
სუპერლიგის პლეი ოფის სერია დღეს თბილისშიც დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში, ერთმანეთის პირისპირ "კაკტუსი" და "ვერა" წარდგნენ. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ ვერას ნახევარფინალში გასვლამდე 1 გამარჯვება აკლია.
დიახ, სერიის პირველი შეხვედრა ვერელებმა მოიგეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 88:83 (სტატისტიკა), რაც კარგად გამოხატავს შეხვედრაში გუნდების ძალთა თანაფარდობას. თამაშის უმეტეს დროს ვერა იგებდა და დაახლოებით 4-8 ქულის სხვაობით. ვერელებს ლიდერობა სტაბილურად ხელთ ეპყრათ, კაკტუსელები კი გათანაბრებას ცდილობდნენ. მესამე პერიოდის დასაწყისში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა მოახერხეს მცირედით დაწინაურება, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა.
კაკტუსს არ ეყო ძალა და სათადარიგოთა სკამის სიღრმე, რათა ლიდერობა შეენარჩუნებინა და გამარჯვებამდე მისულიყო. კაკტუსელებს გამოაკლდათ 2 ლეგიონერი - დარიუს უილიამსი და დარიუს როი, რითაც ჟღენტის გუნდმა ის მუხტი დაკარგა, რითაც პლეი ოფამდე მოვიდა.
გამარჯვებულ ვერელებს 24 ქულით ლუკა მაზიაშვილმა ულიდერა. 16 ქულა აარონ პარკსმა, ხოლო 15 - ვახტანგ ქადარიამ მიითვალეს. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 14 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. "კაკტუსში" 26 ქულით საუკეთესო იყო სამაი ჰაინს-ჯონსი, 18 ქულა და 13 მოხსნა ეი ჯეი სამბრის ანგარიშზეა.
ამ წყვილში მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 8 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 13:00 საათზე გაიმართება.
***

მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო "ცხუმ-აფხაზეთმა", რომელმაც მეტოქე "ოლიმპს" დამაჯერებელი სხვაობით - 97:74 (სტატისტიკა) სძლია და ნახევარფინალს მიუახლოვდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ ცხუმელებს არ გასჭირვებიათ მეტოქის ძლევა, არადა, აღნიშნულ მატჩში (წყვილში) გულშემატკივრები ძალიან თანაბარ და საინტერესო ორთაბრძოლას ელოდნენ.
სერია არ დასრულებულა და ყველაფერი ჯერ წინაა. ცხუმ-აფხაზეთმა ჯერ მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და შესაძლოა, ყველაფერი სხვა სცენარით წარიმართოს, თუმცა ამ მომენტისთვის, პირველი შეხვედრიდან გამომდინარე, ჩერქეზიშვილის გუნდს სოლიდური უპირატესობა აქვს.
მატჩი ოლიმპს ცუდად არ დაუწყია. ის კი არა, პირველი მეოთხედი მოიგო კიდეც (18:17), თუმცა მეორე ათწუთეულიდან ცხუმელებმა უპირატესობა რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე აღარ გასჭირვებიათ. დიდი შესვენებისთვის ჩერქეზიშვილის გუნდი 45:32 იგებდა და დარჩენილ დროში მეტოქე ამაზე ახლოს აღარ მიუშვია.
მესამე პერიოდში ცხუმ-აფხაზეთის ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა. ცხუმელები აუღელვებლად მივიდნენ გამარჯვებამდე და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. გუნდს ეროვნული ნაკრების წევრმა, ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. 20 ქულა ჩააგდო ჯოშუა მაკფოლმა, 11-11 ქულა კიზურაბ მაჩალაძემ, ტაილერ გრინმა და ნოდარ გოგოძემ მიითვალეს. ოლიმპში 19 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ ფხაკაძე, 15 ქულა კახა ჯინჭარაძემ მიითვალა, 11 ქულა და 6 მოხსნა დევანტე ფოსტერის ანგარიშზე დაგროვდა.
სერიის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს, 17:30 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ცხუმ-აფხაზეთი ნახევარფინალში გავა, ხოლო თუ ოლიმპი იმარჯვებს, მესამე, გადამწყვეტი მატჩი, 10 მაისს ჩატარდება.
***

სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, მეოთხედფინალური სერიის ყველაზე არათანაბარი წყვილი "რუსთავი"-თსუ-ა. ქვემოქართლელებმა რეგულარული ჩემპიონატი მოიგეს, თსუ კი პლეი ოფში მე-8 ადგილიდან, დიდი ბრძოლის შედეგად გავიდა. ცხრილში დაკავებულ ადგილებს რომ თავი დავანებოთ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ამ გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა კიდევ უფრო დააშორიშორა.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თსუ-ს რამდენიმე წევრმა კორონავირუსი გადაიტანა, გუნდი სრული შემადგენლობით თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და პლეი ოფისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოახერხა. ამას დაერთო გუნდის ლეგიონერისა და ერთ-ერთი ლიდერის, ქუენტინ დავის ტრავმა, ხოლო რუსთავთან მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩის წინა დღეს არჩილ პულუზაშვილმა ვარჯიშზე ფეხი ამოიბრუნა და თსუ ფაქტობრივად მეფარის გარეშე დარჩა.
მწვრთნელი იძულებული გახდა, ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში სრულიად გამოუცდელი, 17 წლის გიორგი მესხი დაეყენებინა, რომელიც მიმდინარე სუპერლიგაში აქამდე მხოლოდ 3 მატჩში, ისიც სიმბოლური დროით გამოჩნდა. თსუ-ს ფაქტობრივად მეფარე არ ჰყავდა და გუნდის ტაქტიკა შორი სროლებისა და სწრაფი გარღვევების განხორციელება გახლდათ, რაც 3 პერიოდის განმავლობაში ჭრიდა და ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლიდერობდა.
უნივერსიტეტელებმა პირველი პერიოდი 29:20 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი რუსთაველებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. მესამე პერიოდში თსუ-ს მოთამაშეებმა, ძირითადად ბრენდონ სლაიმ და რიჩარდ ქალდველმა სამქულიანი სროლები ჩააგდეს და თსუ კვლავ 9 ქულით დაწინაურდა, მაგრამ - დროებით. რუსთაველთა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ დაცვის გამაგრება და საბრძოლო სარბიელად ფარქვეშეთის გადაქცევა განიზრახა. ამან გაჭრა და თსუ-ს ლიდერობა მალევე გაილია. რუსთაველებმა მეტოქე პერიმეტრზე მაქსიმალურად შეავიწროვეს, ხოლო ფარქვეშ სრული დომინაცია დაამყარა დევიდ ოკეკემ და გეგი ბაქრაძემ, რომლებსაც ზურგს ჯილან ვაშინგტონიც უმაგრებდა. თსუ-მ მესამე პერიოდის ბოლო წამებზე ლიდერობა დაკარგა და ბოლო პერიოდში მოედანზე მხოლოდ ერთი, ქვემოქართლური გუნდი დომინირებდა.
რუსთაველებმა საბოლოოდ დაიპყრეს თსუ-ს ფარქვეშეთი, რითაც მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და დარჩენილ დროში ლიდერობას განუხრელად ზრდიდნენ. საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 97:77 (სტატისტიკა) დაამარცხეს თსუ და მეოთხედფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი მაიკ დევისმა დააფიქსირა - 23 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი. დევიდ ოკეკემ 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზე 17 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ს ორმა ლეგიონერმა ულიდერა: ბრენდონ სლაიმ 23 ქულა მიითვალა, რიჩარდ ქალდველის ანგარიშზე კი 21 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. მიხეილ ჭოჭუამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს, 15:30 საათზე გაიმართებ





ჩვენ








