კახი ცხადაძემ დიღმის ბაზაზე „დინამო თბილისი“ პირველად ავარჯიშა
კახი ცხადაძემ დიღმის ბაზაზე „დინამო თბილისი“ პირველად ავარჯიშა
27.05.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„დინამო თბილისმა" დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ძველი - ახალი მთავარი მწვრთნელის კახი ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშა. სანაკრებო შესვენებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში დინამოელები არ არიან გამოძახებულნი, გუნდმა მაინც არასრული შემადგენლობით ივარჯიშა, ვინაიდან, 4 დინამოელი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშია გამოძახებული და რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად ემზადება.


რაც შეეხება „დინამო თბილისს", დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ცხადაძე და მისი დამხმარეები -გიორგი ჩიხრაძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს და ფიზმომზადების მწვრთნელი, სერბი მილოშ იევტიჩი ფეხბურთელებს, უშუალოდ ვარჯიშის დაწყების წინ გაეცნენ. ახალ მწვრთნელთან ერთად, პირველმა ვარჯიშმა დაახლოებით საათნახევარი გასტანა, მისი დასრულების შემდეგ, კი, ცხადაძემ კლუბის ოფიციალურ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.




„ბედნიერები ვართ, რომ დავბრუნდით ამ ძალიან დიდ გუნდში. მეორეს მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. „დინამო თბილისი", ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ბრენდია. ჩვენ, ამას ვგრძნობთ და ეს პასუხისმგებლობა, გათავისებული გვაქვს. ვიცით, რომ ჩვენგან ბევრს ელოდებიან. ძალიან გვინდა, რომ გულშემატკივარს და იმ ხალხს, ვისაც ჩვენი სჯერა, იმედი არ გავუცრუოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორად ვიმუშაოთ და იმ შედეგს მივაღწიოთ, რასაც ჩვენგან ელიან.


არც ერთ გუნდს არ ვაკნინებ, მაგრამ საქართველოსთვის „დინამო" განსაკუთრებულია, ძალიან დიდი მოთხოვნებია და შესაბამისად, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა. კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრისას გამოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად, შეთანხმება მალე მოხდა, გვინდა, რომ ჩვენი დაბრუნება ამ კლუბში, წარმატებული იყოს.




მთავარია, ფეხბურთელებმა სწორად გაგვიგონ და მალე აუღონ ალღო ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენმა წინამორბედებმა კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მზა გუნდი დაგვახვედრეს. მოთამაშეები კარგ ფუნქციონალურ მდგომარეობაში არიან. კარგია, რომ გარკვეული ეტაპები გავლილია, რასაც ჩვენს ხედვებს დავამატებთ, იმედია ფეხბურთელები სწრაფად აითვისებენ ყველაფერს და ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რაც ჩვენ გვინდა. სეზონი დაწყებულია, გუნდში დიდი სამუშაოა გაწეული. კარგია, რომ რამდენიმე დღე გვაქვს, რათა ფეხბურთელებს კარგად გავაცნოთ ჩვენი ხედვები, მაქსიმალურად შევეცდებით ერთმანეთს მალე გავუგოთ. რაც მთავარია, ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. მთავარია ეს მუხტი და ემოციები სწორად მივმართოთ და შედეგსაც მივაღწევთ", - ამბობს კახი ცხადაძე.




თუ რას შეცვლის ცხადაძე დინამოელთა სათამაშო სტილსა და ტაქტიკურ მონახაზში ეს, ეროვნული ლიგის განახლებისას, 9 ივნისს გამოჩნდება, როდესაც, „დინამო არენაზე" საქართველოს მოქმედი და 18-გზის ჩემპიონი, ქობულეთის „შუქურას" უმასპინძლებს.  მანამდე კი, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გაწეული მუშაობისთვის, მადლობას უხდის გიორგი ნემსაძის ასისტენტმა ლაშა ჭელიძესა და ფიზმომზადების მწვრთნელს, სერგეი ბოიკოს რომლებმაც გუნდი დატოვეს. აქვე შეგახსენებთ, რომ თავად გიორგი ნემსაძე, „დინამო თბილისში" რჩება და მუშაობას სპორტული დირექტორის პოზიციაზე აგრძელებს.  




სკ "დინამო თბილისის" ფოტოები / თ.ჯ.