
ხვალ, 23 დეკემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს ამ ტურნირის მომსახურე 9 მსაჯიდან, 3 არ მოემსახურება. სავარაუდოდ, 12 საათიდან, მათ ბრალს წაუყენებენ. სუპერლიგის თამაშები კი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13:40 დაიწყება. ერთმანეთს, ორი თბილისური კლუბი, „კაკტუსი" და „დინამო" დაუპირისპირდება.
სწორედ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო" მოხვდა იმ გუნდებს შორის, რომლებმაც 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გამოძიების მიერ დასახელებული სამი საეჭვო მატჩიდან, ერთ-ერთში ითამაშა. 15 დეკემბერს, ქუთაისში, „დინამოს" თამაშის დასრულების შემდეგ, თბილისური გუნდი, მსაჯების იმ შეცდომებზე საუბრობდა, რომლებმაც, საბოლოოდ, მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. ის, რომ ქუთაისში, ნებისმიერ სახეობაში, უჭირს სტუმარ გუნდსაც და მსაჯებსაც სიახლე არაა. ამიტომ, შესაძლოა, მსაჯების შეცდომები, ადამიანური ფაქტორიდანაც გამომდინარეობდეს ხოლმე. „დინამომ" კი, 15 დეკემბერს, დრამატულ დაპირისპირებაში, ქუთაისში, 1 ქულით წააგო.
ზაზა მაჩალაძე, ირაკლი და დავით ბერიშვილები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი"-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი - ეს ის 5 პიროვნებაა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს.
„ბერიშვილები ბრალს აღიარებენ. მათი პოზიციაა ის, რომ ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ისინი აცხადებენ, რომ მათ აიღეს გარკვეული თანხა და დანაშაულს აღიარებენ, თუმცა რომელ თამაშებზეა საუბარი ვერ გეტყვით, ამას გამოძიება დაადგენს", - ამბობს ბერიშვილების ადვოკატი იასონ ბესელია.
ვისთან ერთად მოქმედებდნენ ირაკლი და დავით ბერიშვილები, ფიბას არბიტრების ადვოკატმა ვერ დააკონკრეტა. თუმცა, ადვოკატი თვლის, რომ ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. თუ კონკრეტულად, ვისთან ერთად, რა სქემით და ვინ იყო ჩართული ე.წ. გარიგებულ თამაშებში, ამ სქემას გამოძიება დაადგენს.
„სოხუმი" - „ოლიმპი" (მატჩი დასრულდა 50-87), „ქუთისი" - „დინამო (80-79), „რუსთავი" -„ბათუმი" (87-71) - ეს, სწორედ ის თამაშებია, რომლებიც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა და რის საფუძველზეც, ქართული საკალათბურთო სფეროს 5 წარმომადგენლი დააკავეს.
ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 10 დღეში, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გარიგებული თამაშების სკანდალში ეხვევა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯები, საერთო ჯამში, 5 დაკავებული პირის შესახებ, გავცრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი პირველ განცხადებას, დაკავებიდან, რამდენიმე საათში ავრცელებს: „მე არ მინდა დავარღვიო ის, რასაც ჰქვია უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, თუკი ეს დადასტურდება, მოკვეთილი იქნება კალათბურთიდან და საერთოდ, სპორტის სამყაროდან, უნდა იყოს მოკვეთილი ასეთი ადამიანი", - ამბობს პაატა გურასპაული.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ირაკლი და დავით ბერიშვილების, ასევე ზაზა მაჩალაძის დახმარებით, თანხის სანაცვლოდ, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩებში, სასურველი შედეგის დაფიქსირებას უწყობდნენ ხელს. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ" მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში, მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი. 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სამი შეხვედრა გაიმართა, რომლებიც წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით დასრულდა. შემდეგად, თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს დაეუფლნენ. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი. დაისაჯოს, ყველა ის პირი, რომელსაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს. ფედერაციის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს" - ამბობს პაატა გურასპაული.
საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილი, ბრალს არ აღიარებს, განმარტავს - ის, რომ ბრალდებას კომერციულ მოსყიდვას ედავება სუფთა წყლის პროვოკაციაა. პროვოკაციაზე საუბრობს, „სოხუმის" მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელიაც. სოხუმელების ადვოკატს, თამარ აბესაძეს, ამ ეტაპზზე უჭირს იმის თქმა, თუ კონკრეტულად ვისი მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე შეიძლება საუბრობდნენ დათიკაშვილი და კვარაცხელია. ადვოკატს საქმის მასალებს, ხვალ 12 საათისთვის წარუდგენენ.
„დათიკაშილი, გულისტკივილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა სპორტს, კონკრეტულად კალათბურთს. ახლა კი, ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირისთვის ჯერ ბრალი არ არის წაყენებული. როგორც გამომძიებელმა მაცნობა, ხვალ იქნება ბრალის წარდგენა. სავარაუდოდ, პროექტი არის ასეთი, რომ სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით აპირებენ ბრალის წაყენებას, თუმცა, როგორც ჩემი დაცის ქვეშ მყოფებთან გავარკვიე, ეს არის დანაშაულის პროვოცირება, შესაბამისად, დაცვის მხარეს ამის თაობაზე ჩვენი სამოქმედო გეგმა გვაქვს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. თუმცა, როგორც გავიგე სხვა ბრალდებულები ბრალს აღიარებენ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მათ ჩვენება არ აქვთ მიცემული და საიდან გამოვიდა ასეთი ინფორმაცია არ ვიცით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირი მკაფიოდ ლაპარაკობს იმას, რომ ყოველივე არის დანაშაულის პროვოკაცია. პროვოცირებულია აღნიშნული ქმედებები, რაც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელებული. კვარაცხელიაც პროვოკაციაზე მიუთითებს. საგამოძიებო მოქმედებები, რაც ტარდებოდა მათ მიმართ, უამრავი ზარია განხორციელებული, რომელსაც ალბათ ბრალდების მხარე მოიპოვებს, მაგრამ დაცვის მხარესაც არ გვძინავს და ამას წარმოვადგენთ სასამართლოზე",- ამბობს თამარ აბესაძე.
შეგახსნებთ, რომ ხვალ, 23 დეკემბერს, დაახლოებით 12 საათისთვის ე.წ. „გარიგებულ თამაშებში" დაკავებულ, 5 ეჭვმიტანილ პიროვნებას ბრალს წაუყენებენ. თავის მხრივ, კი კალათბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან და მზად არიან სამართალდამცავ ორგანოებთან სათანამშრომლოდ.





ჩვენ








