
ტრადიციული გრაფიკიდან, ოდნავ "ამოვარდნილად", მაგრამ 2021 წლის 26 მაისს, თბილისში, ყოველწლიური პროექტის - „სპორტფოტოს" რიგით მეშვიდე გამოფენა გაიმართება. COVID 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, საგამოფენო სივრცე, ღია ცის ქვეშ, „დინამო არენას" (მის: თბილისი, წერეთლის 2, შესასვლელი კარი #2) მეორე იარუსის ტერასაზე განთავსდება და დღის 12 საათიდან, 18:30 წუთამდე იმუშავებს. „სპორტფოტო 2020"-ის პარტნიორი და დამფინანსებელი, ტრადიციულად თბილისის მერიაა. ფოტო-გამოფენის მიმართულებით, პროექტის პარტნიორია „დინამო არენა".
პროექტის ორგანიზატორების, სპორტული ვებ-პორტალის TSFF.GE-ს გადაწყვეტილებით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება, 2020 წლის იმ სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კადრები, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. გამომდინარე იქიდან, რომ კორონა ვირუსის გამო, 2020 წელს დაგეგმილი ბევრი სპორტული მოვლენა გაუქმდა ან გადაიდო, უმეტესწილად კი, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ფოტო-ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს სპორტულ ტურნირებზე დასწრება, ქართველ სპორტსმენთა გამოსვლების ამსახველი ფოტომასალა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციებმა, ქართულმა ფედერაციებმა, კლუბებმა და რაღა თქმა უნდა, სპორტული ფოტოგრაფების ნაწილმა მოგვაწოდა. გამოფენაზე, წარმოდგენილი იქნება, 2020 წლის 100 საინტერესო კადრი.
პროექტისთვის ფოტოები გამოაგზავნეს და შესაბამისად 2020 წლის გამოფენაზე წარმოდგენლი იქნებიან შემდეგი ფედერაციები და კლუბები:
- ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია
- საქართველოს კალათბურთის ფედერაცია
- საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია
- საქართველოს ხელბურთის ფედერაცია
- საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
- საერთაშორისო პარალიმპიური ფედერაცია
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
- ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება
- წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი"
- საქართველოს რაგბის კავშირი
- საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია
- ოფროუდის კლუბი Rally Adventure Georgia
- საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი"
- იტალიის ძალოსნობის ფედერაცია
- საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი"
- საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო"
- ქსკ „ლანჩხუთი"
ტრადიციულად, მონაწილეთ შორის არია სპორტში მომუშავე ქართველი ფოტოგრაფები, სპორტული ჟურნალისტები და თავად სპორტსმენები, მაგალითად მთამსვლელები.
პარალელურად, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გვერდში დგომითა და დაფინანსებით, პანდემიით გამოწვეული მძიმე წლის მიუხედავად, 500-იანი ტირაჟით, ტრადიციულად დაიბეჭდება კატალოგი „სპორტფოტო 2020". რიგით მეშვიდე გამოცემაში, რომელიც 200-გვერდიანია, „დინამო არენაზე" გამოფენილი ფოტოების გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საინტერესო კადრიც შევა.
კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, განსხვავებულ ფორმატში, ონლაინ წარიმართება სპორტფოტოს ტრადიციული შეხვედრების დიდი ნაწილი სპორტის მოყვარულებთან. ამჯერად, „სპორტფოტო 2020"-ის პროექტში მონაწილე ფედერაციები და სპორტსმენები პროექტის სოციალური ქსელის დახმარებით მინი-კონკურსებს ჩაატარებენ. გამარჯვებულებს კი, საჩუქრად კატალოგები და კონკრეტულ სპორტსმენთა ავტოგრაფიანი სუვენირები გაეგზავნებათ.





ჩვენ








