
ლაშა შავდათუაშვილი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, რამდენიმე წუთის წინ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ლაშა, წითელ არშიიანი კიმანოთი იასპარეზებს. თუმცა, თუკი ქართველმა აგვისტოში მეორე ოლიმპიადა მოიგო, მაშინ მის სამოსზე, წითელს ოქროსფერი ჩაანაცვლებს.
დღეს კი, ბუდაპეშტში მიმდინარე მოსფლიო ჩემპიონატზე 73კგ-მდე წონით კატეგორიაში, შავდათუაშვილმა, ფინალში, შვედი ტომი მაციასი, დამატებით დროში, გაფრთხილებებით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
დღესვე, მსოფლიო ჩემპიონატზე, კიდევ ორმა ქართველმა -73კგ-ში ნუგზარ ტატალაშვილმა და -57კგ-ში ეთერ ლიპარტელიანმა იასპარეზეს, თუმცა, ტატალაშვილი გათამაშებას მეორე ეტაპიდან გამოეთიშა. რაც შეეხება ლიპარტელიანს, ეთო, ¼ ფინალში გადასასვლელი დაპირისპირების დროს, რამდენიმე წამით, გამოეთიშა ბრძოლას. მისი უყურადღებობით კი, კარგად ისარგებლა იაპონელმა მომო ტამაოკიმ და ქართველი სპორტსმენი, იპონით დაამარცხა. მოგვიანებით, იაპონელმა ფინალი იჭიდავა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა. ეთოს კი, რევანშის აღება ტამაოკის მშობლიურ ქვეყანაში, ოლიმპიადაზე შეეძლება, თუკი, ისინი წილისყრით გადაიკვეთებიან.
ხვალ კი, ჩემპიონატის მეოთხე საასპარეზო დღეს, საქართველოსთვის მედლების მოპოვებას -81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ერთბაშად ორი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00-დან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი, სადაც იმედი გვაქვს, რომ ორივე ქართველი იასპარეზებს, 19:00-დან არის დაგეგმილი.



ფოტოები ძიუდოს ქართულმა ხმამ, გიორგი ჭანიშვილმა, საასპარეზო დღის დასრულების შემდეგ გადაიღო
#ძიუდო #შავდათუაშვილი #ჩემპიონი





ჩვენ








