ეროვნულ ლიგაში კვლავ ორხელისუფლიანობაა
ეროვნულ ლიგაში კვლავ ორხელისუფლიანობაა
14.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ეროვნული საფეხბურთო ლიგის შემდეგ ერთ-ტურიანი გაქცევა ვერ შეინარჩუნა ბათუმის „დინამომ", რომელმაც წყალტუბოში, „სამგურალთან"  ფრედ, 0-0 ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარულ გუნდს, მიმდინარე სეზონში, რამდენიმე წამყვან ფეხბურთელად მიჩნეული მოთამაშე აკლდა, მინდორზე მყოფმა, დანარჩენმა დინამოელებმა სოსო ფრუიძის შეგირდებთან ვერაფერი განაწყვეს. მით უმეტეს, რომ მსაჯის მიერ 7 წუთი იყო, შეხვედრის ძირითად 90 წუთს დამატებული. ქვეყნის მასშტაბით გათიშული ელექტორენერგიის გამო კი, ამ მატჩის ლაივ-რეჟიმში ყურება ვერ მოხერხდა.


***


ფრედ 0-0 ითამაშა, იმავე დღეს, მეორე აჭარულმა კლუბმა, „შუქურამ", საშინაო თამაში „საბურთალოსთან". განსხვავებით წინა ტურის შეხვედრიდან, რომელშიც, „შუქურას" სასარგებლოდ, „დინამო თბილისის" კარში გამოგონილი 11-მეტრიანი (და ეს სოცქსელში გავრცელებულ კადრებშიც ნათლად ჩანს) დადეს, ამჯერად, მასპინძელთა სასარგებლოდ, „საბურთალოს" მიერ გატანილი ორი გოლი არ ჩათვალეს.


"მსაჯების შეცდომებზე მეღიმება უკვე, ეს დიდი ხნის პრობლემაა. ადამიანები ვართ, ყველა უშვებს შეცდომას, მაგრამ ის მიკვირს, რომ ხშირად "საბურთალოს" თამაშებზე რატომ ხდება მსგავსი რამ. მაგრამ არაუშავს... რაც შეეხება მატჩს -  მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში ორჯერ გავიტანეთ გოლი და არ ჩაგვითვალეს, არ მომეწონა საწყის 45 წუთში ჩემი ფეხბურთელების თამაში. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის არ იყო საკმარისი", - ასე გამოეხმაურა კლუბის ოფიციალურ გვერდზე შეხვედრას, ხვიჩა შუბითიძე, „საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი.


სხვათა შორის, სწორედ გოგა კიკაჩეიშვილი იყო, საბურთალოელთა მატჩის, თბილისური დერბის არბიტრი, რომლის შემდეგაც „საბურთალომ" მთელი რიგი პრეტენზიების კასკადი ააგო, ვითომ და მიკერძოებულ მსაჯობაზე. თუმცა, ფაქტია, რომ კონკრეტულად, კიკაჩეიშვილის ნამსაჯი მოგებული მატჩების შემდეგ, ასეთები კი წელსაც იყო, გუნდს, პრეტენზია არ უჩნდება. აღსანიშნავია, რომ „შუქურამ" ზესტაფონის დავით აბაშიძის სტადიონის ნაცვლად, სახლთან ახლოს, ფოთში გამართა.


***


ფრედ, 1-1 დასრულდა დაპირისპირება გორში, „დილასა" და „თელავს" შორის შეხვედრაში, რომელი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, ანგარიში სტუმრებმა, მე-17 წუთზე გახსნეს. გოლი შოთა შეყილაძემ გაიტანა. 41-ე წუთზე კი, წონასწორობა თორნიკე კაპანაძემ აღადგინა, შეხვედრის სცენარი არ შეცვლილა მეორე ტაიმშიც. მომენტები ჰქონდა ორივე გუნდს, თუმცა, მატჩის ამ ნაწილში, მხოლოდ ორივე გუნდიდან, გაძევებული ფეხბურთელები დაგვამახსოვრდა. ასე, რომ თენგიზ ბურჯანაძეზე, მე-17 ტურში, ამ კუთხითაც ყაიმით დასრულდა. სამეულში მოსახვედრად მებრძოლმა „დილამ" საჭირო ქულები დაკარგა, „თელავმა" კი, რომელიც სატურნირო ცხრილის ბოლოა ადგილზეა, მნიშვნელოვანი ქულის აღება მოახერხა.


***


ზედიზედ, მე-5 მატჩი მოიგო თბილისის „ლოკომოტივმა", რომელმაც საგურამოს ბაზაზე ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა. მშრალად დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 46-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძის გოლით გაიხსნა ანგარიში. 69-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძე, საგოლე გადაცემის შემდეგ, თავადაც გაიტანა გოლი. მატჩის მიწურულს კი, მამია გავაშელიშვილმა მოახერხა ქუთაისელთა კარის მესამედ აღება. თუმცა, მანამდე იმერლებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. „ლოკომ" 3-1 მოიგო, 30 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურზე გაიმყარა ადგილი და ორ ლიდერ დინამოს,  რომელთაგანაც ერთს, მომდევნო ტურში, თბილისურ დერბიში, „დინამო არენაზე" შეხვდება, ახლა 5 ქულით ჩამორჩება.


***


„დინამო თბილისმა" კი, სამტრედიაში სრული სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ორი გოლი გატანა მოახერხა „სამტრედიის" კარში.  ანგარიში სერბულმა ტანდემმა გახსნა, გათამაშების ბომბარდირის ზორან მარუშიჩის გადაცემით, გოლი, 24-ე წუთზე მილან რადინმა გაიტანა. მატჩის მიწურულს, იმავე მარუშიჩის გადაცემით, რომელმაც, სხვათა შორის მინიმუმ 2 საგოლე მომენტი გაანიავა, სამტრედიელთა კარი, ამჯერად, შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე ახვლედიანმა აიღო. „დინამო თბილისმა" 0-2 მოიგო და სატურნირო ცხრილში, ერთ-ტურიანი გარღვევა აღმოფხვრა, თუმცა, გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩების გამართვა მოუწევს და ცდილობს კახა ცხადაძის „გემოვნებას" მოერგოს, კიდევ ბევრი აქვს დასახვეწი.


გათამაშების კალენდარი და ცხრილი