
„დინამო თბილისსა" და „პორტუს" შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დასრულებულია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის აკადემიის აღზრდილი, გიორგი აბუაშვილი კარიერას პორტუგალიურ გრანდში გააგრძელებს. აბუმ, სამედიცინო შემოწმება, ახალ კლუბში უკვე გაიარა და 5 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. თუმცა, პორტუგალიურ კლუბს ის მხოლოდ, ივნისის ბოლოს შეუერთდება.
„პირველ რიგში, ძალიან გახარებული ვარ, რომ „პორტოსთან" კონტრაქტი გავაფორმე. დიდი გამოწვევაა და დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ხდები ასეთი დიდი გუნდის წევრი. მზად ვარ ამ გამოწვევისთვის და ვიცი, რომ ძალიან ბევრი შრომა მომიწევს იმისთვის, რომ გუნდს მოვერგო და დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. დღევანდელი გადასახედიდან, ბევრი რამეა, სადაც მოსამატებელი მაქვს, რადგან სწრაფად მოვერგო იქაურ ფეხბურთს. პირველ რიგში, ამ მხრივ, ფიზიკური მომზადებას დავასახელებდი", - ამბობს გიორგი აბუაშვილი, TSFF.Ge-სთან საუბარში.
„პორტუში", აბუ 47-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. თუმცა, გამგზავრებამდე აბუაშვილს კვლავ მშობლიური კლუბის ბაზაზე მოუწევს ვარჯიში. რამდენიმე დღეში, ფეხბურთელს „პორტუდან" სპეციალურ სავარჯიშო პროგრამას გამოუგზავნიან.
„ძალიან მწყდება რა თქმა უნდა გული, რომ ვტოვებ აქაურობას, რადგან 9 წლიდან ამ გუნდში ვიზრდები და ფაქტიურად, „დინამო თბილისი", მეორე ოჯახია. მადლობის მეტი, არაფერი მეთქმის. ამ დიდმა ოჯახმა, ამ გუნდმა მომცა ყველაფერი ბავშვობიდან, რომ ფეხბურთი მეთამაშა და ყველანაირი პირობა შემიქმნა ამისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას, დაწყებული მომსახურე პერსონალით დამთავრებული ფეხბურთელებით", - ამბობს გიორგი აბუაშვილი.
ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „პორტუს", სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება. იქ ჩასული კი, თავდაპირველად, „პორტუს" მეორე გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს.





ჩვენ








