რეაბილიტაცია „ქუთაისთან“ მარცხის შემდეგ
რეაბილიტაცია „ქუთაისთან“ მარცხის შემდეგ
20.12.2017
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს, სუპერლიგის 3 მატჩი გაიმართა. ბევრი ელოდა, რომ ყველაზე საინტერესო დაპირისპირება, ტრადიციულ მეტოქეებს, „დინამოსა" და „რუსთავს" შორის იქნებოდა, თუმცა, არანაკლებ საინტერესო გამოდგა შეხვედრა ამ მატჩამდეც.

„მარნეული-დელტასა" და „სოხუმის" დაპირისპირებაში, ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ გახდებოდა ამ მატჩის გამარჯვებული. შეხვედრის სტარტზე, რთულად, მაგრამ უპირატესობა „სოხუმმა" მოიპოვა და ამის შემდეგ, დიდხანს ანგარიშშიც მიჰყავდა. შესაბამისად, პირველი მეოთხედი სოხუმელებმა 16-21 მოიგეს, ტაიმი კი 32-37 დასრულდა მათ სასარგებლოდ. მომდევნო, მესამე მეოთხედი კვლავ „სოხუმმა" მოიგო 23-26 და შესაბამისად, 8 ქულით დაწინაურდა, თუმცა, ამ მეოთხედში, „მარნეული-დელტამ" ნელ-ნელა გონზე მოსვლა დაიწყო და მიხეილ კობეშავიძეს, სანერვიულო და საფიქრალი მოემატა.

„ერთი ტრავმირებული მოთამაშე უკვე დაგვიბრუნდა, გუნდს შეემატა ახალი ამერიკელი წევრიც ცენტრის პოზიციაზე. თანდათან, ფორმაში შევდივართ და შედეგიც სახეზეა. იმედია, დანარჩენი ტრავმირებული მოთამაშეებიც მალე დაგვიბრუნდებიან"- ამბობს თემურ კანკია, მარნეულის "დელტას" მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდმაც დღეს, სუპერლიგის გათამაშებაში მეორე მოგება ჩაიწერა.

ბოლო, მეოთხე პერიოდის წინ, ანგარიში 55-63 იყო. „სოხუმი" 8-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებდა. თუმცა, გადამწყვეტ მეოთხედში, განსაკუთრებით, ბოლო ხუთწუთნახევარში, მარნეულელებმა ძალების სრული მობილიზება მოახერხეს. მატჩის დამთავრებამდე, 5 წუთით ადრე, ანგარიშის სხვაობა 5 ქულა იყო. სოხულემები კი დაცვაში შეცდომას, შეცდომაზე უშვებდნენ და არც შეტევის დროს იყვნენ ზუსტები. შედეგად, მატჩის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როდესაც „მარნეული-დელტამ" ჯერ გაათანაბრა ანგარიში და შემდეგ, 2 ქულით წინ გავიდა. დარჩენილ წამებში, მოვლენები დრამატულად განვითარდა. ამ მომენტისთვის ანგარიში 81-78 იყო. „სოხუმს" ზუსტი 3 ქულიანის შემთხვევაში, მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო. თუმცა, კვან უოლერმა ეს შანსი ვერ გამოიყენა, შედეგად კი „სოხუმმა" პრინციპულ და უშუალო მეტოქესთან, „მარნეული-დელტასთან" მატჩი წააგო 81-78.

მარნეულელთა შორის საუკეთესო ზვიად ანთაძე იყო - 16 ქულითა და 7 მოხსნით.  16 ქულა დააგროვა დეანდრე რეიმაც, ხოლო ნიკ ნილის ანგარიშზე კი, 3 ქულა და 5 პასია. სოხუმელთა შორის საუკეთესო იყო კვან უოლერი, მის ანგარიშზე 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი ჩაიწერა. 17 ქულა იყო მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე.

***

თბილისის „დინამომ", ქუთაისში განცდილი მარცხის შემდეგ, „რუსთავთან" რეაბილიტაცია მოახდინა. თუმცა, „დინამოსა" და რუსთავის" შეხვდრის პირველი ტაიმის შემდეგ, ბევრს ეგონა, რომ მატჩის ბედი, ბოლო წამებში გადწყდებოდა.

„დინამომ", შეხვედრის პირველი მეოთხედი და შემდეგ, უკვე პირველი ტაიმი 5-ქულიანი სხვაობით მოიგო. პირველი მეოთხედი 23-18 დასრულდა. მატჩში ანგარიში „ქუთაისთან" თამაშის საუკეთესო მოთამაშემ, დინამოელთა კაპიტანმა, ლონდარიძემ გახსნა. დინამოელებმა ლიდერობაც იგდეს ხელთ, თუმცა რუსთაველი ლევან ცეკვავა და ტაირელ ნელსონი მათ 6-8 ქულაზე მეტით წინ გასვლის საშუალებას არ ძლევდნენ. მეორე მეოთხედი ფრედ 18-18 დასრულდა. თუმცა, პირველი მეოთხედის შემდეგ მიღწეული 5-ქულიანი სხვაობა ტაიმის ბოლოს, დინამოელთა სასარგებლოდ, მაინც შენარჩუნდა 41-36.

„დაცვაში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, განსაკუთრებით თამაშის მეორე ნახევარში და ეს, შედეგზეც აისახა. ჩვენი გუნდის დამარცხება ძირითადად, ამ ფაქტორმა განაპირობა", - ამბობს რამაზ გოგობერიშვილი, "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი.

რუსთაველებს, ძალები, მხოლოდ მესამე მეოთხედის მე-5 წუთამდე ეყოთ. ამ მომენტში, ადამ ბლეიზეკის ზუსტად ნასროლი საჯარომოების შემდეგ, რუსთაველები ანგარიშში წინ გასვლასაც ახერხებენ 47-48. თუმცა, წუთნახევრიან შუალედში ლაველ ბოდი, შემდეგ გიორგი შარაბიძე და კვლავ ბოიდი, ზუსტი თამაშით სტატუს-კვოს აღდგენას ახერხებენ 53-48. სწორედ ამ მომენტიდან, „დინამომ" ქულათა დაგროვება დაწიყო. მესამე მეოთხედი თბილისელებმა 8 ქულით მოიგეს 22-14, მატჩის საერთო ანგარიში კი ამ დროისთვის 63-50 იყო.

„ერთის შეხედვით ჩანს, რომ ადვილი თამაში, მოვიგეთ, მაგრამ ასე არაა. „რუსთავი" საკმაოდ კარგი გუნდია, ისევე, როგორც სუპერლიგის რამდენიმე სხვა გუნდი და დღეს, მათი დამარცხება არ იყო ადვილი. ჩემი აზრით, მეოთხე მეოთხედში, კარგი დაცვის ხარჯზე შევძელით გამარჯვება. ის, რომ მხოლოდ 57 ქულა გავუშვით, ჩემი აზრით არაა ცუდი", - ამბობს მიხეილ ბერიშვილი, რომელიც დინამოელთა შორისაც და ორივე გუნდში დღეს, ყველაზე შედეგიანი იყო.  მის ანგარიშზე 20 ქულა  (აქედან ოთხი 3-ქულიანი) და 10 მოხსნაა.


დინამოელებმა დასკვნითი მეოთხედი, 16 ქულით, 23:7 მოიგეს. საბოლოო ანგარიშში, კი 29  ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს, 86-57. მატჩის საუკეთესო მოთამაშის მიხეილ ბერიშვილის შემდეგ, „დინამოს" რიგებში ყველაზე 17 ქულა დააგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო 16 - ლაველ ბოიდმა, 11 კი კაელ ტურპინმა. რუსთაველთაგან 16 ქულით ტაირელ ნელსონი გამოირჩა. 10 ქულა ლევან ცეკვავას ანგარიშზე დაგროვდა.

„რთული თამაში გამოვიდა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ, მესამე მეოთხედში მოვახერხეთ კომფორტული ათქულიანი უპირატესობის მოპოვება. რთული იყო იმიტომაც, რომ „დინამოში", ევროტურნირების შემდეგ, სულ 10-ნი ვართ დარჩენილები და ამას გარდა, „რუსთავთან" თამაშის შემდეგ, ტრავმირებულია ორი მოთამაშე: ლევან გრძელიძე და ნოდარ გოგოძე, რომელთა ტრავმის სიმძიმე მოგვიანებით გაირკვევა. 2017 წელს, დარჩენილი გვაქვს, ორი თამაში "კაკტუსთან" და "სოხუმთან". ჩვენი მიზანია, ამ მატჩებამდე, მოთამაშეებმა მოასწრონ აღდგენა და მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მომდევნო თამაშსს, საკმაოდ ძლიერ გუნდთან „კაკტუსთან",-  ამბობს ირაკლი ხოშტარია, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.  

მატჩის მიმდინარეობისას ჯერ ნოდარ გოგოძე დაშავდა, მოგვიანებით კი ლევან გრძელიძემ მიიღო ტრავმა. „დინამოს" ექიმთა პირველადი ინფორმაციით, გრძელიძეს ზურგის ტრავმა აქვს და მას, მინიმუმ ერთი კვირა მოუწევს დასვენება. შესაბამისად, 2017 წელს დარჩენილ 2 თამაშში, ის მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. რაც შეეხება გოგოძეს, მას მარცხენა ფეხის დაჟეჟილობა აქვს. მოახერხებს თუ არა დინამოელთა 21-ე ნომერი „კაკტუსის" წინააღმდეგ თამაშს, ეს, 2 დღეში გაირკვევა საბოლოოდ. „დინამოსა" და „კაკტუსის" დაპირისპირება 23 დეკემბერს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში 13:40 წუთზე დაიწყება.

***

როგორც მოსალოდნელი იყო, დღევანდელი, რიგით მესამე შეხვედრა „ოლიმპსა" და „მგზავრებს" შორის, „ოლიმპის" უპირატესობით წარიმართა. პირველი პერიოდი „ოლიმპმა" 26-12 მოიგო, ტაიმის ბოლოს კი 26-ქულიანი სხვაობით იყო წინ. ამ მატჩში სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „ოლიმპმა" 26-ქულიან უპირატესობას მესამე მეოთხედში კიდევ 15 ქულა დაუმატა. მეოთხე მეოთხედის დაწყებისთვის სხვაობა 41 ქულა იყო, ამიტომ „ოლიმპის" მწვრთნელებმა, გუნდს, უბრალოდ თამაშის ბოლომდე „მიყვანა" დაავალეს. შედეგად, ბოლო მონაკვეთი „მგზავრებმა" კი მოიგეს 8-28, თუმცა მატჩის გადასარჩენად ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. „ოლიმპმა" 21-ქულიანი სხვაობით, 90-69, „მგზავრები" დაამრაცხა და სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, „რუსთავს" გაუთანაბრდა.

გამარჯვებულთაგან შეუჩერებელი იყო მარკ ოგდენი, რომელმაც 28 ქულადა 10 მოხსნა მოაგროვა. 19 ქულაა რევაზ როგავას ანგარიშზე, ხოლო გივი ბაქრაძემ ორმაგ დუბლი შეასრულა - 11 ქულა, 10 პასი. „მგზავრებში", 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ადრიან ბოუიმ დაძლია, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 23 დეკემბერს გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თამაშები 13:40-დან დაიწყება.

13:40  "კაკტუსი" - "დინამო";

16:00  "სოხუმი" - "ბათუმი";

18:00  "მგზავრები" - "მარნეული".