
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი სოციალური ქსელით თანაგუნდელების, თანამოაზრეებისა და უბრალოდ, კალათბურთის გულშემატკივარისთვის მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ბოლოს შიო, პაატა გურასპაულს ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს.
„დიდი მადლობა ჩემ თანამოაზრეებს და მეგობრებს, რომლებთან ერთადაც თითქმის 1 წელი ვიბრძოდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ქართული კალათბურთის შემდგომი წინსვლისთვის და წარმატებისთვის.
დიდი მადლობა ბიზნეს სექტორის, იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მხოლოდ სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარულის გამო, დახარჯეს თავიანთი მნიშვნელოვანი დრო და მოტივირებულები გვაძლევდნენ რჩევებს, როგორ ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე და ქართულ რეალობაზე მორგებული კალათბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა.
დიდი მადლობა კალათბურთელებს, რომლებმაც ღიად გამოხატეს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის გამო კრიტიკის მოსმენაც მოუწიათ, მაგრამ ამ ადამიანებმა სხვებზე ბევრად კარგად იციან არსებული მდგომარეობა ქართულ კალათბურთში და მათ ყველაზე მეტად შეტკივათ გული ქართულ კალათბურთზე.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვისაც ჯეროდა ჩვენი და გგვულშემატკივრობდა.
ასევე, დიდი მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ წინა საარჩევნო გარემოს.
რაც შეეხება, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატურა მომეხსნა - არანაირი სურვილი არ გვქონდა დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა, რომლის შედეგიც წინასწარ ცნობილი იყო. განვმეორდები და ვიტყვი, ჩვენ ვერ დავამარცხეთ ვიღაცეების პირადი ინტერესები და სამწუხაროდ კალათბურთის სათავეში ისევ ის ჯგუფი დარჩა, ვინც წლებია, არასწორი გზით ატარებს სპორტის ამ სახეობას. დღეს ასეა....
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიუღებელი რამ ხდებოდა არჩევნებამდეც და არჩევნების დროსაც, ვულოცავ პაატა გურასპაულს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.
და რაც მთავარია - წარმატებები ქართულ კალათბურთს," - ნათქვამია, შიო ხეცურიანის მიმართვაში.
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნები გუშინ, 11 დეკემბერს ჩატარდა. არჩევნებში მონაწილე 2 კანდიდატიდან ერთმა, შიო ხეცურიანმა, არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, საკუთარი კანდიდატურა ამ დუელიდან მოხსნა, თუმცა იმის გამო, რომ ოფიციალურად ვერ მოასწრო ფედერაციისთვის განცხადებით მიმართვა, არჩევნებში ხმები 2 კანდიდატზე დაითვალა. ხმათა უმრავლესობით კი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ახალი, 4 წლიანი ვადით პაატა გურასპაული გახდა.
ზიზუ ჯიქიას ფოტო





ჩვენ








