ოქროს „ქამბექი“!
ოქროს „ქამბექი“!
05.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


იძულებითი შესვენების შემდეგ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველივე შეჯიბრი მოიგო და მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ განაცხადა, რომ ის ყველა ტურნირზე მაქსიმუმისთვის იბრძოლებს.


ყაზანში მიმდინარე გრან სლემზე, დღეს -60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ჩხვიმიანმა ფინალურ შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე, წარმოშობით გორელი,  რობერტ მშვიდობაძე, დამატებითი დროის მეხუთე წუთზე დაამარცხა.


მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გასვლამდე, კამერუნის, პორტუგალიის, ჩეხეთის და ასევე რუსეთის წარმომადგენლები დაამარცხა.





ბრინჯაოსთვის იბრძოდა,  -66კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბაგრატ ნინიაშვილი, რომელმაც ყაზანის ტურნირი წარმატებით დაიწყო, თუმცა, შემდეგ, ½ ფინალი და შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წააგო და საბოლოოდ, მე-5 ადგილი დაიკავა.


ასპარეზობას, საწყისს ეტაპზევე გამოეთიშა, -52კგ-მდე წონით კატეგორიაშია მოასპარეზე ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი.


ყაზანის გრან სლემზე, რომელიც 5-7 მაისს იმართება, ხვალ მეორე საასპარეზო დღეა. ისევე, როგორც დღეს, ხვალაც ყაზანის  ტატამზე, სამი ქართველი იასპარეზებს: -73 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ ტატალაშვილი და ლუკა კაპანაძე, -81 კგ-ში კი,  ვლადიმერ ახალკაცი შეეცდებიან მედლების მოპოვებას.


შეგახსენებთ, რომ ყაზანის გრან სლემი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე, IJF-ის ბოლო შეჯიბრია და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე, სპორტსმენებს, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზეღა მოუწევთ ასპარეზობა.