„დინამომ“ ქუთაისში პირველი ქულა დაკარგა
„დინამომ“ ქუთაისში პირველი ქულა დაკარგა
15.12.2017
ავტორი:

რუსთავსა და ქუთაისში, დღეს საკალათბურთო სუპერლიგის 2 მატჩი ერთდროულად, 18:30 საათზე დაიწყო. რუსთავში ადგილობრივი კლუბი „ბათუმს" დაუპირისპირდა. მშობლიურ კედლებში „რუსთავმა" საკმაოდ მარტივად, თამაშის დასაწყისშივე მოახერხა სათამაშო უპირატესობის მოპოვება. თუმცა, პირველი მეოთხედი, მხოლოდ 5 ქულით მოიგო 23-18.  რამაზ გოგობერიშვილის ბიჭებმა მეორე მეოთხედში 5-ს კიდევ 4 დაუმატეს (22-18)  და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშში 45-36,  9 ქულიანი სხვაობით შეისვენეს.

ვითარება არ შეცვლილა შესვენების შემდეგაც. ამ მატჩამდე,  „რუსთავისა" და „ბათუმის" დაპირისპირებაში, ბევრი უფრო დაძაბულ ბრძოლას მოელოდა, თუმცა, ბათუმელებმა, ვერც დარჩენილი მეორე ტაიმი გამოიყენეს სათავისოდ და საბოლოოდ, 16 ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, 87-71. რუსთაველთა შორის, 26 ქულით, ადამ ბლეიზეკმა გამოიჩინა თავი. 18 ქულა დააგროვა ტაირელ ნელსონმა, ხოლო ჯეკ კრუკის ანგარიშზე 14 ქულაა. "ბათუმში", 22 ქულით სპენსერ კოლინსი გამოირჩა. 13 ქულა კი, აჭარელთა გუნდის კიდევ ერთი ლეგიონერის, ლეონიდ სტეპანიშინის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „რუსთავი", 10 თამაშიდან 7 მოგებითა და საერთო ჯამში 17 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა. სუპერლიგაში კი ლიდერის პოზიცია კოტე ტუღუშის გუნდმა მოიპოვა.

მომდევნო შეხვედრას „რუსთავი" 20 დეკემბერს, თბილისის „დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. „ბათუმი" კი „კაკტუსს" მიიღებს სახლში. სხვათა შორის, კვირის დასაწყისში, აჩიკო ჟღენტის „კაკტუსმა" ამ ჩემპიონატზე, თავისი უშუალო მეტოქე, „ოლიმპი" 71-66 დაამარცხა.

***

დღევანდელი დღის მეორე შეხვედრა ქუთაისში კი, ტრადიციულად დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა. „ქუთაისი" და „დინამო" მიმდინარე სეზონში, ერთამენთს, მეოთხედ დაუპირისპირდნენ. წინა სამი შეხვედრა „დინამოს" ჰქონდა მოგებული. გამომდინარე აქედან და კიდევ იმიტომ, რომ თბილისურმა კლუბმა ევროპის საკლუბო ტურნირებზე სოლიდური გამოცდილება დააგროვა, ამ მატჩში, ფავორიტად სწორედ, სტუმრები მიიჩნეოდნენ. თუმცა, ქუთაისში, ტრადიციულად გადავსებულ საკალათბურთო დარბაზში, ყველა გუნდს უჭირს თამაში.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, დღეს გვერდში დგომისათვის. კარგია, რომ გულშემატკივარი დაგვიბრუნდა და სავსე დარბაზში ვითამაშეთ. 40 წუთის მანძილზე, ისინი გვერდში გვედგნენ და დღევანდელი გამარჯვება, მათი დამსახურებაა. არ მინდა დამსახურება დავუკარგო ჩემს ბიჭებსაც. თამაშის განმავლობაში მრავალჯერ იყო მომენტი, როდესაც შეიძლებოდა გუნდი გატეხილიყო, თუმცა, ყველამ ბოლომდე იბრძოლა. ირაკლი ხოშტარიას "დინამო" ძალიან კარგი გუნდია და მათთან გამარჯვებისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს", - ამბობს კოტე ტუღუში, „ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი.

კიდევ ერთი დეტალი, ევროტურნირების შემდეგ, „დინამო" ორმა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშამ (რომელიც დინამოელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული იყო) და იოან ჩრნიჩმა დატოვა. ფაქტობრივად, დინამოელთა სკამზე, ხოშტარიას განკარულებაში მხოლოდ 9 კალათბურთელიღა დარჩა, მათგან ექსვზე კი მეორე თამაშია, დიდი ჯაფა დგას.

„მთელი თამაში ვფლობდით უპირატესობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი შეცდომები დავუშვით დაცვაში. მეტოქეს, ბევრი სამქულიანის სროლის საშუალება მივეცით, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს. შეიძლება ითქვას, რომ მოგებული თამაში გავუშვით ხელიდან. ამ წაგებით არაფერი იკარგება, მთავარია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჯერ მთელი სეზონი წინაა, დავლაგდებით და გავაანალიზებთ შეცდომებს", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, თბილისის „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.


დინამოელებმა საწყის პერიოდშივე მოახერხეს თამაშში უპირატესობის მოპოვება. პირველი ტაიმის ორივე მეოთხედი გუნდმა 5-5 ქულიანი სხვაობით (17-22 / 16-21) მოიგო. იყო მომენტი როდესაც დინამოელები 13 ქულასაც კი იგებდნენ. თუმცა, კოტე ტუღუშის გუნდის სუნთქვა, ზურგში მთელი თამაშის მანძილზე ესმოდათ. ამ მატჩში ვითარება ბოლო, მეოთხე მეოთხედის შუაწელიდან გასნაკუთრებით დაიძაბა. ამ მომენტისთვის თბილისელთა გუნდის ძირითად მოთამაშეებს უკვე 4-4 პერსონალური ჰქონდათ მიღებული და ცდილობდნენ, მაქსიმალურად წესების დარღვევის გარეშე ემოქმედათ. თუმცა, როგორც მატჩის შემდეგ ირაკლი ხოშტარიამ აღნიშნა, დაცვაში დაშვებული შეცდომების პარალელურად, მეტოქეს პერიმეტრის გამოყენების საშუალებაც მისცეს და 11 ქულიანი უპირატესობა, რომელსაც „დინამო" მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ფლობდა, ამ პერიოდის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე, ჯერ 1 ქულამდე დავიდა, ხოლო, 38 წამით ადრე, ქუთაისელებმა 1 ქულით ანგარიშში დაწინაურება მოახერხეს, 77- 76. მატჩის გადასარჩენად, თბილისელებს მხოლოდ ეს დრო რჩებოდათ. „ქუთაისმა" კი არასპორტული ჯარიმა მიიღო. მიხეილ ბერიშვილმა 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა, ანგარიში გაათანაბრა, ლაველ ბოიდმა კი ზუსტი 2 ქულიანით, „დინამო" დააწინაურა 77-79.  დარჩენილ 34 წამში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „უჯარიმოდ" უნდა ეთამაშა. თუმცა, ქუთაისელთა, ფაქტობრივად, ბოლო შეტევა სტუმრებმა ჯარიმით შეაჩერეს. ბოლო წამები, ორივე გუნდითსთვის ნერვების თამაში გამოდგა. ქუთაისელმა ლეგიონერმა, დეჟუან რაითმა 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო.  ქუთაისელებს, ტაქტიკური ჯარიმის აღება მოუხდათ, რამაც გაამრთლა. დინამოელმა ლეგიონერმა,  კაელ ტურპინმა ორივე საჯარიმო ააცილა. დარჩენილ 27 წამში, დე ჟუან რაითმა „ქუთაისის" ანგარიშს 2 ქულა მიუმატა, დინამოელებს კი მხოლოდ 3 წამი დაუტოვა მატჩის გადასარჩენად, რაც არასაკმარისი გამოდგა. „ქუთაისმა" საკუთარ კელდებში, მიხეილ ქორქიას სახელობის დარბაზში, „დინამო" 1 ქულით, 80-79 დაამარცხა.

ქუთაისელთაგან, 20 ქულითა და 9 მოხსნით, ყველაზე შედეგიანი აკაკი დვალიშვილი იყო. 14-14 ქულა მოაგროვეს დე ჟუან რაითმა და გიორგი ბარბაქაძემ. დინამოელი ლეგიონერის ლაველ ბოიდის ანგარიშზე დღეს, მხოლოდ 17 ქულა იყო. სამაგიეროდ, 27 ქულა შესძინა „დინამოს" და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი დააგროვა დინამოელთა კაპიტანმა ილია ლონდარიძემ.

„ჩემი კარგი თამაში, გუნდის დამსახურებაა. შეკრულები ვართ და ერთმანეთს მხარს ვუბამთ. სწორედ აქედან გამომდინარე, ბიჭების ხელშეწყობით მოვახერხე დღეს, კარგად მეთამაშა. ყველამ ვიბრძილეთ, მაგრამ გვქონდა ხარვეზები დაცვაში, რითაც „ქუთაისმა" კარგად ისარგებლა და შედეგად დაგვეწია. რა თქმა უნდა, იმოქმედა დარბაზის ატმოსფერომაც. იყო კიდევ, მსაჯების უხეში შეცდომები. თუმცა, არაუშავს. ცოტა, მოტივაცია გამოგვივიდა „ქუთაისისთვის" ამდენი წაგების შემდეგ",  - ამბობს ილია ლონდარიძე.

ამ მატჩს შემდეგ, „ქუთაისი" 10 თამაშიდან 8 მოგებითა და 18 ქულით, გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა. „დინამო" კი, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული 7 მოგებითა და 15 ქულით, ჯერ-ჯერობით მე-3 ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას, „ქუთაისი" 24 დეკემბერს, რუსთავში გამართავს.

ხვალ კი, სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 16:00 „სოხუმი" -„ ოლიმპს", ხოლო 18:00 „კაკტუსი"-„მარნეულს" დაუპირისპირდება.