ორი ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ს ხაშურის „ივერია“ და სოხუმის „დინამო“ ლიდერობენ
ორი ტურის შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ს ხაშურის „ივერია“ და სოხუმის „დინამო“ ლიდერობენ
16.05.2021
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია / თამარ ჯიშკარიანი


 დღეს, ქალთა ლიგა 2-ის მეორე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. ამბროლაურში, ქალთა ჩემპიონატების დებიუტანტი „რაჭა 2020", სოხუმის „დინამოს" დაუპირისპირდა. ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე, ანგარიში, მეორე წუთზე თამარ წვიმიტაძის გოლით, დინამოელებმა გახსნეს. ამას, 5 წუთში, მასპინძელთა ავტოგოლი მიჰყვა, რამაც რაჭველები ოდნავ დააბნია, სოხუმელებს კი, თავდაჯერება შემატა. „დინამომ" ტაიმი 0-6 მოიგო. დინამოელთაგან გოლები ანა კულდონაშვილმა (15, 71-ე წუთები), ნონო ჩანგელიამ (29, 41, 56, 74-ე წუთები), ელენე გაზდელიანმა (42-ე წუთი), ნუცა სირაძე (52-ე წუთი) გაიტანეს. მეორე ტაიმში, ლაშა რატიანი შეგირდებმა მოახერხეს მობილიზება და მატჩის მიწურულს, რაჭველთა მე-3 ნომერმა კესო მეტონიძემ პრესტიჟის გოლიც გაიტანა, თუმცა ამ მომენტისთვის, „დინამოს" პირველ ტაიმში გატანილ 6 გოლს კიდევ 3 ჰქონდათ მიმატებული. ქალთა ლიგა 2-ის გათამაშებაში სოხუმის „დინამომ" მეორე მატჩი მოიგო, ამჯერად 1-10.


საინტერესო გამოდგა თამაში ახმეტაშიც.  „ბახტრიონი", რომელიც მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა სათამაშო უპირატესობას, პირველი ტაიმი, მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. გოლი, მასპინძელთაგან გათამაშების დებიუტანტის, საჩხერის „ქარიშხალას" კარში, თათია სალუქაურმა, მხოლოდ ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარში, მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს -  დიანა ბაქრაძემ 49-ე წუთზე და 89-ზე მარიამ ცისკარიშვილმა. თუმცა, საჩხერელებმაც ოდნავ გამოასწორეს თამაში და მასპინძლების მსგავსად, მეტოქის კარის აღება ორჯერ მოახერხეს. შეცვლაზე შემოსულმა თინათინ ცარციძემ 70-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ნინო ცარციძემ აიღო მასპინძელთა კარი მეორედ, მაგრამ „ქარიშხალამ" ქულის გადარჩენა ამ ტურში ვეღარ მოასწრო და მატჩი 3-2 დასთმო.


მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება ჩაიწერა ხაშურის „ივერიამ". გუნდის მე-10 ნომერმა ნინო ბუხრიკიძემ კი, მეორე მეტოქე გუნდის კარშიც 5 (5, 8, 30, 40, 84 წუთები) გოლი გაიტანა და ახლა, ორი ტურის შემდე, 10 გატანილი გოლით უდგას ბომბარდირთა სიას სათავეში. კიდევ, ორი გოლი ხაშურელთაგან, ირმა ლომიძის (25, 85-ე წუთები) ანგარიშზე. ძლიერი და გამოცდილი მეტოქის მცდელობების მიუხედავად, ქალთა ლიგა 2-ის დებიუტანტმაც მოახერხა, ამ ტურში ორი გოლის გატანა, 21-ე წუთზე გვანცა ქუხილავამ აიღო მეტოქის კარი, 89-ე წუთზე კი, ელენე თოდუამ, ზუგდიდლებს კიდევ ერთი გოლი შემატა მარაგში. შეხვედრა კი, „ივერიამ" მოიგო 7-2 და ახლა, ორი ტურის შემდეგ, სოხუმის „დინამოსთან" ერთად 6-6 ქულით გათამაშებას ლიდერობს.   


ამ ტურის მეოთხე შეხვედრა, რომელიც მუხრანის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო მცხეთის „დიდგორსა" და „ზარზმას" შორის, 26 მაისისთვის გადაიდო.


სატურნირო ცხრილი და მომდევნო ტურის კალენდარი იხილეთ ბმულზე.



ქსკ "სოხუმის დინამოს" ფოტო