„ილიაუნმა" პლეი-ოფის საგზური პირველმა გაინაღდა
„ილიაუნმა" პლეი-ოფის საგზური პირველმა გაინაღდა
22.05.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2020-21 წლების სეზონის XII ტურის შეხვედრები გაიმართა. დღის სასტარტო მატჩში „ბათუმის აკადემია", „საქართველოს უნივერსიტეტს" დუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 5-4 იმარჯვა.


მეზღვაურებმა, პირველ ტაიმში, დამაჯერებელი ანგარიშით დაწინაურება შეძლეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. თამაშის განახლების შემდეგ UG გააქტიურდა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში წონასწარობის აღდგენა ვერ მოასწრო და დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი ბურთი გიორგი აბუსელიძის ანგარიშზეა.


გიორგი აბუსელიძე, ბსსა: „ყველა დარჩენილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ქულათა მაქსიმუმის მოსაპოვებლად ვიბრძვით. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა მატჩი. პირველ ტაიმში მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობის მიუხედავად მინიმალური სხვაობით მოგება მეტოქე გუნდის კარგ თამაშზე მეტყველებს. მეორე ტაიმში უფრო დაიძაბა შეხვედრა, რასაც ველოდით. ვფიქრობ, გარკვეულწილად გვქონდა უპირატესობა, თუნდაც შეტევაში".


***


ტური, „გორისა" და თსუ2-ის დაპირისპირებით გაგრძელდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, სტუდენტებმა 4-3 იმარჯვეს.


თსუ 2-მ ანგარიში მერვე წუთზე გახსნა და მალევე სხვაობა ორამდე გაზარდა. გორელებმა ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა აღადგინეს და სასტვენამდე ოთხი წამით ადრე წინ გავიდნენ. თამაშის განახლების შემდეგ, სტუდენტებმა ანგარიში გაათანაბრეს. 32-ე წუთზე ალექსი ტკაჩოვმა დუბლი გაიფორმა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.


ბექა მამაგულაშვილი, გორი: „შეგვეძლო დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულაც მოგვეპოვებინა, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ გავძელით. ცუდი გოლი გაგვივიდა, რიკოშეტით, ვერ მოვასწარით დალაგება. დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იყო ეს მატჩი. პლეიოფში გასასვლელად რაღაც თეორიული შანსები დაგვრჩა, მაგრამ ძალიან მცირე. თსუ-მ ძალიან კარგი თამაში შემოგვთავაზა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო მათი მეკარე, გიორგი ჯოხაძე, ის რომ არა, შეიძლება დიდი ანგარიშითაც მოგვეგო. ბოლო ორ შეხვედრაში მხოლოდ მოსაგებად გამოვალთ და დაველოდებით კონკურენტები ერთმანეთში როგორ დაკარგავენ ქულებს".


ალექსი ტკაჩოვი, თსუ 2: „ორივე გუნდის მხრიდან ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება ჩვენს ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. ჩემპიონატი ისეთ ეტაპზეა, რომ განსაკუთრებით უშუალო კონკურენტებთან, თითოეული ქულა გადამწყვეტია. ვფიქრობ, გარდამტეხი მომენტი ჩვენი მხრიდან ანგარიშის გათანაბრება იყო, შეიძლება ითქვას, ცოტა გაგვიმართლა კიდეც და მეტი მოტივაცია მოგვეცა. ახლა მთელი გუნდი მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ".


***


„ევროპის უნივერსიტეტი", XII ტურის შეხვედრაში ქუთაისის „მართვეს" დაუპირისპირდა 2-0 იმარჯვა და უშუალო კონკურენტთან, თსუ 2-თან ქულათა თანაბარი რაოდენობა შეინარჩუნა.


მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე გიორგი სვანიძემ გახსნა, მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში კი, დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ქუთათურები სხვაობის შემცირებას ეცადნენ, თუმცა ბურთის გაქვითვა ვერ შეძლეს და ორი უპასუხო გოლით დამარცხდნენ.


გიორგი სვანიძე, EU: „როგორც მოწინააღმდეგე გუნდი, ჩვენც კაცნაკლულები ვიყავით. ზოგი კოვიდის გამო, ზოგიც ტრავმის და ოთხი მოთამაშე გვაკლდა. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. წინა მატჩშიც ჩვენი გამარჯვებით  პატარა სასწაული მოვახდინეთ. მიზანი პლეიოფში გასვლაა და ამისათვის დღეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა.


მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, ბატონ დავით ლოლუას მივულოცო დაბადების დღე, ვფიქრობ, კარგი საჩუქარი გამოგვივიდა. წინ ორი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დაგვრჩა და შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ".


ამ მოგების შემდეგ, ევროპის უნივერსიტეტს, თსუ-ს მსგავსად 20 ქულა აქვს და 4-5 პოზიციას იყოფს. 29 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სწორედ, ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მათ შორის გამარჯვებული პლეი-ოფში მოსახვედრად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.


***


ტურის დასკვნით შეხვედრაში „არმია",  „ილიაუნი 2"-ს დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი სტუდენტების სასარგებლოდ 5-4 დასრულდა და „ილიაუნმა" პლეი-ოფის საგზური პირველმა გაინაღდა.


პირველი ტაიმი ძალოვნების უპირატესობით წარიმართა. მე-18 წუთისთვის, „არმია" მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლით ამარცხებდა. ტაიმის დასრულებამდე გურამ ნადარეიშვილმა დუბლი გაიფორმა და ორი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმში სხვაობა მინიმუმამდე ნიკოლოზ ბოლქვაძემ შეამცირა, თამაშის დასრულებამდე კი, საბა მაჩიტიძემ ჯერ წონასწორობა აღადგინა,  39-ე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.


საბა მაჩიტიძე, ილიაუნი 2: „ემოციურად ძალიან დადებითი თამაში იყო, ბოლომდე დავიხარჯეთ. არმიასთან ერთად სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებზე ვართ და ამ მოგებით ოთხეულში ადგილი გავინაღდეთ, რაც ძალიან გვახარებს. შემდეგ თამაშებში ვეცდებით, რომ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ჩვენთვის რთულად დაიწყო დღევანდელი მატჩი. მალევე გავუშვით სამი გოლი. შეხევდრაში გარდამტეხი მომენტი იყო, როცა ორი ბურთის გაქვითვა შევძელით, ამან ფსიქოლოგიურად ძალიან დადებითად იმოქმედა. მწვრთნელმაც შესაბამისი დავალებები მოგვცა შესვენებაზე, რაც გავითვალისწინეთ და ამის შედეგად ვიმარჯვეთ".


ფუტსალის ლიგა 2-ის XIII ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 მაისს გაიმართება.



Sbm.ge -ს ფოტო