათით ადრე, სასტუმრო „რუმსში", კალათბურთს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა, ჟურნალისტების შეკითხვას, იყვნენ თუ არა, მისი მხარდამჭერი ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ხეცურიანის გადაწყვეტილების შესახებ კურსში, აღნიშნა, რომ შიოს აზრი, მის გასაჯაროვებამდე იცოდა ყველამ.


„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანამოაზრეს. ჩემს ყველა მეგობარს. ყველას, ვინც გვერდში მედგა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ვინც იბრძოდა ჩემთან ერთად, იმ უსამართლობის წინააღდმეგ, რაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის და დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირდება. არაერთხელ ვისაუბრეთ ამ უსამართლობის შესახებ, ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, გამგეობის ქმედებებზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება. დღესაც არ ვიცით დელეგატების სია, თუ ვინ იქნება არჩევნების დროს. ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით, გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ  პირადი ინტერესების დამარცხება. ვიღაცების პირადი ინტერესები, უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარების ინტერესები. შესაბამისად, მე ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი ამ არჩევნებიდან", - განაცხადა  შიო ხეცურიანმა, ერთი საათით ადრე სასტუმრო „რუმსში" საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე.

რა გახდა რეალურადö შიო ხეცურიანის ამ გადაწყვეტილების მიზეზი, რთული სათქმელია. ერთ მომენტში, გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ მას პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. თუმცა, არც „რუმსში" და არც ამის შემეგ, ხეცურიანს რაიმე მიმანიშნებელი, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.  თქვა, მხოლოდ ის, რომ იმ ჯგუფთან, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს ფედერაციას, ის არ ითანამშრომლებს.


„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ქართულ კალათბურთში უნდა რაიმეს გაკეთება მე გვერდში არ დავიყენო. ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც უნდა ქართული კალათბურთის დახმარება და წინსვლა, იყოს იმ დიდ გუნდში და მე ამას ვამბობ პირველი პირიდან, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთი დიდი გუნდი და არ უნდა ვიყოთ ვიწყო გუნდი. ვერც პაატა გურასპაული, ვერც ვიწრო გუნდის მხრები ვერ აწევენ იმ სიმძიმეს, რასაც ქართული კალათბურთის ხვალინდელი დღე ჰქვია. ასე, რომ მე მზად ვიქნები ყველასთან თანამშრომლობისთის" - ამბობს პაატა გურასპაული.

„რუმსში" გაკეთებული განცხადების მიუხედავად, შიო ხეცურიანმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მოსამზადებელ ჯგუფს, ყრილობის დაწყებამდე, ოფიციალურად არ შეატყობინა. აქედან გამომდინარე, ყრილობამდე ერთი საათით ადრე გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ყრილობამ ხეცურიანი კანდიდატაც დატოვა და ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რომელსაც 34-დან 27 დელეგატი ესწრებოდა, რაც საარჩევნო დებულების თანახმად 100-ის 82% იყო, არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა: 80 % მიიღო პაატა გურასპაულმა, რომელიც თბილისის კალათბურთის განვითრების კავშირმა წარადგინა ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატად და 2% ერგო საკალათბურთო კლუბ „მგზავრების" კანდიდატს, შიო ხეცურიანს.


„ძლიერი ნაკრები, ძლიერი კლუბები, ძლიერი რეგიონები"  - ეს იყო, პაატა გურასპაულის წინასაარჩევნო პროგრამის 3 ძირითადი მიმართულება, რომელის შესრულებასაც ის გაფართოებული გამგეობის დახმარებით, უახლოესი 4 წლის მანძილზე შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ადრე გამგეობა 7 წევრით განისაზღვრებოდა, ახლა კი 7-ს კიდევ 4 დაემატა. ამასთან ერთად, გურაპსაულმა პროგრამის პრეზენტაციის დროს ნათქვამი, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, არ უნდა იყოს გამგეობის თავმჯდომარე, დღესაც გაიმეორა. პირადად ჩემში, ამ გადაწყვეტილებამ კითხვა დაბადა, ხომ არ გამოიწვევს გამგეობის თავმდჯომარედ სხვა პიროვნების დანიშვნა ორხელისუფლებიანობას და ქართული კალათბურთი წინსვლის მაგივრად, უფრო ხომ არ გაიხლიჩება? რამდენად ექნება ახლადარჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც პირადად მე, დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობ და გვიმუშავია კიდეც ერთად (საუკუნეების მიჯნაზე ჯერ საკალათბურთ კლუბ „ვითაში" და შემდეგ, კალათბურთის ფედერაციაში) და არ შემიძლია, არ დავეთანხმო ნიკოლოზ დერიუგინს, რომ პაატა არის მოწესრიგებული და კარგი პიროვნება, ხელიდან არ „გაუშვას" ფედერაციის მართვის ბერკეტები? ყველაფერს, დრო გვიჩვენებს.

„რთული 4 წელი იქნება, წარმატებებს ვუსურვებ პააატას. ვუსურვებ გაართვას ყველა იმ წინაღობას თავი, რაც მას შეხვდება. ქართულ კალათბურთს სჭირდება შველა, იმ გაგებით, რომ ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი უნდა წამოვიდეს, რომ თაობათა ცვლა არ დაეტყოს ეროვნულ ნაკრებს", - ამბობს ვიქტორ სანიკიძე.


პირველი კი, რასაც გურასპაული აპირებს, რომ გააკეთოს, არის 2018 წლის თებერვალში დანიშნული რიგგარეშე ყრილობა, რომლის დროსაც ფედერაციის წესდებაში შევა ცვლილებები. ოფიციალურად განისაზრვრება გამგეობის წევრთა რაოდენობა, ფუნქციები, ქმედითუნარიანობა და ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება გამგეობის თვმჯდომარე.  დღეს, დაისვენებს და უკვე, ხვალიდან დაიწყებს სერიოზულ მუშაობას, თემეზე, რაც ქართული კალათბურთის სასიკეთო იქნება.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გულშემატკივარი. პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კალათბურთს. აუცილებელი იქნება, ამ მუშაობის რეგიონებში გაშლა. თბილისშიც არსებობს რამდენიმე გზა სარეკლამო თვალსაზრისით, PR-ის თვალსაზრისით, საკლუბო თალსაზრისით, რომლის მნიშვნელობა უნდა წინ წამოვწიოთ. ნაკრების თამაშების მნიშვნელობას უნდა გავუსვათ ხაზი და დროთა განმავლობაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც იყო თუნდაც „ვითა"-„კაკტუსის", „ვითა"-„დინამოს" თამაშებზე, გადავსებული სპორტის სასახლის ტრიბუნები. კიდევ ერთ ფაქტი, რომ ვერის ბაღის ბავშვთა საკალათბურთო სასახლე, კვლავ გადმოგვეცემა ფედერაციას მმართველობაში და მის ბალანსზე იქნება, ამის თქმის საფუძველს მაძლევს. ის ჩვენი სახლია და ესეც მოტივაცია იქნება, რაც შეიძლება უმოკლეს დროში, დარბაზებში დავაბრუნოთ ხალხი" - ამბობს პაატა გურასპაული.


რამდენი იქნება ეს უმოკლესი დრო, თუ არ ჩავთვლით სანაკრებო თამაშებს, პირადად მე მიჭირს გავთვალო. დეკემბრის დასაწყისში, ფიბა ევროპა თასის ბოლო ჯგუფური თამაშის ჩატარება, თბილისის „დინამოს", საკუთარ ქალაქში, საკუთარ კედლებში, ცარიელი ტრიბუნების წინ მოუხდა. სამუშაო, თუნდაც ამ კუთხით დიდია... ფაქტია, რომ უნდა დავეთანხმო ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც არჩევნების დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში აქტურობენ, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე, არჩევნები სამ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობაში, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ისე ჩატარდა, რომ წინ ხმაურიანი და პოლიტიზირებული (ღია თუ ფარული) წინასაარჩევნო კამპანია უსწრებდა. კვლავ კოლეგას დავესესხები, „სამივე ერთმანეთზე უარეს პირობებში (რაგბის და კალათბურთის არჩევნებზე, კანდიდატურებიც კი მოხსნეს: ნიჟარაძემ, აბუსერიძემ და ხეცურიანმა), მანამდე, ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ჭიდაობის ფედერაციიდან ლუკა კურტანიძის ხმაურიანი გადადგომა, აქციების და დაპირისპირებების ფონზე. არადემოკრატიულ პირობებში ჩატარდა ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებიც" რა აერთიანებს ყველა ამ არჩევნებს? გავლენის მქონე, ამჟამად სპორტში არმყოფი ადამიანების ძალის დემონსტრირება და კუნთების თამაში. პოლიტიკა, რომ სპორტში აღარ ერევა, რა ნაწილში ჩანს/ან ეჩვენებათ ხოლმე..." დღეს, დაახლოებით 17 საათიდან, ჟურნალისტთა დიდი ნაწილი  კითხულობს, თუმცა იცი, რომ პასუხი არ იქნება, ისევე, როგორც არ იყო ადრე.

რეალობა კი ისაა, რომ არჩევანი გაკეთებულია, შესაცვლელი და დასახვეწია ბევრი დეტალი და ნიუანსი. თაობა (რომელმაც 4-ჯერ ზედიზედ ევროპის ჩეპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა) მიდის, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კი ახალი შესარჩევ ციკლშია ჩართული. გზა ჩინეთამდე შორია და არც სულ აბრეშუმის, თუმცა ეს გზა არის გასავლელი და გასავლელი ყველასი ერთად, პრეზიდენტის, გამგეობის, ფედერაციის რიგითი თანამშრომლის, კალათბურთელის, მომავალი კალათბურთელის, გულშემატკივრისა თუ ჟურნალისტის.

ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზიზუ ჯიქიასა და კალათბურთის ფედერაციის ფოტო-მასალა