
საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ეროვნული ლიგისთვის მზადებას 2018 წლის 10 იანვრიდან დაიწყებს. ასეთი გადაწყვეტილება, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გუნდის ხელმძღვანელობამ ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისთანავე მიიღო, ფეხბურთელებს ინდივიდუალური საწვრთნელი პროგრამები დაურიგა და შევბულებაში გაუშვა. კუთვნილ შვებულებაშია, „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავაც.
„გუნდში, ბუნებრივია იქნება ცვლილებები. ამის შესახებ, კლუბის მფლობელებთანაც მქონდა საუბარი. „დინამო" ისევე, როგორც წინა ჩემპიონატზე, 2018 წლის გათამაშებაშიც აქცენტებს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთებს. ეროვნული ლიგის დასრულებული გათამაშების დასაწყისში, არავის ეგონა, რომ ჩვენ, იმ კონტინგენტით რაიმე გამოგვივიდოდა. თუმცა, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ამავე დროს, გაიზარდნენ, შეიძინეს გამოცდილება. რა თქმა უნდა, ვიღაც წავა გუნდიდან და ვიღაც დარჩება. დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებსაც. ისინი ასაკობრივი გუნდებიდან იქნებიან ამოყვანილები, თუ სხვა რესურსით შევავსებთ, ჩვენი შეკრების დასაწისითანავე შეიტყობთ. ერთია, რომ ფეხბურთელებიც, სამწვრთნელო შტაბიცა და კლუბის ხელმძღვალობაც, იმ რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, შევეცდებით ვიასპარეზოთ შარშანდელზე უკეთ. მითუმეტეს, რომ ზაფხულიდან, გუნდს ევროტურნირებზე ელის გამოსვლა. როგორც გითხარით, „დინამო" 2018 წლის დასაწყისში შეიკრიბება სრული შემადგენლობით და ახალი სეზონისთვის შეუდგება მზადებას", - ამბობს კახა კაჭარავა, tsff.ge-სთან საუბარში.
ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, „დინამო თბილისი" ოფიციალურად დატოვეს უკრაინელმა ლეგიონერებმა მეკარემ სერგეი ლიტოვჩენკომ და დაცვის ხაზის მოთამაშემ ბოგდან მიშენკომ. ახალი სეზონიდან გუნდში აღარ იქნება, დინამოელთა კიდევ ერთი მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება, tsff.ge-სთან საუბარში დაადასტურა. ოფიციალურად, „დინამოსთან" კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა ლაშა თოთაძემ. რაც შეეხება კახა კაჭარავას, რომლის შესახებაც უკრაინული და ქართული მედიის ნაწილი, ჯიუტად ირწმუნება და ცდილობს, ამ აზრის საზგადეობისთვის მოხვევას, რომ კახა კაჭარავა „ამ ზამთარში, ლვოვის „კარპატს" აუცილებლად ჩაიბარებს", თავად კაჭარავა, ჩვენთა საუბარში, ჭორებს უწოდებს.
„ხომ შეიძლებოდა, რომ ვინმე დამკავშირებოდა უკრაინული კლუბიდან და ყოფილიყო რამე შემოთავაზება? მაგრამ მსგავსიც კი, არაფერი ყოფილა. ამას გარდა, კიდევ, მე არ ვარ ის კაცი, რომელიც ადამიანს რაიმეს შეპირდება და მერე თავის პირობას დაარღვევს. მე „დინამოს" ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ ჩემიც და კლუბის მთავარი საფიქრალი „დინამო თბილისია". მე ვარ „დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი და ამ სეზონებს შორის, არდადეგების შემდეგ, ვგეგმავ, „დინამოსთან" ერთად, საწვრთნელი პროცესების განახლებას. ვიმეორებ, „დინამოს" აქვს დასახული ამოცანები და გეგმები, რომელსაც, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით", - ამბობს, კახა კაჭარავა.





ჩვენ








