ფუტსალის ლიგა 2-ის ფლეი-ოფები 12 ივნისს გაიმართება
ფუტსალის ლიგა 2-ის ფლეი-ოფები 12 ივნისს გაიმართება
05.06.2021
ავტორი: ლაურა პაპასქუა


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.


XIV ტური არმიასა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დაიწყო. „ძალოვნებმა" მეტოქე კომფორტული ანგარიშით 7-3 დაამარცხეს და წრიულ ეტაპს მეორე პოზიციაზე ასრულებენ. ფლე-ოფში კი ბათუმის აკადემიას შეხვდებიან, რომელთანაც არმიას სამი თამაშიდან ჯერ არ წაგება არ აქვს.


მატჩის 23-ე წუთამდე „ძალოვნები" ექვსბურთიანი უპირატესობით ლიდერობდნენ. „სტუდენტებმა" ბექა ქებაძის დუბლითა და გიორგი ჩხაიძის გოლით სხვაობა სამამდე შეამცირეს, მაგრამ ბაკურ ნანეიშვილმა აქტივში მეორე ბურთიც მიითვალა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დუბლი გაიფორმა შმაგი ჭოხონელიძემაც.


გიგა ბერაია, არმია: „მიუხედავად ანგარიშისა, მარტივი თამაში არ ყოფილა. მეტოქე გუნდმა იბრძოლა. ფუტსალში დებიუტანტები ვართ და ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს რეგულარული სეზონის მეორე ადგილზე დასრულება. დიდი გამოცდილება მივიღეთ და ვეცდებით, ფინალამდე მივაღწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის აკადემიას აქამდე გამართულ სამივე შეხვედრაში მოვუგეთ, პლეი ოფი უფრო დაძაბული იქნება და წინასწარ ვერ ვიტყვით ვერაფერს. თანაბარი ბრძოლა იქნება."


***


ევროპის უნივერსიტეტი ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდა, 5-2 დამარცხდა და ფლეი-ოფში მოსახვედრად, თსუ 2-ისა და მართვეს შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. „სტუდენტური დერბის" ფრედ დასრულების შემთხვევაში, EU ნახევარფინალის საგზურს ინაღდებდა, თუმცა, რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით აჯობა.


შეხვედრის პირველი ტაიმი ილიაუნის სასარგებლოდ 2-0 წარიმართა. 22-ე წუთზე გურამ ნადარეიშვილმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. აველო კიკვაძემ მალევე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ საბოლოო შედეგზე ამას გავლენა არ მოუხდენია. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ლაშა კურტანიძემ დუბლი გაიფორმა.


ლაშა კურტანიძე, ილიაუნი 2: „მიუხედავად იმისა, რომ პირველობა განაღდებული გვქონდა, ბოლომდე ვიბრძოლეთ. ყველა შეხვედრაში მოსაგებად გამოვდივართ. რეგულარული სეზონის მოგებით დასრულება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მეტოქესთან შედარებით მომენტების გამოყენება უკეთ შევძელით, ზოგ შემთხვევაში გაგვიმართლა კიდეც, ვერ ვიტყოდი, რომ რამეში უპირატესობა გვქონდა. ნახევარფინალში ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქე ვინ იქნება. ევროპის უნივერსიტეტთანაც და თსუ-თანაც ბოლომდე ვიბრძოლებთ ფინალისთვის".


რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩში, ქუთაისის მართვე თსუ 2-ს შეხვდა. სტუდენტებს" მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებოდათ.




***


წრიული ეტაპის დასკვნით მატჩში თსუ 2, ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა. „სტუდენტებს" ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად მეტოქის ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდათ, მაგრამ შეხვედრა, ფრედ 4-4 დასრულდა და ფლეი-ოფში ილიაუნი 2-ის წინააღმდეგ ევროპის უნივერსიტეტი ითამაშებს.


ლაშა ერქომაიშვილმა მე-4 და მე-13 წუთზე გატანილი გოლებით, თსუ დააწინაურა. ტაიმის დასრულებამდე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა. თამაშის განახლებიდან მალევე,  „ქუთათურებმა" ორი ბურთი გაქვითეს, რასაც „სტუდენტების" რიგებიდან საბა გოგოლაძის გოლი მოჰყვა. ამ გოლმა, გუნდს საჭირო უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ თსუ-მ მისი შენარჩუნება ვერ მოახერხა და ჩემპიონატს გამოეთიშა. მართვეს რიგებიდან ჰეთ-თრიკი გიორგი გიორგაძემ გაიფორმა.


საბა გოგოლაძე, თსუ 2: „მართვესთან შეხვედრამდე ევროპის უნივერსიტეტი ილიაუნის ეთამაშა და იქ დაფიქსირებული შედეგით შანსი მოგვეცა, რომ ფლეი-ოფში გავსულიყავით, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. იმ თამაშით, რაც დღეს ვაჩვენეთ, ის მივიღეთ, რისი ღირსებიც ვიყავით. მოწინააღმდეგეს დიდი მადლობა, იბრძოლეს და დაუფასდათ. ჩემს გუნდზე ვიტყოდი, რომ როდესაც ასეთ შანსს ვერ იყენებ, იმ შედეგს იღებ, რაც გეკუთვნის".


გიორგი გიორგაძე, მართვე: „სეზონის ბოლო თამაში ჩავატარეთ. ბევრი წაგება დაგვიგროვდა, ამიტომ ჩვენთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. სეზონის გამარჯვებით დასრულება გვინდოდა, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ქულა მაინც ავიღეთ. ცოტანი ვიყავით დღეს, ვარჯიშსაც ვერ ვახერხებთ ხოლმე, ტრავმის გამო მოთამაშეები გვაკლია. ამის ფონზე მაინც ვიბრძოლეთ და შედეგსაც მივაღწიეთ".


ფლეი-ოფში სწორედ EU და ილიაუნი2 დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე წყვილი კი არმია და ბათუმის აკადემია არიან. ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები 12 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გაიმართება და ორ მოგებამდე გასტანს.



Sbm.ge ფოტოები