სამხრეთ აფრიკასთან ტესტები 2 და 9 ივლისს გაიმართება
სამხრეთ აფრიკასთან ტესტები 2 და 9 ივლისს გაიმართება
31.05.2021
ავტორი: რაგბის კავშირი


ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან ტესტებს 3 და 10 ივლისის ნაცვლად ერთი დღით ადრე, 2 და 9 ივლისს გამართავს.


ეს ცვლილება სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნემ განაპირობა. უორენ გეთლანდის შეგირდები 3 ივლისს 'გოლდენ ლაიონსს', ხოლო 10 ივლისს 'ბულსს' ეთამაშება. ბორჯღალოსნებთან გასამართი ტესტ-მატჩების ჩატარების ადგილი და დაწყების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.


„საქართველოსთან მატჩები პარასკევს ჩატარდება, რათა ისინი არ დაემთხვეს ჩვენი პროვინციების გუნდების მატჩებს ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორმა რასი ერასმუსმა, რომელმაც 2019 წელს, „სპრინბოქსს' მსოფლიო თასი მოაგებინა.


ეს იაპონიაში, 2 ნოემბერს მოხდა და სამხრეთ აფრიკამ ფინალში ინგლისი დაამარცხა. მას შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟაკ ნიენაბერი დაინიშნა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო, მისი დებიუტი მთელი 19 თვით გადაიდო. ის გუნდის გაფართოებულ, 45-კაციან შემადგენლობას 5 ივნისს დაასახელებს და აქცენტს ლეგიონერებზე გააკეთებს:


„ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება. კარგია, რომ საქართველოსთან შეხვედრა მსოფლიო რაგბის მიერ საერთაშორისო მატჩებისთვის გამოყოფილ ფანჯარაში ჯდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდის ლიდერებიც ჩვენთან ერთად იქნებიან".