
ქართველი მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე ჰიმალაიდან მშვიდობით, თუმცა მწვერვალის გარეშე ბრუნდებიან. დაახლოებით ორი თვის წინ, საქართველოდან წასულმა მთამსვლელებმა მთაზე მუშაობისა და აკლიმატიზაციის შემდეგ, დიდხანს უცადეს ფანჯარას ამინდში, თუმცა, მთამსვლელებს, ამინდმა მთაზე ასვლის შანსი არ მისცა. ბადრიაშვილმა და ტეფნაძემ, მაკალუს დალაშქვრა ვერ მოახერხეს და დიდი ალბათობით, სამომავლოდ გადადეს. საბაზო ბანაკში დაბრუნებულებმა კი, საქართველოში დარჩენილი გულშემატკივრისთვის, საინტერესო შეტყობინება დატოვეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ასეც ხდება, ზოგჯერ მთის მწვერვალს ვერ შეეხები, ცდა რომც არ დააკლო. ასეთ დროს ყველა ნიშანი უნდა გააანალიზო და ბედს შეეგუო. ჩვენი ექსპედიცია მაკალუს მწვერვალის გარეშე დასრულდა, თუმცა მისგან - სულ რამდენიმე საათის სავალზე (ვიყავით)!
სავსედ, „მუშაობაში" და მცდელობებში ჩაიარა ორმა თვემ; მიუხედავად ასეთი ინტენსივობისა, (რის გამოც - ნახევრად იუმორით - შერპებმა „ძლიერი შერპების" რიგებში მოგვნათლეს), გვიწევს „უკან დახევა" - ამინდთან თამაში ფრედ დასრულდა. ჩვენი საბოლოო საადაპტაციო გასვლიდან (მაისის პირველი რიცხვები - 7,450 მ.) ჯეტსტრიმი (ქარბუქი და გრიგალი) არ გადასულა მთიდან, ამას პირდაპირ მიება მუსონის პირველი ტალღა (სეზონური ნალექი ჰიმალაებში). 24 რიცხვი 40-50+ კმ/სთ ქარებით ერთადერთი რეალური ფანჯარა იყო ამ ნაკადებში და ჩვენც გადავწყვიტეთ, გვეცადა. თითქმის ყველა - 23 მთამსვლელი 21 რიცხვში გავედით მთაზე და ორი დღის შემდეგ, გავმაგრდით 7,450 მეტრზე. 23 რიცხვის საღამოს დაიწყო წელს, მწვერვალის პირველი და უკანასკნელი შტურმი, 9:00 -10:30 სთ: დავიძარით მოიერიშე ძალა 14 კაცის შემადგენლობით (8 უჟანგბადოდ, 6 ხელოვნური ჟანგბადის გამოყენებით), ძლიერი ქარიც თითქოს დამშვიდდა.
გიო და მე, ბოლოს გავედით და სიარული სწრაფ ტემპში დავიწყეთ; სულ მალე, 100 მეტრით მაღლა, შევეჩეხეთ ქარებით ცნობილი გიგანტის ბუნებას: ძლიერ ქარბუქს და უკან მობრუნებულ თორმეტივე ამხანაგს ეტაპობრივად, გავცვალეთ რამდენიმე სიტყვა-შეძახილი და გავაგრძელეთ. გიორგი და მე მარტო დავრჩით მწვერვალის გზაზე, ქარს კი მოვეფარეთ, მაგრამ მხედველობა არ გვქონდა და ძალიან რთული იყო გაგნება; ასეთ პირობებში შუაღამით მივაღწიეთ 7,800 მ-მდე, საკვალ, საზვავე ფერდით, გავჩერდით და ჩავთვალეთ, რომ ამ პირობებში გაურკვეველი მიმართულებით სიარული არ იყო მიზანშეწონილი, ორჯერ შევყოყმანდით, მაგრამ მესამეჯერ უკვე მოვტრიალდით. რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა - ცხადი. ამის გარდა მაინც გვქონდა იმედი მეორე ცდისა, მაგრამ კარავთან დაბრუნებისას ქარის ნაკადი იმდენად გაძლიერდა, რომ ყველამ პირდაპირ დაშვება გადაწყვიტა. ასეთი გრძელი დღე გამოგვივიდა: 7800-მდე და იქიდან პირდაპირ საბაზო ბანაკში დავეშვით, მთავარია - ყველა საღად! ჩვენს გზის კვალვას და თოკების დამუშავებას დაემატა წელს მიღწეული უმაღლესი წერტილიც მაკალუზე.
ცნობისთვის, 2019 წლიდან დღემდე მაკალუზე არავინ ასულა.
შავ პირამიდაზე მუშაობა და მოწინავე გუნდად ყოფნა ჩვენთვის, სასიმაღლო გამოცდილების კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გასვლის გარდა, უდიდესი პატივია!
ახლა კი, უკანასკნელი გამოცდის ჩაბარება გვიწევს, მუსონის პირობებში გამოვიარეთ ადიდებული მდინარეები და მთის ბილიკები, გზები და კატმანდუს გაცოფებულ კოვიდთან და ჩარტერული რეისების განრიგთან შერკინების შემდეგ, ვიმედოვნებთ მალე საქართველოში გიხილოთ!
უღრმესი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვახარებდნენ ყველაზე რთულ დღეებში და ხალისიანში ხომ მითუმეტეს!
მადლობა მაკალუს, რომ მშვიდობით მიგვიღო და გამოგვიშვა ახალი მეგობრებით(!) და შთაბეჭდილებებით და იმაზე მეტით, ვიდრე მასთან სტუმრობამდე ვიყავით".
გამომდინარე იქიდან, როგ არჩილი და გიორგი, ჩვენი პროექტის „სპორტფოტოს" უცვლელი მონაწილენი არიან და ბიჭების ჰიმალაიში ყოფნის პარალელურად, მათი ფოტოები, თბილისში, 26 მაისს „დინამო არენაზე" იყო გამოფენილი, ვიმედოვნებთ, რომ დაბრუნების შემდეგ, გულშემატკივარს პირადად შეხვდებიან და საინტერესო ამბებსაც მოუყვებიან.





ჩვენ








