IJF-მა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
IJF-მა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
14.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუდაპეშტში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ქართველთაგან, აღნიშნულ რეიტინგში, კონკრეტულ წონაში პირველი ადგილი შეინარჩუნა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა. მიუხედავად იმისა, რომ ვარლამმა, მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, ის,    -100 კგ წონით კატეგორიაში, 7926 ქულით კვლავ ლიდერია. ამავე წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტი, ილია სულამანიძე 11 პოზიციით დაწინაურდა და ახლა, მე-20 პოზიციაზეა. ახალგაზრდა ქართველს 3026 სარეიტინგო ქულა აქვს.


კიდევ, ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა, -81კგ წონი კატეგორიაში,   ერთი პოზიციით დაწინაურება მოახერხა და ახლა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 6621 სარეიტინგო ქულით, მე-3 ადგილზეა.


ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ბუდაპეშტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების შემდეგ,  9 საფეხურით დაწინაურდა და 5825 სარეიტინგო ქულით, -73კგ წონით კატეგორიაში 12-დან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.


რა ხდება დანარჩენ წონით კატეგორიებში? -60კგ წონით კატეგორიაში გამომდინარე იქიდან, რომ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე არ გვყავდა, ლუხუმ ჩხვიმიანმა არსებული სარეიტინგო ქულები, 4792 შეინარჩუნა, თუმცა, ორი საფეხურით ჩამოქვეითდა.


ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა, -66კგ-ში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების წევრი ვაჟა მარგველაშვილი და ახლა, 5885 ქულით, მსოფლიოს მეოთხე ძიუდოისტია.


სამწუხაროდ, -90კგ წონით კატეგორიაში ქართველები, რეიტინგში ჩამოქვეითდნენ. ლაშა ბექაურმა, მე-3-დან, მე-4  ადგილზე ჩაინაცვლა. ლაშას სარეიტინგო ქულები ამ მომენტისთვის,  5782-ს შეადგენს. ერთი საფეხურით დაქვეითდა, ბექა ღვინიაშვილიც და ახლა, 5141 ქულით მერვე საფეხურზეა. აქვე ვიტყვით, რომ აღნიშნულ წონით კატეგორიაში 9611 ქულით, ესპანეთის სახელით მოასპარეზე, ნიკოლოზ შერაზადიშვილი ლიდერობს.


არ გვაქვს წინსვლა არც მძიმეწონოსანთა კატეგორიაში.  +100კგ-ში, ერთი პოზიცია დათმო გელა ზაალიშვილმა, რომელიც 5063 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მე-10 ადგილზე გადავიდა. რაც შეეხება, გურამ თუშიშვილს, რომელმაც აღნიშნული ჩემპიონატი გამოტოვა, 6163 სარეიტინგო ქულით, ერთი ადგილით დაქვეითდა და ახლა მე-6 პოზიციაზეა.


საქართველოს მამაკაცი ძიუდოისტების რეიტინგი

საქართველოს ქალი ძიუდოისტების რეიტინგი