
სუპერლიგის მეორე მეოთხედფინალურ სერიაშიც მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. "ქუთაისისა" და "დინამოს" შემდეგ სერია მესამე მატჩამდე "ვერასა" და "კაკტუსის" დაპირისპირებაშიც მივიდა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა დიდი ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე, მთელ თამაშს რომ აგებდნენ და პერიოდულად, 10 ქულითაც ჩამორჩებოდნენ, ბოლო წამებზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება - 77:76 (სტატისტიკა).
საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე 75:77 ჩამორჩენილ ვერას გათანაბრება შეეძლო. გუნდის ამერიკელი ლეგიონერი, აარონ პარკსი საჯარიმოს ხაზზე დადგა, პირველი ბურთი ჩააგდო და მეორე, გამთანაბრებელი ააცილა. რომ ჩაეგდო, თამაში დამატებით დროში გადავიდოდა, სადაც გამარჯვების მეტი შანსი ვერას ჰქონდა, რადგან ისედაც შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე კაკტუსელებს პერსონალურების გამო 2 ლიდერი გაუვარდათ.
ბოლო წუთებზე მე-5 პერსონალური მიიღეს და თამაშიდან გავიდნენ ეი ჯეი სამბრი და ლევან მასხულია. ორივე მათგანი გუნდს დიდად ეხმარებოდნენ და გუნდს ლიდერობდნენ. ჟღენტის გუნდმა თამაშამდე, მატჩისწინა მოთელვაზე მიღებული ტრავმის გამო დაკარგა მთავარი ლიდერი - სამაი ჰაინს ჯონსი, რომელმაც ფეხი ამოიბრუნა და თამაში ვერ შეძლო.
ვერელები მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ბოლო პერიოდში, შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე დავით გასიტაშვილის გუნდი 10 ქულით უგებდა, მაგრამ კაკტუსის კალათბურთელებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
კაკტუსში 20 ქულით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე. 17 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ლევან მასხულიას ანგარიშზეა. 12 ქულა და 10 მოხსნა ეი ჯეი სამბრიმ მიითვალა. ვერაში 20 ქულითა და 10 მოხსნით აარონ პარკსი გამოირჩა. 14 ქულა და 14 მოხსნა ვახტანგ ქადარიამ მიითვალა. 13 ქულა ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
ამ გუნდების მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 10 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება.
***
საკალათბურთო კლუბმა "ოლიმპმა" მტკიცე ხასიათი გამოავლინა და მეოთხედფინალურ სერიაში "ცხუმ-აფხაზეთთან" 0:1 ჩამორჩენისა და მნიშვნელოვანი დანაკლისის მიუხედავად საერთო ანგარიში გაათანაბრა. მოგეხსენებათ, წინა მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო "ოლიმპმა" 2 მოთამაშე - ერთ-ერთი ლიდერი ლეგიონერი დევანტე ფოსტერი და ახალგაზრდა დავით აბულაძე დაკარგა. შეგახსენებთ, რომ ამ მოთამაშეებმა თამაშის ბოლო პერიოდში, სათადარიგოთა სკამის ზონაში ერთმანეთს ეჩხუბნენ, რის გამოც სუპერლიგამ ისინი როგორც ფინანსურად, ისე დისციპლინარულად, მკაცრად დასაჯა.
ამასთან ერთად, ტრავმის გამო ოლიმპს კიდევ ერთი ლეგიონერი - კენდრიკ ტომპსონი აკლდა და თან წაგების უფლება არ ჰქონდა, რადგან სერიას დათმობდა. დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა დარჩენილი რესურსით მოახერხეს ცხუმ-აფხაზეთის დამარცხება. სწრაფი, ზუსტი და დალაგებული თამაშის წყალობით სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს და მთელი თამაშის განმავლობაში მოახერხეს მისი შენარჩუნება.
პირველი პერიოდის შემდეგ ოლიმპი 10 ქულას იგებდა, მეორის შემდეგ - 12-ს, ხოლო ბოლო პერიოდის წინ სხვაობამ 15 ქულას მიაღწია. ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეები ბოლო პერიოდში ათამაშდნენ და შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ კახა ჯინჭარაძის მეტად საჭირო სამქულიანმა ოლიმპს შვება მისცა და ლიდერობა ბოლომდე შეანარჩუნებინა.
ოლიმპს ულიდერა კახა ჯინჭარაძემ, რომელიც შეტევაში ხომ საუკეთესო იყო და დაცვაშიც ჩვეული სიხისტითა და სტაბილურობით გამოირჩეოდა. მის ანგარიშზე 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი დაგროვდა. საინტერესო სტატისტიკა დააფიქსირა დონოვან სმიტმა, რომელმაც 20 ქულა საწყის 15 წუთში მოაგროვა და შემდეგ აღარ ჩაუგდია. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ოლიმპის მეორე ლეგიონერმა - ბუნდუ აბდულაიმ. ცხუმ-აფხაზეთში 18 ქულით ჯოშუა მაკფოლი გამოირჩა. 13 ქულა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 10 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.





ჩვენ








