დინამოებმა სხვაობა კვლავ გაზარდეს!
დინამოებმა სხვაობა კვლავ გაზარდეს!
16.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შემდეგაც, ორი „დინამო" - ბათუმისა და თბილისის, ქულათა კომფორტული სხვაობით, 9 ქულით უს უსწრებენ მდევრებს, რომლებთანაც მათ, მე-15 ტურში მოუწევთ დაპირისპირება. ბათუმის „დინამოს", საგურამოში, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ, „დინამო თბილისს" კი, გორში, „დილასთან". თუმცა, მანამდე დღეს, მე-14 ტურის მატჩები გაიმართა.


*** 


ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედომ"  გორის „დილა" მიიღო და 49-ე წუთზე, ზიდანის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და სატურნირო ცხრილშიც, ოდნავ გამოისწორა მდგომარეობა. რაც შეეხება „დილას" გორელებმა, მეორე ტაიმის შუაწელში, ოდნავ დაეუფლნენ უპირატესობას. შემდეგ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშიც ეცადნენ ქულის გადარჩენას, თუმცა, უშედეგოდ. „ტორპედომ" 1-0 გაიმარჯვა.


***


1-0 დასრულდა შეხვედრა წყალტუბოშიც. „სამგურალისა" და „შუქურას" შეხვედრის მე-8 წუთზე გატანილი სერგო კუხიანიძის გოლი, ამ მატჩში ერთადერთი გამოდგა. სტუმრებს, მატჩის მიწურულს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა, ინგოროყვას დარტყმა არც ისე ძლიერი გამოდგა. რამდენიმე წუთში კი, ქობულეთელთა მცველს, გიორგი რეხვიაშვილს, წითელში გადაზრდილი მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ, მინდვრის დატოვება მოუხდა. „შუქურამ" კი, თამაში 10 კაცით დაასრულა.


***


ერთსა და იმავე დროს დაიწყო სამი შეხვედრა თბილისში, საგურამოსა და ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში, ბათუმი არენაზე, „დინამოსა" და „საბურთალოს" შორის, ანგარიში მასპინძლებმა, მე-6 წუთზე, ლაშა შინდაგორიძის საკმაოდ საეჭვო გოლით გახსნეს. დიდი ალბათობით, აღნიშნულ მომენტზე შესაბამისი სამსახურიც იმსჯელებს, ვინაიდან, ბათუმელთა სასარგებლოდ ჩათვლილი გოლის მომენტში, ბურთს რომელიც ხარიხამ აისხლიტა, არათუ კარის ხაზი ჰქონდა გადაკვეთილი, ხაზთან ახლოსაც კი არ იყო დავარდნილი. ასეა თუ ისე, ვიდრე ქართულ ჩემპიონატში, ვარ-ის სისტემა ამუშავდება, ბათუმში, მომენტი ზეპირად განიხილეს, გოლი ჩათვალეს, „საბურთალო" კი, რეალურად, მორალურად საწყის წუთებშივე გატყდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის მიწურულს, გიორგი კოხრეიძემ, მისი გუნდის ყოფილი მეკარის, ლაზარე კუპატაძის კარი აიღო. გუნდები შესვენებაზე, საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. შეხვედრას, დაძაბულობა არც მეორე ტაიმში მოჰკლებია. გიორგი ყრუაშვილმა, ამ მატჩში, 7 ყვითელი ბარათი აჩვენა, საბურთალოელთა კარში პენალტიც დანიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა ვლადიმერ მამუჩაშვილმა. 73-ე და 78-ე წუთებზე, მამუჩაშვილის გადაცემებით, ჯერ გიორგი ფანცულაია, შემდეგ კი, გიული მანჯგალაძე, ბათუმელთა უპირატესობა კიდევ გაზარდეს და საბოლოოდ, ფსიქოლოგიურად და მორალურად გატეხილი „საბურთალო", 4-1 დაამარცხეს.


***


მშობლიურ ბაზაზე, საგურამოში ჩაატარა, მე-14 ტურის შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივმა", რომელმაც ამ ტურში, „სამტრედიას" უმასპინძლა და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. თბილისელებმა, ანგარიში, მე-10 წუთზე იმრანის გოლით გახსნეს. ამ შეხვედრაში, იმრანი, 72-ე წუთზე დუბლსაც გაიფორმებს. თუმცა, მანამდე, 53-ე წუთზე, „სამტრედიამ" მათე კვირკვიას გოლით, „ლოკოელები" ოდნავ დაძაბა. კიდევ ერთი გოლი, იმრანის დუბლამდე კი, 66-ე წუთზე გიორგი იაკობიძემ გაიტანა. თბილისის „ლოკომოტივმა" კი, 3-1 მოიგო და ახლა მომდევნო ტურში, ბათუმის „დინამოს" უმასპინძლებს.


***


მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა „დინამო თბილისმა", გათამაშების აუტსაიდერთან „თელავთან". დინამო არენაზე, გიორგი ნემსაძის გუნდი, მთელი მატჩის მანძილზე აკონტროლებდა ბურთს, მეტოქის კართან სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა, გოლის გატანას ვერ ახერხებდა. რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა ჰქონდა „თელავსაც", თუმცა, ამ შეხვედრაში, კვასხვაძეს დიდად საქმე არ ჰქონია. განსხვავებით, გიორგი ჩოჩიშვილისგან. გოლი კი, 64-ე წუთზე გავიდა. ბაქარ ქარდავას გადაცემას ზუსტი გაგრძელება უპოვა საბა ხვადაგიანმა და ამ შეხვედრაში, ერთადერთი, მისთვის კი, ელიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. „დინამო თბილისმა" მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა, თუმცა, სატურნირო ცხრილში, მნიშვნელოვანი 3 ქულა მიიმატა.


***


ეროვნული ლიგის მომდევნო ტური, 22-23-24 მაისს გაიმართება. მის შემდეგ კი, ელიგის გუნდები 9 ივნისამდე სანაკრებო შესვენებაზე გავლენ.


სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი