
უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა შორის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე ფიქრს შეუდგა. ტურნირი 2020 წელს გაიმართება. მანამდე კი. ნაყოფიერი თამანშრომლობით დაიმედებულებმა, თბილისში, უკვე ჩატარებული ტურნირის შესახებ, წერილი გამოაგზავნეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასგან მადლობის წერილი მიიღო. ფეხბურთის მთავარი ევროპული ორგანიზაცია, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისთვისა და გამორჩეული მასპინძლობისთვის სფფ-ს მადლობას უხდის.
უეფას წერილში გაკეთებულ აქცენტთა შორის საყურადღებოა ერთი მომენტი, რომელშიც უეფა, ხაზს იმ გარემოებას უსვამს, რომლის შემწეობითაც საქართველოში ფეხბურთის მიმართ ინტერესი უნდა გაიზარდოს. ეს არის „მემკვიდრეობა“, უპირველესად ინფრაქსტრუქტურა და შემდეგ, ახალგაზრდების ჩართულობა ტურნირში, რომელიც მომავალში შედეგებს აუცილებად გამოიღებს.
ჩვენთან საუბარში სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტურნირის დირექტორმა ნიკოლოზ ჯღარკავამ აღნიშნა, რომ არა მხოლოდ გორში, თ. ბურჯანაძის სტადიონს, არამედ ოთხივე სტადიონს, სადაც ტურნირის თამაშები ჩატარდა, გაიმართა ინფრასტრუქტურულადაც. „ყველგან გაკეთდა რაღაცეები, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, იმისდა მიხედვით თუ სად რა ითხოვდა შეკეთებას. ორგანიზების კუთხით, ფედერაციამ მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება. ბუნებრივია, სუპერთასიც იყო გამოცდილება, მაგრამ ის იყო ერთი დღის ივენთი და 19-წლამდელთა ჩემპიონატი, იყო უფრო ხანგრძლივი ღონისძიება. ამიტომ, მისი მაღალ დონეზე ჩატარებაც, კარგი დანატოვარია ჩვენთვის. ამას გარდა, მონაწილე ბავშებმაც მიიღეს გამოცდილება. მათი უმეტესობა იყო ფეხბურთელი და ამ ხნის მანძილზე, დიდი, ევროპული გუნდების გვერდით ყოფნა, იმის ცქერა, თუ როგორ იქცევიან გასახდელებთან თუ მოედანზე მათთვის სასიკეთო გაკვეთილები იყო“.
ჭავჭავაძის გამზირზე მოსულ წერილში, რომელსაც ხელს თეოდორ თეოდორიდისი, უეფას გენერალური მდივანი აწერს, ჩატარებული 15 მატჩიდან, აქეცნტი 3 მატჩზეა გაკეთებული. „ტურნირის 15 მატჩიდან ჩვენ განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა გახსნითი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის გუნდებს შორის, რომელიც გორის სტადიონზე სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდა; საქართველო-ჩეხეთის თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომელსაც 24 000 მაყურებელი დაესწრო და, რა თქმა უნდა, გორში ჩატარებული ფინალი, რომელმაც მოლოდინები გაამართლა და მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული“ - აღნიშნულია წერილში.
ბუნებრივია, აღნიშნულ წერილში არაფერი წერია საქართველო-ჩეხეთის თამაშზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, აღნიშნულ საკითხზე, არც სფფ-ში აქვთ დღემდე პასუხი.












ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ








