სათადარიგო სკამზე ჯდომით, ქართველი კალათბურთელები ვერ გაიზრდებიან
სათადარიგო სკამზე ჯდომით, ქართველი კალათბურთელები ვერ გაიზრდებიან
14.12.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნების შემდეგ, ეროვნული ნაკრების ის მოთამაშეები, ვინც შიო ხეცურიანს ოფიციალურად მხარი დაუჭირა ამბობენ, რომ მათ ხეცურიანის კანდიდატურის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე, საჯარო განცხადებამდეც იცოდნენ.

„ჩვენ ყველას გვითხრა, რომ აპირებდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნას. ვიცოდით, შიო რასაც და რატომაც აკეთებდა. ბრძოლას, აზრი არ ჰქონდა, ისინიც, კი ვინც თითქოს შოს უჭერდნენ მხარს, ბოლოს მეორე გუნდში აღმოჩნდნენ. სირცხვიალია, რომ გადაწყვეტილებას რაღაცის გამო იღებ. აზრი, აღარ ჰქონდა ბრძოლას, ხმები ისე გადანაწილდა, თორემ, შიო ამას აუცილებლად გააკეთებდა. ვერ გეტყვით, რამდენად სამართლიანად ჩატარდა უშუალოდ არჩევნები, ფიზიკურად, იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ არ მესმის იმ ხალხის, ვინც შიოს, უბრალოდ არ დაუჭირა მხარი. არც ის გამიგია, არჩევნებამდე შიოს კანდიდატურის მოხსნას, რაიმე მუქარა უსწრებდა წინ, თუ არა" - ამბობს გიორგი ცინცაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე და „საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანების" თავმჯდომარე.

შეგახსენებთ,  „საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანება", 2017 წლის ივლისში შეიქმნა, და მასში სუპერლიგასა და „ა" ლიგაში მოასპარეზე 64 კალათბურთელი გაერთიანდა. ორგანიზაციამ, ივლისში, თხოვნით მიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რათა "საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანება" ფედერაციის სრულუფლებიან წევრად დაერეგისტრირებინა და მას ფედერაციის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონოდა. თუმცა, ფედერაციამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. მიზეზი კი ის იყო, რომ ფედერაციის მიერ გამოცხადებული ვადის, 15 მაისის შემდეგ, კალათბურთის ფედერაციის სრულუფლებიან წევრად ახალი ორგანიზაციები არ დარეგისტრირდებოდა.


„ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, იყო, არის და იქნება მოთამაშეების უფლებების დაცვა. ამ ეტაპზე, კვლავ, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხერხდა ფედერაციის მხრიდან ჩვენი აღიარება, ვერ შევძელით ჩვენი პოზიციის დაცვაც. ფაქტია, რომ ფედერაციაში რეგისტრაცია გავლილი, მოქმედი „მოთამაშეთა კავშირის" წარმომადგენლები, ვერ ახერხებენ, ქართველი კალათბურთელების ინტერესების დაცვას. სუპერლიგაში მოთამაშე ქართველი კალათბურთელების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ის რომ გუნდიდან, ერთდროულად 4 ლეგიონერს ეძლევა მოედანზე ყოფნის უფლება, არის ძალიან ცუდი. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი არის მოედაბზე მინიმუმ 2 ქართველი მოთამაშე იყოს და 3 ლეგიონერი. სამწუხაროდ, წელს ვერ მოვახერხეთ ჩვენი ამ პრინციპული მოსაზრების მიტანა, შესაბამის რგოლამდე. თუმცა, მომავალი წლიდან, აუცილებლად შევეცდებით ეს საკითხი, წესდებით დავარეგულიროთ. ნამდვილად საჭიროა, რომ ქართველი მოთამაშეები იყვნენ მოედანზე და არა, სათადარიგო სკამზე. თუ გვინდა, რომ ვგანვითარდეთ და წინ წავიდეთ, ეს ღონისძიება, აუცილებლად გასატარებელია. თუ საზოგადოეობაში არის აზრი, რომ საქართველოს ჩემპიონატი არის დაბალი დონის, ამ მიზეზით არ დადიან თამაშების საყურებლად, ამ დონის მოსამატებლად, სწორედაც, რომ ქართველ კალათბურთელებს უნდა მიეცეთ შანსი ითამაშონ და გაიზარდონ", - ამბობს გიორგი ცინცაძე.

გიორგი ცინცაძე, რომელიც საკლუბო კარიერას რუმინულ „პოლიტექნიკაში" აგრძელებს კატეგორიულად უარყოფს, რომ ვინმეს წინააღმდეგ ჩასაფრებულია. ფედერაციაში მუშობა და რაიმე თანამდებობის დაკავებაც, ამ ეტაპზე, მის გეგმებში არ შედის. კალათბურთელი ამჟამად, კვლავ, აქტიურ სპორტში დარჩენას და კალათბურთიდან წასვლის შემდეგ, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას ფიქრობს. ერთად-ერთი, რა შემთხვევაშიც შესაძლოა, ფედერაციასთან ვითნამშრომლო, ეროვნული ნაკრების მწვრთნელობააო, ამბობს გიორგი. თუმცა, ცინცაძემ ისიც მშვენივრად იცის, რომ ამისთვის, მას საკმაოდ გრძელი გზა აქვს გასავლელი და სასწავლიც ბევრი აქვს.


„ამ ეტაპზე, საქართველოში არ ვიმყოფები. სუპერლიგის 2017-2018 წლების სეზონზეც, გადაწყვეტილება მიღებულია და ვერაფერს განვაწყობთ, მაგრამ მომავალში, აუცილებლად გვექნება საუბარი ფედერაციასთან და კონკრეტულად, იმ სტრუქტურებთან, ვისაც ევალება კანონების მიღება. ეს საუბარი, აუციელბალდ შედგება.  ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი კალათბურთელების უმრავლეოსობას და ვიცავთ, მათ ინტერესებს. ამიტომ, აუცილებლად, გვექნება შეხვედრები ფედერაციის წარმომადგენლებთან. ყოველი ასეთი შეხვედრისას, დავაფიქსირებთ, ყველა ჩვენს მოსაზრებას. ვიტყვით, ყველა ჩვენს შენიშვნას. ყველაფერს, რაც არ მოგვეწონება და გამოსასწორებელია, ისევე, როგორც არ დავმალავთ არც იმას, რაც მოგვწონს. რაც მოთამაშეებს აწუხებთ, მის შესახებ ფედერაციაში უნდა იცოდნენ, უნდა ახსოვდეთ და ცდილობდნენ გამოსწორებას", - ამბობს გიორგი ცინცაძე.

ფედერაციის მიმართ, დაკარგული ნდობის დაბრუნება, რთულად, თუმცა, შეუძლებლად არ მიაჩნიათ ქართველი კალათბურთელების ამ ნაწილს. ბევრი თვლის, რომ ფედერაციაში, მარტივი მათემატიკური მოქმედება, შესაკრებთა გადანაცვლება მოხდა, თუმცა, იმედი ბოლოს კვდებაო და ბიჭებს, სჯერათ, რომ ჯამში საღმა აზრმა, უნდა გაიმარჯვოს. სხვა შემთხვევაში, ქართულ კალათბურთს, არც თუ სახარბიელო მომავალი უწერია.

„ჩვენ, ვიცავთ მოთამაშეების უფლებებს. აქედან გამომდინარე, თავისი შინაარსით, ჩვენი ურთიერთობა ფედერაციასთან პირდაპირ კონფლიქტში მოდის. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ ჩვენთან ითანამშრომლებენ, აზრებსა და იდეებს გაითვალისწინებენ. ბუნებრივია, იქნება განსხვავებული აზრი. ფედერაციასთან თანამშრომლობა არ ნიშნვას, რომ ჩვენზე აეწყონ და მოარგონ რაღაცეები ჩვენს „კაპრიზებს". თუმცა, უნდა ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, რაც კალათბურთისთვის იქნება კარგი. ეს არ იქნება, მხოლოდ ჩემი იდეები. ეს იქნება, კარგად გათვლილი, ნაბიჯები, საკითხები, რაც უკეთესი იქნება კალათბურთისთვის. გავახმოვანებთ, გუნდების აზრებს. საქმე მოითხოვს, რომ ვითანამშრომლოთ. ყველა, ამ სფეროში ვართ და გადაკვეთა გვექნება და გვექნება დიალოგები. გაითვალისწინებენ, თუ არა, ქართველი კალათბურთელების მოთხოვნებს, საქმე გვაჩვენებს. ვფიქრობ, ამ თანამშრომლობას ის ფაქტორიც გაართულებს, რომ ფედერაციის მიერ, არის „აღიარებული" კალათბურთელთა კიდევ ერთი გაერთიანება, რომელსაც ლაშა გამყრელიძე თავმჯდომარეობს.  ლაშა, მათი გუნდის წევრია და ამ მომენტამდე, ამით ყველაფერი ნათქმავი იყო. ეს კავშირი, იდეაში, არც  არაფერს აკეთებს, მაგრამ ჩვენ შევევცდებით, ჩვენც მოგვისმინონ. დარწმუნებული ვარ , ვინც კალათბურში კარგად არის ჩახედული, ხვდება, რომ კალათბურთის გადასარჩენად, ეს ერთად-ერთი სწორი გზაა", - ამბობს გიორგი.


გემახსოვრებათ, მას შემდეგ, რაც შიო ხეცურიანმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებიდან, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მან tsff.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ იმ ფედერაციასთან, სადაც არჩევნებამდე არსებული გუნდის წევრები მუშოაბდნენ, არანაირ თანამშრომლობას არ აპირებდა. პარალელურად, უკვე არჩეული პრეზიდენტი, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც აცხადებდა, რომ ის, მზადაა ყველა იმ ადამიანს მოუსმინოს, გაიზიაროს მოსაზრება და ითანამშრომლოს, ვინც ქართული კალათბურთისთვის სასიკეთოს და ხეირიანს იტყვის.

„ცოტა რთულია ლაპარაკი, მაგრამ საკალათბურთო კულუარებში ყველამ იცის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. თუმცა, იმედი მაქვს, ახლადარჩეულ ფედერაციაში და ახალ გამგეობაში არიან ადამიანები, ვისაც ეთქმით სიტყვა კალათბურთში და იმედი მაქვს, რომ სწორედ, ისინი მოახერხებენ, უკეთესობისკენ ძვრების დაწყებას. დღეს, საქრთველოში, თუ ვინმე რამეს აკეთებს კალათბურთისთვის და ეს ჩანს კიდევაც, არის - ვატო ნაცვლიშვილი. ეს ჩანს გუნდის შედეგით, თუნდაც სუპელიგაზე, იმ მუშაობით, რასაც, ასრებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვატო აკეთებს. იმედი მაქვს, რომ ვატო იბრძოლებს ბოლომდე. მინდა რომ ასე იყოს. ვატო არის ვარიანტი ვისაც შეუძლია, კალათბურთი განავითაროს კარგად, იმედი მაქვს, რომ მიეცემა ამის საშუალება და არ იქნება ჩაჩოჩებული"- ამბობს ცინცაძე.

კალათბურთის ფედერაციის არჩევნები არ იყო დასრულებული, როდესაც, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პირველი საპრეზიდენტო სიტყვა თქვა და თებერვალში, ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დანიშნა. ყრილობაზე, განსახილველი, ძირთადად ერთი თემა იქნება, ფედერაციის გამგეობის წევრთა რიცხვის გაზრდა, 7-დან 10-მდე, გამგეობის წევრთა უფლება-მოსილების განსაზღვრა და ამის შემდეგ, წესდების ცვლილებებზე მუშაობა. ვერ გეტყვით, უკვე დაიწყეს საკალათბურთო წრეებში ფიქრი თუ არა, თუმცა, პაატა გურასპაულის მიერ 3 დღეში ორჯერ დაფიქსირებული მკვეთრი პოზიცია, რომ პრეზიდენტი არაა ვალდებული იყოს გამგეობის თავმჯდომარეც, არასაკალათბურთო წრეებში, ეჭვს ბადებს - ხომ არ ნიშნავს ეს, ფედერაციაში „ორხელისუფლებიანობას", რაც სამომავლოდ, არაა გამორიცხული დაპირისპირების, ე.წ. ვეტოებისა და ვერ შეჯერებული გადაწყვეტილებების საბაბი გახდეს. მითუმეტეს, რომ ამის მაგალითები, ქართულ რეალობაში (პოლიტიკური რეალობა მაქვს მხედველობაში) არის. თუმცა, ჯერ არჩევნები ახალი დასრულებულია, თებერვლამდე დროა და ახლა, კალათბურთში მყოფი ყველა ადამიანის საზრუნავი ეროვნული ნაკრებია, რომელსაც თებერვალში, საკმაოდ საპასუხისმგებლო თამაშები აქვს ჩასატარებელი და რომლის წევრთა მთავარი ბირთვი, პრეზიდენტობის არარჩეულ კანიდატს შიო ხეცურიანს, საჯაროდ უჭერდა მხარს.


„ბუნებრივია, ვარ ნაკრების წევრი, თუმცა მაქვს ჩემი პოზიციის დაფიქსირების უფლება. ისევე, როგორც სხვა ბიჭებს. ვინც არ უნდა იყოს ფედერაციის სათავეში, გუნდში ავყავარ მწვრთნელს და ავყავარ, იმიტომ რომ ვთამაშობ, კონკრეტულ მომენტში, სხვაზე უკეთესად. ბუნებრივია, მწვრთნელი ფედერაციის დანიშნულია, მაგრამ მის ფუნქიცებში, ვერ ჩაერევა და დიდად, არც ზუროსმა მგონია, ჩარიოს ვინმე. წესების მიხედვით ასეა. თუ ფედერაციის პრეზიდენტი, ან გამგეობა უნდა წყვეტდნენ ვინ ითამაშოს და ვინ არა ნაკრებში, მაშინ მეც მქონდა უფლება, არ მეთამაშა თუ ვინმე არ მომწონდა ფედერაციის მმართველობაში. მეც და ბიჭებიც ვთამაშობთ საქართველოს სახელითა და საქართველოს გამო. არა, რომელიმე კონკრეტული პრეზიდენტის, მისი სახელის ან მისი გუნდისთვის. დღეს, ბევრი ლაპარაკობს ეროვნული ნაკრების მოსალოდნელ ჩავარდნაზე, რაც თაობათა ცვლის გამო არის ნავარაუდები. ჩემი აზრით, 2 წელი მოთამაშეების მხრივ, ჩავარნდა არ იქნება. ნაკრების წამყვანი მოთამაშეები თოკო შენგელია, ბექა ბურჯანაძე,  ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს არიან ნაკრებში და თამაშიდან თამაშამდე იზრდებიან, 7-8 წელი უმაღლეს დონეზე ითამაშებენ. ასე, რომ ისეთი თვალსაჩინო ჩავარდან არ იქნება, როგორც ბევრს წარმოუდგენია. თუმცა, ჩემი თაობის წასვლამ, შეიძლება გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ეს ბიჭები, სწრაფად მოახდენენ ადაპტაციას, იმ სათამაშო კონდიციამდე მისვლას, რომ ეს აწეული თამასა არა თუ დაუშვან, არამედ გააუმჯობესონ.  ეს ნაკრები იმსახურებს, რომ განაგრძოს წინსვალა. ჩვენ კი, რამდენი ხნითაც შვეძლებთ ფიზიკურად, ნაკრებში, დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ. მე პირადად, დიდი იმედი მაქვს, ახლაგზარდების გოგა ბითაძის, სანდრო მამუკელაშვილის, რატი ანდრონიკაშვილის, კარგი ბიჭები არიან; კიდევ არის საჭირო სხვა ახალგაზრდების მოძიებაც. პირველი ადამიანი ვიქნები ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდება, საქართველოს ნაკრების ნებისმიერი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი. ვინც კალათბურთისთვის კარგს გააკეთებს, თუნდაც ჩემი მოსისიხლე მტერი (მტერბი კი არ მყავს) იყოს, მადლობასა და აღიარებას, არ დავამადლი", - ამბობს გიორგი ცინცაძე.

მაშინ, როდესაც ფედერაცია საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წარმატებებით თავის იწონებს და ეს, ასეც უნდა იყოს, გასაკვირი არაფერია. თუმცა, იმ მოთამაშეების ხმა და აზრიც უნდა გაიგოს, ვინც ამ ნაკრებში თამაშობენ. „ერთ ადამიანი მაინც გამოვიდეს, გინდა ფედერაციიდან და გინდა ისე, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა კალათბურთში და მელაპარაკოს ქართულ კალათბურთზე.  მითხრას, ერთი მოვლენა მაინც, რაც ქართულ კალათბურთში კარგი ხდება. თვალებში შემომხედოს და ისე მითხრა ეს. ზოგადად, ქართულ კალათბურთს უნდა შველა. მე ამას დიდი ხანია ვიძახი, თითქმის ყველა ინტერვიუში, ამას ავღნიშნავ, მაგრამ რატომღაც ყურადღება ახლა, წინასაარჩევნოდ მიაქციეს. ვინც არგუმენტირებულად  (დასაბუთებით) მეტყვის, რომ ასე არაა, გავჩუმდები. თუმცა, მას, ან შუბლის ძარღვი უნდა ჰქონდეს გაწყვეტილი, ან რაღაც ძალიან დიდ ხეირს ნახულობდეს, ან უნდა იყოს ფედერაციის თანამშრომელი, რომელმაც იცის, რომ სხვა გზა არა აქვს და ასე უნდა ილაპარაკოს. აირჩა ხომ ახალი გამგეობა? იმ გამგეობაში, აუციელებლად უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც ექნება იმის ძალა, რომ ადგეს და დააფიქსიროს რეალური სურათი. დაამტკიცოს, რომ ხმა ახალ პრეზიდენტს, იმისთვის კი არ მისცა, რომ სიტყვაზე, ხელფასის სახით 1000 ლარი მიიღოს, არამედ იმისთვის, რომ იმ ახალ პრეზიდენტთან ერთად აკეთოს საქმე, ქართული კალათბურთისთვის. ქართული კალათბურთის სიძლიერე, ჩემი აზრით, ეროვნული ჩემპიონატის სიძლიერეა. ეს სიძლიერე კი, მისი პოპულარობით უნდა განისაზღვროს. ეროვნული ნაკრები ამ ყველაფრის სახეა, რომელიც რაც არ უნდა კარგად „შეიფუთოს", თუ წუნი არის, სადღაც, ყოველთვის გამოჩნდება", - ამბობს გიორგი ცინცაძე.


ამ მასალაზე მუშაობისას, მე და ბუმ (გიორგი ციცნაძემ), დღევანდელი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ჩემმა ყველაზე საყვარელმა მოთამაშემ, დიდხანს ვისაუბრეთ. გიორგი თვლის, რომ თუ მას ცხოვრებაში რაიმესთვის მიუღწევია, ყველაფრისთვის კალათბურთიდან. იცის, რომ ამ ეტაპზე, მისი შემოსავალიც კალათბურთიდანაა. თუმცა, კალათბურთში არ მოიტყუება, არ მოიპარავს. პირიქით, იქით მიიტანს და დაეხმარება. ასეც, ბევრჯერ გამიკეთებია, თუმცა, ამის შესახებ, ჩემი ოჯახის გარდა, თითქმის, არავინ იცისო. გული სწყდება იმის გამო, რომ ქართულ საკალათბურთო ოჯახში, ბევრმა მედროვემ შეაღწია. თუმცა, საქართველოში, თითქმის ყველა სფეროში ასეაო.

ბოლოს, გიორგისთან საუბრისას, მაინც საახალწლო დღეები ახლოვდება, მალე, 2017 წელიც შეჯამდება და მეც შევეცადე გამერკვია, ვინ მიაჩნდა გიორგი ცინცაძეს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად, გუნდად და მწვრთნელად. გუნდი - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებიო, არ უფიქრია, ისე მიპასუხა, მწვრთნელიც - ილიას ზუროსიო... აი, სპორტსმენის დასახელებისას კი, ცოტა იფიქრა და ლაშა ტალახაძეო, რადგან ამ სპორტსმენმა ინდივიდუალურად ბევრი მოახერხა, მაგრამ არც ზაზა ფაჩულიას გაუკეთებია ცოტაო. ბოლოს და ბოლოს, ბევრ ქართველს NBA-ს ჩემპიონობა ჯერ არ აქვს მოგებულიო...

ჩვენის მხრივ, კი იმედს ვიტობეთ, რომ გიორგი ცინცაძე, თავდაპირველად ტრავმების საბოლოოდ მოშუშებას მოახერხებს დროულად და ნაკრებს დაეხმარება. შემდეგ კი, "საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანების" სახელით, ფედერაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას შესძლებს, რომელიც ქართულ კალათბურთს წაადგება.