ტოკიოში ოლიმპიური ფიცი, შესაძლოა, ერთდროულად ქალმა და კაცმა ოლიმპიელმა დადოს
ტოკიოში ოლიმპიური ფიცი, შესაძლოა, ერთდროულად ქალმა და კაცმა ოლიმპიელმა დადოს
01.06.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ფიცი შეიძლება ერთდროულად ორმა სპორტსმენმა დადოს. ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი საზეიმო ცერემონიალში ქალისა და კაცის მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს (ტრადიციულად, ოლიმპიურ ფიცს ყველა სპორტსმენის სახელით თამაშების მასპინძელი ქვეყნის ერთი ოლიმპიელი წარმოთქვამს).


ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ამგვარი ინიციატივა ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას, რაზეც განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ოლიმპიური დღის წესრიგი - 2020+5-ში.


ცოტა ხნით ადრე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტოკიოს თამაშები ისტორიაში პირველ  გენდერულად დაბალანსებულ თამაშებად მოიხსენია -  მონაწილეთა თითქმის 49 პროცენტს ქალები შეადგენენ.


გარდა ამისა, IOCთამაშებში მონაწილე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს მედროშეებად ქალ-ვაჟის დანიშვნის შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა.


აღსანიშნავია, რომ თამაშებში მონაწილე 206-ვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციაში მინიმუმ თითო ქალი და კაცი ათლეტი უნდა იყოს.